დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი გრძელდება (R)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/12/13 10:36:26

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4” ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

 

მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი ხორციელდება 2012 წლიდან. მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო მისი მეოთხე ფაზა, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის იანვრის ბოლომდე. პროექტის მიზანია ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე თემების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გზით. დასავლეთ საქართველოში ის მოიცავს ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამოცდაერთ სამიზნე სოფელს. პროექტს ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მცირე მეწარმეების საგრანტო ხელშეწყობა ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასაფართოვებლად, სხვადასხვა ტრენინგების, კონსულტაციების და სასწავლო სესიების ჩატარება მეწარმეთა უნარების განვითარების მიზნით და ა.შ.

 

ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით პროექტს და ახლაც გავესაუბრეთ მის მენეჯერს, ქ-ნ მარიანა ლოთიაშვილს.

 

- ქ-ნო მარიანა, მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი გრძელდება, ეს ძალიან კარგია, წინა წლებიდან ვიცით, რომ სოფლებში მის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. მაგრამ მაინტერესებს, რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

 

პირველ რიგში, მადლობა თქვენი ინტერესისთვის პროექტის მიმართ. მისი არსი იგივე რჩება, ანუ ეს არის მცირე მეწარმეების მხარდაჭერა საგრანტო კონკურსების და შემდგომი სწავლების მეშვეობით, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ, როგორც მდგრადი ბიზნესები და გააგრძელონ სტაბილური მუშაობა პროექტის დამთავრების შემდეგ. რაც შეეხება ცვლილებებს, დაინერგა რამდენიმე საინტერესო ინოვაცია. პირველ რიგში, ეს არის მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოვება. წინა წლებში ჩვენ დავრწმუნდით, რომ ადგილებზე არის უფრო მსხვილი საწარმოების შექმნის წინაპირობები, ისეთების, რომლებიც არა მარტო პირველად წარმოებაზე იქნებიან ორიენტირებული, არამედ გარკვეული ღირებულების დამატებაზე. მხედველობაში მაქვს გადამუშავება, შეფუთვა და ბრენდირება, შენახვა, ბაზარზე მიწოდება და სხვ. მეორე ინოვაციაა გარემოზე ზემოქმედების შემცირება ბენეფიციართა ცნობადობის გაზრდისა და ეკოლოგიური წარმოების დანერგვის მეშვეობით. მესამე ინოვაცია არის საინფორმაციო უნარების გაუმჯობესება და ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.

 

- რა შედეგებით სრულდება პროექტის პირველი წელიწადი?

 

წელს, პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ორასზე მეტი განაცხადი შემოვიდა. საბოლოო ჯამში ოცდახუთი მეწარმე დაფინანსდა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევის ყველა საფეხური. მათ შორის ბევრი საინტერესო პროექტია, მაგალითად, ხის სუვენირების წარმოება, საკონდიტრო საცხობი, თვითმომსახურების ავტოსამრეცხაო მსუბუქი და მძიმე ავტოტექნიკისთვის, ბეტონის ნაკეთობათა საამქრო და სხვა. მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის მრავლადაა სასათბურე მეურნეობები, რაც აიხსნება არა მარტო ადგილობრივი სპეციფიკით და სათბურების მაღალი რენტაბელობით, არამედ კლიმატის ცვლილებითაც. ღია გრუნტში ბოსტნეულის მოყვანა უფრო პრობლემური ხდება მცენარეთა ავადობის და ექსტრემალური ამინდის გაზრდილი რისკების გამო. აღსანიშნავია, რომ წელს საგრანტო კონკურსში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რამაც ძალიან გაგვახარა. მაგრამ საგრანტო კონკურსის ჩატარება და დაფინანსება არის მხოლოდ დასაწყისი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია შემდგომი ურთიერთობა და სწავლება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ტრენინგები, კონსულტაციები, სასწავლო სესიები და ვიზიტები და ა.შ. ვცდილობთ თავიდანვე აღვჭურვოთ ადამიანები ისეთი ცოდნით, რომელიც დაეხმარება მათ არ დაუშვან შეცდომები და იცოდენ კანონმდებლობის მოთხოვნები. ვასწავლით, როგორ უნდა აწარმოონ აღრიცხვა, გაანალიზონ თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და კონკურენტები, გაიანგარიშონ და გადაიხადონ კუთვნილი გადასადები და ა.შ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საწარმოო უსაფრთხოებას. ეს იყო ფაქტიურად პირველი თემა, რომელზეც ყველა დაფინანსებულმა მეწარმემ გაიარა დეტალური ინსტრუქტაჟი, ისევე როგორც გარემოსდაცვით უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, მათი საქმიანობის მასშტაბი მცირეა და ცალ-ცალკე ისინი რაიმე შესამჩნევ გავლენას არ ახდენენ გარემოზე, მაგრამ, მთლიანობაში თუ შევხედავთ, ეს გავლენა არც ისე მცირე გამოდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ავამაღლოთ ადამიანების ეკოლოგიური ცნობიერება და პასუხისმგებლობა.  

 

- რა სირთულეები გქონდათ სოფლებში მუშაობის დროს?

 

მოსახლეობა ზოგადად კეთილგანწყობილია პროექტის მიმართ, ადამიანები ხედავენ მასში ეკონომიკური გაძლიერების რეალურ საშუალებას. ამიტომ ინტერესი და, შესაბამისად, კონკურსში მონაწილეთა რიცხვი დიდია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია ყველა კონკურსანტის დაფინანსების საშუალება და ზოგი მონაწილე იმედგაცრუებული რჩება. თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა ადეკვატურად რეაგირებს წარუმატებლობაზე და, პირიქით, მადლობასაც უხდის პროექტს და მის დამფინანსებელ კომპანია bp-ის მიცემული შესაძლებლობისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრა ყველას გაგებისა და კეთილი დამოკიდებულებისთვის.

 

პროექტის მენეჯერის შემდეგ გავესაუბრეთ ორ მეწარმეს, ვინც მოიპოვა დაფინანსება კონკურსში გამარჯვების შედეგად და დაიწყო საკუთარი ბიზნესი.

 

ელენე კახნიაშვილი, სოფ. გაღმა ბოსლევი, ზესტაფონი: „ყოველთვის მაინტერესებდა მარწყვის წარმოება. ახლობელს ჰქონდა გაშენებული ღია გრუნტში, მე ვეხმარებოდი და გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. როცა მცირე ბიზნესის კონკურსის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე მონაწილეობა, თუმცა დიდი იმედი არ მქონდა, რადგან არასოდეს მიმიღია მონაწილეობა მსგავს კონკურსებში. ჩემი იდეის ჩამოყალიბებაში ძალიან დამეხმარა ბიზნეს-გეგმის დაწერის ტრენინგი. საბოლოო ჯამში გავიმარჯვე, დავამონტაჟე სათბური და დავრგე მარწყვის ნერგები პლასტმასის მილებში. ეს შედარებით ახალი მეთოდია, რომლის შესახებ ინტერნეტიდან გავიგე და დამაინტერესა. მას ბევრი პლიუსი აქვს - მარწყვი არ ეხება მიწას, ნაკლებად ჩნდება მავნებლები, მოხერხებულია მცენარეების კვება და მორწყვა, დაცულია სისუფთავე. იმედი მაქვს, რომ ჩემი ბიზნესი გაამართლებს. მადლობა მინდა ვუთხრა პროექტს, მათი დახმარების გარეშე მე სათბურს, რა თქმა უნდა, ვერ ავაგებდი“.

 

დავით ხელაძე, ზედა ციხესულორი, ვანი: „პროექტის დახმარებით დავიწყე სამშენებლო ბლოკის წარმოება. შევიძინე ბეტონის ამრევი, სხვა შესაბამისი დანადგარები. ბოლო ხანებში გააქტიურდა სამშენებლო სექტორი, ვანშიც ბევრი ობიექტი შენდება. პროექტში გამარჯვების შედეგად გამიჩნდა მუდმივი დამკვეთები, ვისაც ვაწვდი ბლოკს. უკვე ბევრი ვისწავლე, ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღე, განსაკუთრებით საწარმოო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხებზე. ასევე ძალიან საინტერესო იყო მეცადინეობა თვითღირებულების გაანგარიშებაზე. ადრე ასეე დეტალურად არ დამითვლია ხარჯები და შემოსავლები“.

 

მედია სახლი „პოსტსკრიპტუმი“ ინტერესით ადევნებს თვალს პროექტს და წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის სასიკეთოდ.

 

ნატო გუბელაძე

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 269
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია