დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ჩანან რკინიგზის მესვეურთა კაბინეტებიდან ნანგრევებში ჩაცუცქული მგზავრები?
2011/05/16 12:45:26

კაპიტალიზმს უნდა დავაბრალოთ ქალაქში საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილების, კერძოდ, საპირფარეშოების ნაკლებობა, თუ სახელმწიფოს დაუდევრობას? ვფიქრობ, გაგიჩნდებათ კითხვა, სად - კაპიტალიზმი და სად - საპირფარეშოო? შევეცდები, მოკლედ და გასაგებად აგიხსნათ პრობლემის არსი.

 

 

ერთი წლის წინ ქუთაისის რკინიგზის პირველი სადგურის განახლებული შენობა გაიხსნა. დღე ერთი იყო და სამჯერ იხსნებოდა, (ეს კიდევ ცალკე თემაა), მაგრამ გახსნაც არის და გახსნაც. არც პრეზიდენტი დაკლებია ამ ამბავს, არც პრემიერი და არც „საქართველოს რკინიგზის“ საპატიო დელეგაციები. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „გამჭვირვალე“ შენობაში საზოგადოებრივი დანიშნულების „საჭირო ოთახი“ არ მოქმედებს, თუმცა, ორივე სართულზე დანიშნულებისამებრ გამოსაყენებელი ფართი არსებობს. მოხერხებულმა მგზავრებმა საპირფარეშოდ იქვე მდებარე ნანგრევები აქციეს, ვინაიდან ახლო-მახლო საზოგადოებრივი დანიშნულების ტუალეტი არ არსებობს  და ხშირად საყვედურებითაც მიმართავენ ვაგზლის ადმინისტარციას, რომელიც თავს იმით იმართლებს, რომ მთელი შენობა მის მფლობელობაში არ არის და თავადაც ქირას იხდიან ფართით სარგებლობისთვის.

ვაგზლის დირექტორმა კარინა ბუიძემ ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა („თბილისის“ ნებართვის გარეშე ჩვენს ქალაქში სუნთქვაც ხომ შეუძლებელია?), მაგრამ პირადი საუბრისას აღნიშნა, რომ შენობის დარჩენილი ნაწილი ქირავდება. სანამ ტენდერში გამარჯვებული ფირმა არ შეირჩევა, რომელიც პასუხისმგებელი გახდება საზოგადოებისთვის ასე რიგად საჭირო ოთახის მოვლა-პატრონობაზე (გარკვეული საფასურის ნაცვლად, მანამ ხალხს ისევ ნანგრევებით სარგებლობა მოუწევს. მისივე თქმით, ვაგზლის დამლაგებელი, რომელსაც 100 ლარი აქვს ხელფასი, საზოგადოებრივ ტუალეტს ვერ დაასუფთავებს. იმ შემთხვევაში კი, თუ სადგურის ადმინისტრაცია საპირფარეშოთი სარგებლობისთვის გარკვეულ თანხას დააწესებს, თავად დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება დღის წესრიგში (ხომ იცით, ყველა საკუთარ ტყავზე ზრუნავს).

საკითხის გასარკვევად დავუკავშირდით „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. გავგზავნე კითხვები ინტერნეტის მეშვეობით 4 მაისს და, ამ დროიდან მოყოლებული, მათ პასუხს 9 დღეა ამაოდ ველოდები. რამდენჯერმე დავურეკე ქალბატონ ირმა სტეფნაძეს, ამავე სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ყოველ ჯერზე პასუხების გამოგზავნას მპირდებოდა. 12 მაისს კი მიპასუხა, რომ სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იმართებოდა და შემდეგ გამომიგზავნიდა საჭირო ინფორმაციას. აქამდე არ ჩანს ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე მსგავსი წერილი და ქალბატონი ირმა უკვე ტელეფონსაც აღარ პასუხობს. არც მიკვირს, ეს ხომ სახელისუფლებო უწყებების მხრიდან საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის ჩვეული ფორმაა.

როგორც სანდო წყაროსგან გავიგე, თბილისში ამ საკითხით ჩვენს დაინტერესებას „ფაცი-ფუცი“ მოჰყოლია. სპეციალური ზარებიც განუხორციელებიათ ქუთაისის მიმართულებით და კომისიაც „უფრენიათო.“

რადგან ოფიციალური წყაროსგან (ანუ „თბილისისგან“) ვერ მივიღე სასურველი ინფორმაცია, ისევ ადგილობრივ ხელმძღვანელს, კარინა ბუიძეს მივმართე. მან ისევ პირად საუბარში განმიცხადა, რომ სამშაბათს (17 მაისს) დანიშნულია ყველა ვაგზლისა თუ რკინიგზის სადგურის დირექტორთა საბჭო სპეციალურად საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემასთან დაკავშირებით.

ერთი კითხვა გამიჩნდა ამ ყველაფრის შემდეგ: ეს ხალხი მართლა ბრმაა, თუ მატარებლით არასდროს უმგზავრიათ და მათი კაბინეტებიდან სამყარო ისეთი სჩანს, როგორიც თავად „აწყობთ?“ როგორი დასაჯერებელია, რომ  ვიდრე ჩვენამდე არ მოაღწია ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციამ, მანამ მათ არაფერი იცოდნენ? მითუმეტეს, ქალბატონმა კარინამ ისიც მითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიუმართავს ხელმძღვანელობისთვის. იმედია, სადგურის მიმდებარედ რომ გავივლი, მატარებლის მომლოდინე მგზავრი ისევ აღარ გამაჩერებს და უხერხული ღიმილით არ მკითხავს: აქ „გასავლელი“ სად არისო?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია