დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ თამაშობს „აგენტობანას“?
2011/06/27 12:04:09

ქიშვარდი კალანდაძის ხარჯზე დაზოგილი ბიუჯეტი

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველთა რიგს მიეკუთვნება. არსებობს რეალურად ღარიბ და „შედარებით ღარიბ“ ადამიანთა კატეგორიები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარების სახით ყოველთვიურად 30 ლარს იღებენ სამედიცინო დაზღვევის პაკეტთან ერთად.

თუმცა, როგორ იღებენ, რა წვალების ფასად, ეს ცალკე მსჯელობის თემაა. სადაზღვევო კომპანიები ხომ ნერვულ დაავადებას გაგიჩენენ, ვიდრე კუთვნილ თანხას გამოგიყოფენ ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად.

მეორე და ყველაზე მძიმე საკითხია სოციალური აგენტის ლოდინი, რომელმაც დასახმარებელ პირთა კუთვნილი ქონება უნდა აღწეროს და ამის საფუძველზე მათ საკონკურსო ქულა მიანიჭოს. გაგიმართლებთ, თუ ისეთი აგენტი შეგხვდებათ, რომელსაც ფერადი ტელევიზორი და მაცივარი  ფუფუნების საგნებად არ მიაჩნია, თორემ ცუდადაა თქვენი საქმე, უნდა დაემშვიდობოთ 30 ლარსაც და სხვა, თანმდევ „სიკეთეებს.“ მაგრამ, მთავარია, აგენტი თქვენამდე მოვიდეს, თან რა ცუდია, როცა არ იცით, რა დროს მოვა, ფანჯრიდან შემოვა, თუ კარიდან...

ჩემი რესპონდენტის, ქიშვარდი კალანდაძის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა, მას აგენტი თვალით არ უნახავს, უკვე მეხუთე წელია. როცა 2006 წელს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდა, თამარ მეფის ქუჩის №107-ში ცხოვრობდა, ნაქირავებ ბინაში. შემდეგ თანხის გადახდა ვეღარ შეძლოდა ეს დროებითი საცხოვრებელი დატოვა. ბატონი ქიშვარდი მარტოხელაა, ოთხჯერ ნაოპერაციებსა და უბინაოს, ახლა რესტორან „ლეჩხუმის“ მეპატრონის მიერ ნაწყალობევ ერთ პატარა, ბნელ, ყოვლად მოუწყობელ ოთახში უწევს ცხოვრება, რომელიც აღმაშენებლის №1-ში მდებარეობს.

ახლა სოციალური მომსახურების სააგენტომ მისი მონაცემების შემოწმება გადაწყვიტა და ძებნა ძველ მისამართზე, თამარ მეფის №107-ში დაუწყო, სადაც უკვე ოთხი წელია აღარ ცხოვრობს. იქ მისულ აგენტს მეზობლებმა აუხსნეს შექმნილი ვითარება და ახალი საცხოვრებელიც მიასწავლეს. ამის შემდეგ ბატონი ქიშვარდი სააგენტოში დაიბარეს და 18 მაისს განცხადება დააწერინეს, სადაც ახალი მისამართი მიუთითა.

თუმცა, მაისის თვის თანხა აღარ აუღია, მასთან ერთად ვერ მიიღებს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიიდან და მადლიერების სახლის უფასო სადილს.

„ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და კახა ქორიძესთან დავდიოდი დახმარების სათხოვნელად, წამლების საყიდლად ვაუჩერს მაძლევდა და არ მინდოდა, ესეც დამკარგვოდა. დაახლოებით 6-8 ივნისს მოსულა აგენტი, მე რომ არ ვიყავი ჩემს ოთახში, მაგრამ მეზობლებს დაუფიქსირებიათ, რომ ნამდვილად აქ ვცხოვრობდი, თვითონაც უნახავს ჩემი საცხოვრებელი ოთახი. მაგრამ, რადგან ჩემი ხელმოწერა არ დაფიქსირდა, მაინც ეჭვი დარჩა, ნამდვილად ვცხოვრობდი თუ არა აღნიშნულ ადგილას. რა უნდა მექნა? ისეთი ოთახია, იქ ღამე დაძინება მიჭირს და მთელი დღე რა გამაჩერებს აგენტის მოლოდინში? ხან აფთიაქში გავდივარ, ხან მეზობელთან და გამომეპარა მისი მოსვლის დრო. ბოლოს და ბოლოს, პატიმარი ხომ არ ვარ? მათაც კი აქვთ გარეთ გასვლის უფლება ციხეში. მეგონა, 18 მაისს რომ დავწერე განცხადება, უფრო ადრიანად მოვიდოდა, რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ მან 2-3 კვირა რომ დააგვიანა, ვიფიქრე, აღარც მოდის-მეთქი და შევეშვი მის ლოდინს,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქიშვარდი კალანდაძემ.

სოციალური აგენტის განრიგის დასადგენად და საკითხში გასარკვევად მათ რეგიონალურ წარმომადგენლობას მივმართეთ.

„ახლა ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამ საკითხზე, ჩვეულებრივად დავათვალიერებთ საცხოვრებელს, შეივსება ოჯახის დეკლარაცია და სარეიტინგო ქულის მინიჭების შემთხვევაში მიეცემა დახმარება. აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებლის დათვალიერება მიმდინარეობს, მოქალაქეს დახმარება შეუწყდა თამარ მეფის ქუჩაზე მითითებულ საცხოვრებელზე არყოფნის გამო. ახლად დაფიქსირებულ მისამართზე უკვე ერთჯერ იყო აგენტი მისული და ეს პიროვნება ადგილზე არ დახვედრია, კიდევ ორჯერ მივა მინიმუმ და მთელი პროცედურის გავლას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება,“ - აღნიშნა ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო ჭიღლაძემ.

ქალბატონმა ნინომ ისიც გვითხრა, რომ ძველ მისამართზე (თამარ მეფის ?107-ში) მათი წარმომადგენელი მაისის თვეში რამდენჯერმე იყო მისული. არადა, ბატონმა ქიშვარდიმ 18 მაისს მიუთითა თავისი ახალი საცხოვრებლის მისამართი, აგენტის ძველ მისამართზე პირველად მისვლის შემდეგ. საინტერესოა, გეგმითაა გათვალისწინებული არარსებულ საცხოვრებელ ადგილზე შემოწმების მიზნით რამდენჯერმე მისვლა (როცა იცი, რომ მოქალაქე სხვა ადგილზე ცხოვრობს), თუ „აგენტობანას“ თამაში მოსწონთ?

საქმე ისაა, რომ თამაში ხანდახან საფრთხის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს და კაბინეტებიდან დანახული რეალობის გამო კონკრეტული ადამიანები საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩნენ, როგორც ეს ქიშვარდი კალანდაძის შემთხვევაში მოხდა. მას არც მაისის შემწეობა აუღია, თავისთავად, ივნისი საქმის გარკვევას დასჭირდა, ივლისი კი მორიგ შემოწმებებს დაეთმობა და ამის შემდეგ, შესაძლოა, საკმარისი ქულაც არ მიანიჭოს სოციალურმა აგენტმა.

ასე და ამგვარად, სახელმწიფომ მთელი 90 ლარი „დაზოგა“ ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილი ადამიანის ხარჯზე და ამგვარი მაგალითი, გაუხმაურებლად რომ რჩება, ძალიან ბევრი იქნება კიდევ. სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვაზე სოციალური მუშაკების ნაცვლად მაღალჩინოსნებმა რომ იზრუნონ, გაცილებით მეტ სარგებელს ვნახავდით, ვგონებ...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია