დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
7 ივნისს მსოფლიო სურსათის უვნებლობის დღეს აღნიშნავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/06/08 01:10:01

07.06.2022  - 7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2019 წელს დაწესდა, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს სურსათთან დაკავშირებული რისკები, მათი მართვა, პრევენცია და უვნებელ სურსათზე ზრუნვა.

 

FAO-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 600 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით გამოწვეული დაავადებებით, რომელთა 200-მდე სახეობა არსებობს. ისინი, ძირითადად, გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით ან ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენს სხეულში დაბინძურებული საკვებით, ან დაბინძურებული წყლით ხვდება. სურსათთან დაკავშირებული ავადმყოფობა განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში და მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობაში. მოწამლული საკვების შედეგად, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 420 000-მდე ადამიანი კვდება. სურსათის უვნებლობის დაცვით მათი უმრავლესობის პრევენცია შესაძლებელი იქნებოდა.

 

გლობალურად, სურსათის უვნებლობის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ჰიგიენური სტანდარტების გაუმჯობესებაა. სურსათსა და სოფლის მეურნეობაში ჰიგიენის გაუმჯობესება ხელს უწყობს ანტიმიკრობული რეზისტენტულობის გავრცელებისა და გამოვლენის შემცირებას. ამასთან, საკვებისმიერი დაავადებების გავრცელება შეიძლება შემცირდეს სურსათის უვნებლობის შესახებ მომხმარებლების განათლებით და მასში მეტი ინვესტიციით. სურსათის უვნებლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისათვის და სურსათის უსაფრთხოებისთვის; ის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნების ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

 

FAO საქართველოში ყოველწლიურად უერთდება სურსათის უვნებლობის დღესა და მის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.  7 ივნისს, 16:00-ზე, მზიურის პარკში, ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ FAO-სა და ევროკავშირის პროექტი „სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში) და “ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS)”, რომელსაც სურსათის ეროვნული საგენტო და FAO ახორციელებენ. ღონისძიების ორგანიზატორია პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL), რომელიც საქართველოში ხორციელდება ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერითს Land O’Lakes Venture37-ის მიერ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

 

სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, FAO დამსწრეებს წარუდგენს საინფორმაციო მასალებსა და ვიდეორგოლებს სურსათის, განსაკუთრებით კი, ხორცპროდუქტების უვნებლად შეძენის, შენახვისა და მოხმარების შესახებ. ღონისძიებაზე საკუთარ ნაწარმს წარმოადგენენ FAO-ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამის ბენეფიციარი რძისა და ხორცის მწარმოებელი ფერმერები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 355
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია