დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი - „ვიდეოკონტროლირებადი“ ქალაქი
2010/11/22 14:07:14

„ბიუჯეტი ხალხთან ერთად“ - ადგილობრივი ხელისუფლების ამ ცნობილი ინიციატივის თანახმად, ქალაქის 2010 წლის ბიუჯეტი სწორედ ხალხის მიერ დასახელებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად უნდა დახარჯულიყო. იყო თუ არა ვიდეოკონტროლის სისტემის მოწყობისთვის 300 ათასი ლარი და ამავე ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისთვის: 332,1, სოციალური დაცვისთვის კი - 793,6 ლარის გამოყოფა ხალხის მოთხოვნა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტები ჯიუტია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და თავშეყრის ადგილების უკეთ გასაკონტროლებლად მომავალი წლიდან საგზაო კონტროლს ბაღებსა და სკვერებში დამონტაჟებული ვიდეოთვალიც შეემატება.

ამჟამად ქალაქში სულ 30-მდე ვიდეოთვალია, რომლებიც, მათი მდებარეობის მიხედვით, შესაბამისი პოლიციის რაიონული განყოფილების მიერ იმართება. კონკრეტულ დარღვევაზე კი ადმინისტრაციულ ჯარიმას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები წერენ. საჯარიმო ქვითარი ავტომატურ რეჟიმში მიდის ჯარიმის გადამხდელთან.

როგორც ქალაქის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრო მაღლაკელიძემ გაზეთ „P.S.“-თან საუბარში განმარტა: „ქალაქის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გაჩნდა იდეა და აუცილებლობაც - ვიდეოთვალი დამონტაჟებულიყო მთელი ქალაქის მასშტაბით, რათა მოხდეს წვრილმანი ხულიგნობის აღკვეთა და ჩვენი ურჩი მძღოლებისთვის ჭკუის სწავლება ჯარიმების გადახდის ხარჯზე. ამ ეტაპზე გამოყოფილი თანხიდან, ტენდერის საშუალებით, დავზოგეთ 40 ათასი ლარი, რაც წლის ბოლომდე კიდევ ორ გზაჯვარედინზე ვიდეოთვალის დასამონტაჟებელ სამუშაოებს მოხმარდება.“

მომავალი წლის ბიუჯეტში, როგორც კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში გვითხრეს, კვლავ 300 ათასი ლარი გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ქალაქის დაახლოებით 70, 80 პროცენტი გაკონტროლდება. აღნიშნული ვიდეოსისტემის მოვლა, შენახვა, ექსპლოატაციის ხარჯები ისევ ქალაქის ბიუჯეტმა უნდა გაითვალისწინოს.

ანდრო მაღლაკელიძე: „ჩვენი მოვალეობაა ყველგან სპეციალური ნიშანი დავამაგროთ, სადაც ვიდეოთვალი მდებარეობს, რათა შემდეგ უფლებების დარღვევაზე არ იყოს საუბარი.“

იმის გამოსარკვევად, თუ როგორ უყურებს საზოგადოება ამ ფაქტს, რა დადებითს და უარყოფითს ხედავს ქალაქში ვიდეოკონტროლის სისტემის დანერგვაში, არის თუ არა პრიორიტეტული მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩავატარეთ.

მარიკა კუბლაშვილი, 21 წლის, სტუდენტი: „რამდენადაც ვიცი, ყველა კეთილმოწყობილ ქალაქში რთულ და სახიფათო გადასასვლელებზე არის მსგავსი ვიდეოსისტემა დამონტაჟებული, მაგრამ ბაღსა და სკვერებში მათი დამონტაჟება, მე პირადად, თავისუფლების შეგრძნებას დამიკარგავს.“

ლევან კანკაძე, 23 წლის, სტუდენტი: „იურიდიულზე ვსწავლობ და კანონმორჩილება და კანონის დაცვა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასევე, ეს სისტემა დაეხმარება პოლიციას სხვადასხვა დარღვევისა თუ დანაშაულის გამოძიების დროს, მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი - ასეთი მასშტაბური კონტროლი სხვა მიზეზით ხომ არ არის გამოწვეული, სხვა ინტერესები ხომ არ გააჩნიათ კონკრეტულ უწყებებს? მნიშვნელოვანია, რამდენად იქნება დაცული ადამიანის უფლებები.“

მიშა ნიქაბაძე, 49 წლის, მძღოლი: „ყოველთვის ვიცავ მოძრაობის წესებს და ამიტომაც არ მეშინია, სადაც უნდა, იქ გამაკონტროლონ და თუ დავიმსახურებ, ჯარიმას გადავიხდი კიდევაც.“

თენგო, ტაქსის მძღოლი 57 წლის: „დილიდან საღამომდე, შვილო, გარეთ ვარ, საღამოს ელემენტარული, თავის გასატანი ფული რომ შევიტანო სახლში და უკვე ორჯერ მომივიდა ჯარიმის ქვითარი, პატრულს არ გავუჩერებივარ, ალბათ, სწორედ, მაგ ვიდეოთვალმა დამაფიქსირა. ერთხელ მართლა მეკუთვნოდა, მაგრამ მეორედ რატომ ამომიწერეს ეს ჯარიმა, ვეღარ გავარკვიე. ან რა აზრი აქვს პოლიციასთან ბრძოლას, ვის რას დაუმტკიცებ.“

ფრიდონი, 73 წლის, პენსიონერი: „თვალთვალი გვაკლია, შვილო? საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, სიმართლე ვერ გვითქვამს მთავრობაზე, ხანდახან ქალქის ბაღში გამოვდივარ ძველ ნაცნობებთან ერთად, ხან კარგს ვიტყვით ამ ცხოვრებაზე და ხანაც სიმართლე წამოგვცდება. ვიდეოთვალს ვინღა დაეძებს, სასმენი აპარატები არ დაგვიყენონ სკამებზე, თორემ...“

ამირანი, 70 წლის, პენსიონერი: „რამდენი ფული დაიხარჯება ახლა მაგ საქმეზე, ჩვენ ქალაქში კი უმუშევრობა და ღარიბი ხალხი მრავლადაა. პენსია ელემენტარულისთვის რომ არ გეყოფა, ესაა ცხოვრება? მაგრამ რა უნდა ვქნათ, თავისუფლება და დემოკრატია სხვა საქმეების კეთებას მოითხოვსო და გაჭირვებული ხალხი პრიორიტეტი არ არისო.“

სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა თბილისურმა კომპანია „ჯესკო“ ჯგუფმა შეასრულა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მის მიერ დამონტაჟებული ვიდეოტექნიკის გამძლეობაზე, ხოლო მომავალი წლის განმავლობაში ვინ შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, კვლავ ტენდერის საშუალებით გაირკვევა.

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია