დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ამოვიდნენ მოვაჭრეები „გვირაბიდან?“
2010/10/25 16:23:43

გასულ კვირას შპს „გვირაბი 95“-ის ინდმეწარმეებმა მერიის წინ საპროტესტო აქცფჩია გამართეს და ქალაქის ხელმძღვანელობას მათი პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დარეჯან გურეშიძემ, „P.S.“-თან საუბარში განმარტა: „აქცია პრევენციის მიზნით ჩავატარეთ, ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემები საგადასახადო სამსახურთან ქალაქის მერს გავაცანით და დახმარება ვთხოვეთ.“

როგორც გავარკვიეთ, აქციას საფუძვლად დაედო საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლების მორიგი რეიდი ე.წ. „მიწის ქვეშ“ არსებულ მაღაზიებში. მათი შემოწმების მიზნით რამდენიმე მაღაზიაში ნივთები შეიძინეს. აქედან ორ მაღაზიაში ნაყიდ ნივთზე მოვაჭრეებმა სალარო აპარატიდან ჩეკი არ ამოუწერეს, რის გამოც თითოეული მათგანი 500 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, როგორც ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა ინდმეწარმემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის ამ თანხის გადახდას უკანონოდ მიიჩნევს, მიზეზად შესაბამისი საბუთების არქონას ასახელებს - რის საფუძველზეც საგადასახადოს თანამშრომლებს მისთვის ჯარიმის გამოწერის უფლება არ ჰქონდათ.

შპს „გვირაბი 95“-ის ინდმეწარმე დარეჯან გურეშიძე კიდევ ერთ სასწრაფოდ მოსაგვარებელ საკითხზე საუბრობს: „საიდანაც საქონელი მოგვაქვს, იქ არანაირ საბუთს არ გვაძლევენ, შესაბამისად, ჩვენც საკუთარი ქონების გათეთრებას ვერ ვახდენთ, აქ კი საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები სწორედ საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას გვთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმებით და, საბოლოოდ, ციხითაც კი გვემუქრებიან. ამიტომ მოვითხოვთ, ეს სისტემა ქვეყნის მასშტაბით მოგვარდეს და შემდეგ თუ შეგვეძლება კანონიერი გზით ჩვენი მუშაობის გაგრძელება, ეს უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული, სხვა შემთხვევაში ყოველგვარი დაჯარიმება ჩვენთვის სახელმწიფოს მხრიდან ტერორის ტოლფასია.“

კიედვ ერთმა მოვაჭრემ, რომელმაც ანონიმურობის გარანტია მოგვთხოვა და ამის მიზეზებზეც გვესაუბრა, გვითხრა:  „გვინდა შეისწავლონ ჩვენი მაღაზიების საშუალო წლიური ბრუნვა და ფიქსირებული გადასახადი დაგვიწესონ, რომ გადახდა შევძლოთ. დაჯარიმების კანონი თავიდან უნდა შეჯერდეს, ან საერთოდ გაუქმდეს. ეს ხომ სხვის ჯიბეში უკანონოდ ხელის ჩაყოფას ნიშნავს.

ჩვენ ინდმეწარმეები ვართ, ვქმნით მცირე ბიზნესს და უნდა გვქონდეს მცირე გადასახადი. რაც შეეხება ჩემს ვინაობას, არ მინდა კონკრეტულად ჩემი სახელი და გვარი დააფიქსიროთ - ხვალ, არ არის გამორიცხული, საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები მორიგი მოულოდნელი „სტუმრობის“ დროს სწორედ მე მომადგნენ, რადგანაც დამუქრების ფაქტები არაერთი იყო.“

ქალაქის მერი გია თევდორაძე აქციის რამდენიმე მონაწილეს შეხვდა და მათი პრობლემების მოგვარება შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებს სთხოვა.

მოვაჭრეების მიერ დაყენებულ საკითხებზე კომენტარისთვის შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილეს თამაზ კვინიკაძეს მივმართეთ, რომელსაც ამ საკითხის უშუალოდ კურირება დაევალა, თუმცა მისგან რაიმე სახის კომენტარი ვერ მივიღეთ, მიზეზად ცენტრალურ ოფისთან შეუთანხმებლობა დაგვისახელა.

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია