დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყავლგასული ნამგალი და ურო
2010/11/08 12:57:59

„საკუთარი საბჭოთა წარმომავლობის უარყოფა, მისგან გაქცევა, მისი არ გააზრება, არამედ კვალის წაშლა, მაგალითად, თანამედროვე საქართველოში, ჰომო პოსტსოვიეტიკუსების მხრიდან სრულიად დესტრუქციული სახითაც ვლინდება, რომელიც საბჭოთა წარსულის გამახსენებელი სიმბოლიკის განადგურებისკენაა მიმართული. ასეთი ქმედების არსი წარსულის გადააზრება კი არაა, არამედ მისი განდევნა, როგორც დაკარგული უმანკოების დავიწყება და ყველაფერში სხვისი, „უცხო ძალის“ დადანაშაულება,“ - აცხადებს ქართულ პრესაში (ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“) ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.

 

როგორც ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, 70 წლის მანძილზე ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში საბჭოთა სიმბოლოები ამშვენებდა შენობებს და არქიტექტურულ ნაგებობებს. მას შემდეგ ბევრი რამ წაიშალა, ბევრი შენობა შეიღება ან საერთოდ განადგურდა, თუმცა, დღესდღეობით ქალაქის ცენტრშიც კი შეგვიძლია ვიპოვოთ სხვადასხვა ადგილას გამოსახული სიმბოლოები, მათ შორის - ლადო მესხიშვილის თეატრშიც - სცენის თავზე გამოსახული საბჭოთა ვარსკვლავი, ნამგალი და ურო, რომელიც ჯერაც არ წაუშლია დროის დინებასა თუ ახალ იდეოლოგიას.

ადრე თითქმის ყველა სოფელში იდგა საბჭოთა ბელადების - ლენინის ან სტალინის ძეგლი, რომელთაც არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნდათ, გარდა იდეოლოგიური დატვირთვისა. სოფლის ცენტრებში ამაყად ჩამწკრივებულიყვნენ უფორმო, უპროპორციო, კირით შეღებილი ბიუსტები, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უფორმონი ხდებოდნენ... ჩემი სოფლის ცენტრშიც იდგა სტალინის ძეგლი, დიდი ბელადი ზეაღმართული საჩვენებელი თითით ხალხს წესრიგისკენ მოუწოდებდა, ხოლო საბჭოთა ადამიანებს ყოველდღიურად შეახსენებდა საკუთარ არსებობას. ჩემს მეხსიერებას ცნობისმოყვარე ბავშვების ძეგლისკენ მიმართული მზერაც შემორჩა და კითხვა, რომელიც მეც დამისვამს და თანატოლებსაც: ეს კაცი ვინ არის? ხოლო პასუხი მასწავლებლისგან და მშობლისგანაც ერთი შინაარსის იყო: ეს სტალინია, დიდი საბჭოთა ბელადი და ზესახელმწიფოს შემქმნელი. ჩვენ, პატარებს, ნაკლებად გვესმოდა ეს პასუხი, მაგრამ როცა სხვაგვარ პასუხს ვერ ვიღებდით, მოგვწონდა „დიდი ბელადი“.

ჩვენც წამოვიზარდეთ, საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, ხოლო „დიდი ბელადის“ ძეგლის მიმართ „ტერორი“ დაიწყო: ჯერ ცხვირი მოატეხეს, შემდეგ ყური, შემდეგ ზეაწეული და მრავლის მეტყველად აღმართული ხელი. სოფლის და სკოლის ხელმძღვანელობამ, რათა სტალინის ბეჭებზე აცოცებული ბავშვებისთვის ეს გართობა ცუდად არ დასრულებულიყო, ძეგლი გაიტანა. ეს მოხდა თითქმის 20 წლის უკან, როდესაც სოფელში კომუნისტური იდეოლოგია და საბჭოთა კავშირისადმი დამოკიდებულება ჯერ კიდევ მტკიცე იყო.

ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, საბჭოთა სიმბოლიკა პირველმა უნგრეთმა აკრძალა, ეს 1989 წელს მოხდა. 2005 წელს ბუდაპეშტში კომუნისტ ატილა ვანჟაის ერთწლიანი პატიმრობაც კი მიუსაჯეს, იმის გამო, რომ საჯარო ადგილას საბჭოთა წითელი ვარსკვლავით გამოჩნდა. მოგვიანებით, მსგავსი კანონები მიიღეს ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში და პოლონეთში, თუმცა ბოლო ორ ქვეყანაში, შესაძლებელია, ასეთი ატრიბუტიკის შეძენა და შენახვა კოლექციონერობის მიზნით ხდებოდა.

საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა შეიძლება აიკრძალოს და მისი გამოყენება დასჯადი გახდეს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა, ფორმალურად, ოპოზიციონერ გია თორთლაძეს ეკუთვნის, თუმცა მას საპარლამენტო უმრავლესობაც მხარს აქტიურად უჭერს. ინიციატივის განხილვა პარლამენტში ოქტომბრის ბოლომდე იგეგმებოდა. საუბარია საჯარო ადგილებში საბჭოთა კავშირის და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროინდელი დროშების, გერბების, ჰიმნების, მედლების, წითელი ვარსკვლავის, ნამგლისა და უროს, საბჭოთა არმიისა და მილიციის ფორმების, საბჭოთა ლიდერების სურათებისა და ბიუსტების და, ყველა სხვა იმ ატრიბუტიკის გამოყენებაზე, რომელიც კომუნიზმთან ასოცირდება.

რატომ უნდა აიკრძალოს საბჭოთა სიმბოლიკა? როგორ უნდა ვებრძოლოთ საბჭოთა ცნობიერებას და მის სიმბოლოებს? - კითხვები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია და მათ შორის ჩვენს ქალაქშიც. თემის ირგვლივ ჩვენი ქალაქის საზოგადოების აზრი ასეთია:

ბადრი ფორჩხიძე, ფილოსოფოსი: „არც უნდა ვიფიქროთ საბჭოთა სიმბოლიკის აღდგენასა და პოპულარიზაციაზე. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი გასაჭირის ფონზე, ხალხის არახელსაყრელი სოციალური ცხოვრების პირობებში, სავსებით შეიძლება, ნოსტალგია გაჩნდეს იმ რეგალიებისა და სიმბოლოებისადმი, რაც საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ, ამიტომ ასეთ პირობებში მათ წინააღმდეგ აშკარად ბრძოლა და კანონის მიღება ძალზედ სარისკოა.“

ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პროფესორი, აკადემიკოსი: „სიმბოლიკა არის თავისებური სიმბოლური გამოხატულება იმ ეპოქისა, რომელშიც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამიტომ საჭირო და აუცილებელია, ისინი დაინგრეს არა მარტო ფიზიკურად და იქცეს დროის ნიშნულებად, არამედ - უნდა მოხდეს ჩვენი ცნობიერებიდან ამოშლა. ჩვენი ისტორიიდან ეს პერიოდი კი არ უნდა დავივიწყოთ და წავშალოთ, გარკვეული პერიოდი ხომ საბჭოთა კავშირის განუყოფელი ნაწილი ვიყავით.“

თამთა თურმანიძე, ხელოვნებათმცოდნე: „ცნობილი ფაქტია, რომ გერმანიაში დღემდე აკრძალულია სვასტიკის გამოყენება, გერმანიაში, რომელსაც დღემდე უჭირს წარსულთან განშორება. ძნელია საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანას შეადარო, მაგრამ, პრინციპში, ყველა ტოტალიტარული წარსული მოიცავს გააზრებას, ანალიზს, რათა წარსული შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

ისიც ფაქტია, რომ წარსულის გადახაზვა შეუძლებელია. ყველაზე რთული შესაცვლელი იდეოლოგია და მენტალიტეტია, ამას კი წლები სჭირდება. კარგი მაგალითია: მოსემ 40 წელი ატარა ეგვიპტიდან წამოყვანილი ებრაელები უდაბნოში, რათა აღთქმულ ქვეყანაში სწორედ ახალი თაობა შეეყვანა, რომელსაც სხვა ცნობიერება და აზროვნება ექნებოდა.“

გიორგი მჭედლიძე, ისტორიკოსი: „საბჭოთა კავშირი აღარ არის და ეს სიმბოლიკაც თანდათანობით ისპობა. ჩვენ იმდენი საქმე გვაქვს და იმდენი უბედურება გვჭირს, სიმბოლოებთან ბრძოლა არაფერს ნიშნავს.

20 წელია აღარ არის საბჭოთა კავშირი და კიდევ დრო სჭირდება, რომ სიმბოლოები გადაშენდეს, მხოლოდ კანონი, ტელევიზია ან გაზეთი ვერაფერს უშველის. პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, როდესაც სიმბოლოები კანონით უარყვეს, მაშინ ექსტაზში იყვნენ შესულები და ეს ნაბიჯი გამართლებულიც იყო, ჩვენ კი საბჭოთა კავშირს ათეული წლები გვაშორებს.“

გია ხოფერია, ფილოლოგი: „მსოფლიოში ასეთ სიძველეებს და ძეგლებს მუზეუმში ინახავენ, რათა 200 წლის შემდეგ ის თაობებმა ნახონ. რას ვერჩით ლენინს, შეინახონ, თუ არ გამქრალა ჯერ კიდევ, ისტორიის გასახსენებლად. ხელოვნების ნიმუშებს კი, რა თემატიკისაც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ.“

ირინა ფუტკარაძე, სტუდენტი, 23 წლის: „საბჭოთა სიმბოლიკის კანონმდებლობით აკრძალვა აბსურდულად  მიმაჩნია, ჩვენ ახალი თაობა ვართ, რომელთაც უკან მიხედვა არ გვჭირდება და სხვა ინტერესები გვაქვს. საბჭოთა კავშირი ჩვენ მხოლოდ გადმოცემით ვიცით, რა იდეოლოგია იყო.“

გიორგი ნაცვლიშვილი, სტუდენტი, 21 წლის: „აღარც მახსოვს, მგონი სკოლაში კი ვისწავლე, რა სიმბოლოები ჰქონდა საბჭოთა კავშირს. გამახსენდა, ბაბუაჩემსაც ჰქონდა მეორე მსოფლიო ომში მიღებული მედლები და მასზე იყო გამოსახული ვარსკვლავი და რაღაცეები. მისთვის მათ გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყო, ამაყობდა კიდეც თავისი მედლებით. ჩვენ კი XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, ტექნიკური რევოლუციების სამყაროში და საბჭოთა სიმბოლიკა აღარ გვჭირდება.“

ნანა ბაქრაძე, პედაგოგი, 45 წლის: „შესაძლებელია საბჭოთა პერიოდი დაივიწყო თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მაგრამ, ფაქტია, დღეს სიმბოლიკის აკრძალვა ვერც საზოგადოებას და ვერც ზოგადად, ქვეყანას წინსვლაში ვერ დაეხმარება.“

გია ხარაბაძე, პედაგოგი, 50 წლის: „საზოგადოებამ იმსჯელოს, ავკრძალოთ თუ არა საბჭოთა სიმბოლოები და კანონები მივიღოთ - სასაცილოა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც განათლების სისტემაში უამრავი რამ არის შესაცვლელი, იგივე - კანონმდებლობის საფუძველზე.“

ნოდარი, 79 წლის, პენსიონერი: „საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა დაგვეხმარება ჩვენ, პენსიონერებს, რომელთაც ეს თანხა ელემენტარულისთვის არ გვყოფნის?! ჩვენს ხელისუფლებას ურჩევნია, უფრო მეტად სოციალური პრობლემების გაუმჯობესებაზე იზრუნონ, ხოლო მაშინ როგორ ვცხოვრობდით, ყველამ ვიცით, არც ისე ბევრი დროა გასული.“

ლადო,  76   წლის,  პენსიონერი:  „სიტყვის თავისუფლება არ იყოო, ამბობენ, სამაგიეროდ, ისე ვიყავით უზრუნველყოფილი, დიდად არც არავის უჩნდებოდა საბჭოთა იდეოლოგიის კრიტიკის სურვილი. ბევრს ნიშნავს, შვილო, ქვეყანაში მშიერი ხალხი რომ ცხოვრობს. საბჭოთა სიმბოლოებს რას ერჩიან, თუ ვინმეს უხარია მისი ტარება, რა პრობლემაა.“

საქართველოს პარლამენტს კანონის მიღების შემთხვევაში სანქციების, ჯარიმების ოდენობის განსაზღვრაც მოუწევს, რომელიც კანონის დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება. ყველაზე მკაცრი ევროპაში ამ მხრივ, ესტონეთის კანონმდებლობაა: იქ საბჭოთა ატრიბუტიკის გამოყენებისთვის იურიდიული პირი ოთხი ათასი ამერიკული დოლარით ჯარიმდება. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკურ პირს შეიძლება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯოს.

„საქართველო 70 წელი ოკუპირებული იყო, ამიტომაც ის ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან თავისუფალია! ეს წარმოდგენა ქართველ ჰომო პოსტსოვიეტიკუსებს  და  არა  მხოლოდ   მათ     „სასირცხვილო წარმომავლობას“ ავიწყებს, არამედ საკუთარი უცდომელობისა და უმანკოების ილუზიასაც უქმნის. როდესაც საბჭოურის საკუთარ თავში შეცნობა და მისგან განთავისუფლება არ ხდება, მთელი ენერგია „გარეგნულ ნიშნებზე“ გადადის: ყველაფერი, რაც ოკუპანტს ან რუსეთს უკავშირდება - რუსული ენა, ლიტერატურა, კინო, მუსიკა, რომელზედაც არა მხოლოდ ქართველ ჰომო პოსტსოვიეტიკუსთა თაობებია გაზრდილი, არამედ რომლის სიმბიოტურ ნაწილსაც ბოლო ორი საუკუნის ქართული კულტურაც წარმოადგენდა, მეხსიერებიდან უნდა ამოიშალოს,“ - გვმოძღვრავს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია