დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარტამდე „შეჩერებული“ ავადმყოფობა
2011/02/07 13:59:27

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები ფინანსურ „ცუღლუტობაში“ შეამჩნიეს. რა დამსჯელი ღონისძიებები გატარდება სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ეს ჯერ არ არის ცნობილი.

 

კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემები კი საგანგაშოა: სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 284 მილიონი ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის მომსახურებაზე აღნიშნული თანხის მხოლოდ 40%-მდე დახარჯეს, რაც მოხმარდა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს. კომპანიების მოგების მარჟამ საქართველოში 60%-ს გადააჭარბა, მაშინ, როდესაც, სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია. კონტროლის პალატა აღნიშნული პრობლემის საფუძვლიან გამოკვლევას უახლოეს მომავალში გეგმავს.

როგორც აღმოჩნდა, სადაზღვევო კომპანიებს, გარდა იმისა, რომ დროის გაჭიანურების გზით ცდილობენ მომხმარებლებს მათ მომსახურებაზე უარი ათქმევინონ და ამის მეშვეობით ფინანსები დაზოგონ, მონაცემთა ბაზაში მიცვალებულებიც „გამოერევათ“ ხოლმე. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების დაზღვევასთან დაკავშირებით.

ქალბატონი ირმა ბ. 2007 წლიდან სარგებლობს სოციალურად დაუცველთა დახმარებითა და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს სამედიცინო პოლისით.

2010 წლის სექტემბერში განახლდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზა. შემოწმდა მანამდე სიაში მყოფთა ცხოვრების დონე და შეიცვალა საკონკურსო ქულების რაოდენობაც.

„ამჟამად გაცილებით დაბალი ქულით შეაფასეს ჩემი ოჯახის სოციალური მდგომარეობა. თუმცა სამედიცინო პოლისით ვერ ვსარგებლობ. ჩემი მეუღლე ავადაა და ექიმთან მისვლის საშუალება არ გვაქვს. მივედი სადაზღვევო კომპანიაში განახლებული პოლისის მისაღებად  და უარით გამომისტუმრეს. 6 თვე ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებას სჭირდებაო. მაინტერესებს: 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე თუ სოციალურად დაუცველი ადამიანი, ავად გახდება, ვისთან მივიდეს? ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ 6 თვე ავად არ გავხდებით? იძულებული ვართ, მარტამდე „შევაჩეროთ“ ავადმყოფობა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს,“ - აღნიშნა ქალბატონმა ირმამ ჩვენთან საუბრისას.

ლოგიკურად გაჩნდა კითხვა: ვინ იპარავს ამ 6 თვეს?

საკითხის გასარკვევად მივმართეთ იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრს. უფროსის მოადგილემ ნინო ჭიღლაძემ განაცხადა, რომ მასთან ამგვარი პრობლემით არავინ მისულა. „სახელმწიფო ამ შემთხვევაში ვერ აკონტროლებს, ვინ სარგებლობს და ვინ ვერა სამედიცინო დაზღვევით. ჩვენი პრივილეგია არ არის ამ მონაცემების აღწერა. დაზღვევა შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე აღარ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ან პოლისს გაუვიდა ვადა და აღარ განახლდა,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ჭიღლაძემ. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი ირმას სამედიცინო დაზღვევა ჩვეულებრივ მოქმედებს 2010 წლის 2 ოქტომბრიდან 2011 წლის 2 ოქტომბრამდე და, წესით, არავითარი შეფერხება არ უნდა ყოფილიყო მომსახურებისას.

„ალდაგი ბი სი აი“-ს ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა ოფიციალური კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გააკეთეს. თავდაპირველად მითხრეს, რომ ქალბატონი ირმას მონაცემების განახლებას მათ ბაზაში 6 თვე დასჭირდება და ამ მიზეზით არ გაიცემა პოლისიო. მაგრამ როცა სოციალური მომსახურების ცენტრიდან წამოღებული ამონაწერი დავიმოწმე, შეცვალეს თავდაპირველი „ჩვენება“ და მითხრეს, მოვიდეს და მოვემსახურებით შეფერხებების გარეშეო.  ეტყობა, თავად ვერ გაიგო სწორად, თორემ ამგვარი პრობლემა არავისთვის შეგვიქმნიაო.

მომდევნო დღეს ქალბატონ ირმას ბავშვის სამედიცინო დაზღვევა მისცეს დიდი „ბრძოლის“ შედეგად, ხოლო მისი და მისი მეუღლის პოლისების მოქმედების დაწყების დრო კვლავ უცნობია. ირმა ბ.: „როცა ვკითხე, მე როდის შემეძლება თქვენი მომსახურებით სარგებლობა-მეთქი, იმ ბიჭმა ისეთი სახით შემომხედა, სიტყვას როგორ ამოვიღებდი.“

„ალდაგი ბი სი აი“-ში დაზღვეულთა მხოლოდ 16.53%-მა ისარგებლა 2008-2010 წლებში მათი მომსახურებით. ამის საფუძველზე კი კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ 65.48%-იანი მოგება მიიღო. ამ მხრივ ლიდერობს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი,“ რომელმაც ორი წლის განმავლობაში 77.32%-იანი მოგება ნახა.

როგორც აღმოჩნდა, იმ მოქალაქეებს, ვინც იცის კანონი და თავისი უფლებები, შეუძლიათ ისარგებლონ პოლისით, ვინც ნაკლებად ერკვევა სადაზღვევო კომპანიების მომსახურების ლაბირინთებში, ქალბატონი ირმასი არ იყოს, ავადმყოფობა მარტამდე უნდა „შეაჩერონ“. სოციალურად დაუცველთა ხარჯზე კი ამ კომპანიების ხელმძღვანელები კიდევ უფრო მეტს მოიხვეჭენ. თუმცა არმად ნაშოვნი, არმად წახდებაო. „კუდმა“ და „სოდმა“ არმად წახდომის იმდენი მაგალითი აჩვენეს ჩვენს საზოგადოებას, რომ, მგონი, დაფიქრებაც ღირს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია