დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ წყურვილით ვიხოცებით, ჩინოვნიკები საუკეთესო კურორტებზე ისვენებენ“
2010/09/20 12:44:07

ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს. თავიდან პროექტის ავტორები ქუთათურებს 24 საათიან წყლის მიწოდებას ჰპირდებოდნენ, თუმცა ბილბორდზე წარწერა მალევე შეიცვალა და ამჯერად მომხმარებლები „უდეფიციტო“ წყლის მოლოდინში არიან.

 

სპეციალისტების თქმით, ქუთაისში წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს ის ადგილია, სადაც კავკასიონის ქედი მთავრდება და კოლხეთის დაბლობი იწყება, ეს ტერიტორია კი წყლით სავსეა. უფრო მეტიც, ქუთაისიდან ფოთამდე ნიადაგში იმდენი წყალია, თურმე, მთელ ევროპას ეყოფა.

მიუხედავად ამისა, ზაფხულის ცხელ დღეებში ქუთაისში წყალი არათუ გრაფიკით, არამედ ზოგიერთ უბანს დღის მანძილზე მხოლოდ ერთი საათით მიეწოდებოდა.

 

„ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, დაუჯერებელია. წარმოიდგინეთ 40-42 გრადუსი სიცხე და არც ერთი წვეთი წყალი სახლში, რომ სული მოითქვა. წყალს კილომეტრიდან ვეზიდებოდით, რომ ბავშვები წყურვილისგან არ მოგვკვდომოდნენ. ასეა დღესაც. ეს ნორმალურია?! ამ ჩინოვნიკებს ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ?!  ასეთ პირობებში შეუძლიათ იცხოვრონ?! თვითონ, ალბათ, საუკეთესო კურორტებზე დაისვენეს, ჩვენ კი წყურვილისგან ლამის დაგვხოცეს. ახლა მოდიან და წინა თვეების დავალიანება უნდა გადაიხადოთო, გვეუბნებიან. რა დავალიანება უნდა გადავიხადოთ, როცა წყალი კვირაში ორჯერ გვაქვს. ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებთ. უცებ წყდება და მერე ორი-სამი დღე კვლავ ველოდებით!“ - ამბობს  ხარებავას ქუჩაზე მცხოვრები ლალი გვეტაძე.
ამ ქუჩის მოსახლეობა უწყლობას ბოლო რამდენიმე წელია, განიცდის. არ არსებობს გრაფიკი, რომლის მიხედვით წყალს მოიმარაგებენ. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როცა საერთოდ უწყლოდ რჩებიან.

„გვესმის, რომ წყლის საკითხი მთელ ქალაქში მოუწესრიგებელია, მაგრამ, რაც ჩვენთან ხდება, ეს მეტისმეტია. დანარჩენ უბნებში წყალი ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მაინც არის. ჩვენთან კი საათნახევარში ითიშება. არის დღეები, როცა საერთოდ არ უშვებენ. მოკლედ, როგორც მოესურვებათ, ისე იქცევიან. აღნიშნულ პრობლემაზე ჩვენი მეზობელი დაელაპარაკა „წყალკანალის“ წარმომადგენელს და საუბარი ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. პასუხად მივიღეთ, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, საერთოდ უწყლოდ დავრჩებით. ასე გაგრძელება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ის, რაც ჩვენ ქალაქს სჭირს, აფრიკის ტომებშიც არ ხდება,“ - აცხადებენ მოქალაქეები.
ხარებავას ქუჩის გარდა უწყლობას ქუთაისის სხვა დანარჩენი უბნის მოსახლეობაც უჩივის. წყალი ბოლო რამდენიმე წელია შეზღუდვით მიეწოდება როგორც ქალაქის ცენტრს, ისე გარეუბნებს.
„კარგა ხანია, გადათხარეს ქუჩები და ახალი სისტემის დამონტაჟება დაიწყეს, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. ახლა მოვიდნენ და გვეუბნებიან, სანამ ძველ (გასული თვეების) დავალიანებას არ გაისტუმრებთ, წყალი არ გექნებათო. რატომ უნდა გადავიხადოთ ძველი დავალიანება, როცა წყალი არ გვქონია?! უწყლობაში გადავიხადოთ ფული?! ჩაგვირთონ წყალი, მოგვექცნენ ადამიანურად და გადავიხდით! ისევე დავფარავთ მოხმარებული წყლის საფასურს, როგორც გაზისას და ელექტროენერგიისას ვფარავთ. ხოლო რაც არ გვქონია, მასში ფულს არ გადავიხდით,“ - აცხადებენ ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლები.
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვისცენტრში მიაჩნიათ, რომ მოსახლეობამ ძველი დავალიანება უნდა დაფაროს. საუბარია მიმდინარე წლის იანვარსა და მომდევნო თვეებზე.
შპს „დასავლეთის წყალის“ ხელმძღვანელობა აცხადებს: ქუთაისის წყალმომარაგება ჯერ კიდევ გრაფიკულ რეჟიმში ხორციელდება. ქალაქის ძირითად უბნებს სასმელი წყალი ყოველ მეორე დღეს მიეწოდება; თუმცა არის უბნები (მაგალითად, ქალაქის ცენტრი და ავტოქარხნის სამხრეთ დასახლება), სადაც ტექნიკურადაა შესაძლებელი წყლის ყოველდღე მიწოდება და ვახორციელებთ კიდეც. რაც შეეხება ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებას, აქ, პრაქტიკულად, 24 საათიანი წყალმომარაგებააო.

ქუთაისის წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 30 ქუჩის შიგა ქსელია გაახლებული. შპს „დასავლეთის წყლის ხელმძღვანელის ანდრო ლოსაბერიძის თქმით „სარეაბილიტაციოდ, პირველ ეტაპზე ამ ქუჩების არჩევის პრინციპი მათი სავალალო მდგომარეობით განხორციელდა. ადგილი ჰქონდა დიდი რაოდენობით წყალქცევებსა და დაბინძურებებს. ქსელის მომსახურების საექსპლუატაციო დანახარჯები სოლიდურ თანხებს აღწევდა. შესაბამისად, მათი გაახლების შემდეგ აღმოიფხვრა დაბინძურების კერები, მოიმატა წნევამ, ქსელზე ავარიების შემცირების ან არარსებობის გამო მინიმუმამდე დავიდა საექსპლოატაციო ხარჯები. ამჟამად კი ზემოაღნიშნულ ქუჩებზე მიმდინარეობს ინდივიდუალური გამრიცხველიანება. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის შიგა ქსელი 450 კმ სიგრძისაა, მასთან შედარებით აღნიშნული სამუშაოები 10 %-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგა ქსელის სარეაბილიტაციო პროცესი არ დასრულებულა და იგი გრძელდება.“

დღეისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ, გაახლების პროცესშია სათავე ნაგებობები და გადამქაჩი სადგურები. ხორციელდება საქუსლიის გორაზე ორი (ორივე ერთად 12000 მ.კუბ მოცულობის) ახალი რეზერვუარის მშენებლობა და სამი 10-10 ათასი მ.კუბ. ტევადობის ავზების აღდგენა.

      ავტოქარხნის დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო გორას დასახლებაში - წყალგაყვანილობის ქსელის შეცვლა.

დღეისათვის, დასრულებულია ტენდერი და მომავალი წლისთვის ევროპული წარმოების 13 ახალი ჰორიზონტალური ტუმბო დამონტაჟდება, რაც, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, კომპანიას მნიშვნელოვან შედეგს მისცემს.

როგორც „დასავლეთის წყალის“ ხელმძღვანელობა ამბობს, ზემოჩამოთვლილი სამუშაოები 2010 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2011 წლიდან შესამჩნევად გაუმჯობესდება წყალმომარაგება. ხოლო, ავტოქარხნის დასახლების 25000-მდე აბონენტს სასმელი წყალი უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება. რაც შეეხება გორას დასახლებას, ნაცვლად ყოველი მეორე დღისა, სასმელ წყალს გრაფიკით ყოველდღე მიიღებს.

მათი თქმით, სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ნაგებობებზე 50 ახალი ჭაბურღილი დამონტაჟდა, რამაც კომპანიას თვეში 30 ათასი ლარის ენერგოეკონომია უკვე მისცა.

„სწორედ ამ ახალი ჭაბურღილების დამსახურებაა ის, რომ ზაფხულის გვალვებში, როცა წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია, მათმა გამართულმა მუშაობამ უზრუნველყო კრიზისის გარეშე ქალაქის წყალმომარაგება. ეს ძველ ჭაბურღილებს ნამდვილად გაუჭირდებოდა,“ - ამბობს ანდრო ლოსაბერიძე, თუმცა ფაქტები სხვას მეტყველებენ...

ქუთაისის წყლის სარეაბილიტაციო პროექტი 19.17 მილიონ ევროდაა შეფასებული.  გრანტის მიმღები საქართველოს მთავრობაა ფინანსთა სამინისტროს სახით. მისი დამფინანსებლები არიან: „ფონდი“ ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და შვედეთის განვითარების სააგენტო, ხოლო განმხორციელებელი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სესხის დაფარვაზე პასუხისმგებელი არის გრანტის მიმღები და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. რომელიც ვალს ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით ფარავს. გარდა ზემოაღნიშნული პროექტისა, ანდრო ლოსაბერიძის თქმით, ამჟამად პროექტირების ფაზაშია ახალი პროექტი. იგი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება და ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სრულ განახლებას ითვალისწინებს. პროექტის საბოლოო სახის მიღებისას ცნობილი იქნება მისი განხორციელებისა და დასრულების ვადები, რის შემდეგაც, მათი თქმით, შეიძლება ხმამაღლა განაცხადო, რომ ქუთაისს წყალმომარაგების კუთხით პრობლემები აღარ აქვს და ქალაქი უწყვეტი მიწოდების რეჟიმში მიიღებს სასმელ წყალს.

მიუხედავად ამ ენერგიული დაპირებისა, ქუთაისელები ამ პერსპექტივას შორეულ მომავალში ხედავენ. თუმცა ისინი ონკანებში წყლის „უდეფიციტო“ მიწოდებას მაინც იმედით ელიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია