დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ექსკლუზიური ინტერვიუ
„საქართველოში კონფლიქტი არავისთან მქონია“ - მურათ ულუირმაქი
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2021/09/25 02:19:00

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში თურქი მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა, მათ მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება განსხვავდება. PSnews.ge დაინტერესდა, როგორია თურქეთის მოქალაქეების ქართული ყოფა.  ჩვენ ნიკო ნიკოლაძის სახელობის დემირელის სკოლის მათემატიკის მასწავლებელს ვესაუბრეთ, რომელიც მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან  ერთად, ქუთაისში ცხოვრობს.


მურათ ულუირმაქი16 წელია, უკვე საქართველოში ცხოვრობს.  ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში მომხდარმა ცვლილებებმა მას პედაგოგიური პრაქტიკის  გარდა, ქართული სახელმწიფოს  შესწავლის შესაძლებლობაც მისცა. მულტიკულტურულ გარემოში კარიერის გასაკეთებლად ის უფროსი კოლეგის რჩევით 2005 წელს ჩამოვიდა. იმდროინდელი  ნაცრისფერი ბათუმი და ბაზრის დახლებზე უწესრიგოდ დაყრილი თევზის  სუნი დღემდე იმ რთულ პერიოდს ახსენებს, შორეულ გურჯისტანში მიგრანტად ჩამოსვლა რომ გადაწყვიტა.


ესკიშეერში" ვსწავლობდი, ბოლო კურსზე რომ ვიყავი, ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც თბილისში ნამყოფი იყო, მირჩია, საქართველოში მოქმედ თურქულ სკოლებთან  დამეწყო თანამშრომლობა. ამ თემამ სერიოზულად დამაფიქრა, რადგან ვაცნობიერებდი, რომ საერთაშორისო გამოცდილება ჩემს პროფესიულ განვითარებას წაადგებოდა. თავდაპირველად ბათუმში ჩამოვედი. მახსოვს,დანგრეული ბინის ფასადები, საიდანაც სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ ჩანდა. თავი ომის დროს მიტოვებულ ქალაქში მეგონა, ახლანდელ ბათუმს ვერც შევადარებ. “- ამბობს მურათ ულუირმაქი



საკუთარი თავის დასამკვიდრებლად  საქართველოში ჩამოსული 21 წლის ახალბედა პედაგოგის ცხოვრებაში იყო სხვდასხვა ტიპის პრობლემები: ენობრივი ბარიერი, ეკონომიური სიდუხჭირე,  საცხოვრებლის პოვნის მუდმივი პრობლემა, თურქი მიგრანტების მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, ქვეყანაში არსებული კრიმინალი და რელიგიური განსხვავებულობა. მიუხედავად ამისა, მას მიზნისთვის არასდროს გადაუხვევია და მეტიც, ცხოვრების მთავარი  ნაბიჯიც საქართველოში გადადგა, 27 წლის ასაკში თურქ საცოლეზე დაქორწინდა და ოჯახით ქუთაისში  დასახლდა. 


ამბობს, რომ 16 წლის წინ საქართველოში ცხოვრებას არ გეგმავდა, თუმცა ახლა შვილების მომავალსაც აქ ხედავს და მათ მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრებისთვის აქედანვე ამზადებს. 


„მე რომ აქ ჩამოვედი, მაშინ თურქების მიმართ  ნეგატიური დამოკიდებულება იყო, რადგან ბევრმა თურქმა ზიანი მიაყენა საქართველოს, ჩვენი ხაზით ჩამოსულ ხალხს, ანუ პედაგოგებს ამ სტერეოტიპების შესაცვლელად ხანგრძლივი მუშაობა დაგვჭირდა. მე პირადად ჯერ კონფლიქტი არავისთან მქონია. კანონმდებლობის კუთხითაც არ მქონია გართულებები. მე და ჩემს მეუღლეს მუდმივი ბინადრობის უფლება გვაქვს, ხოლო შვილებს - დროებითი. პერიოდულად ვანახლებთ საბუთებს, საპრობლემო არაფერია.



წარმოშობით ჩერქეზი ვარ და ბევრი საერთო თვისება მაქვს ქართვლების  ხასიათთან, ამიტომ ამ კულტურაში ცხოვრება მალევე ვისწავლე. ენის ბარიერის გადაჭრით დავიწყე. თავიდან სკოლაში ინგლისურ ენაზე ვასწავლიდი, კანონით სახელმწიფო ენის ცოდნა არ მოგვეთხოვებოდა, მაგრამ მე მიზნად დავისახე ქართული მესწავლა. ჩემით, ყოველდღიური კომუნიკაციით, ქართული იმ დონეზე ვისწავლე, რომ  ენის გამოცდაც ჩავაბარე, მერე უფროსი მასწავლებელი გავხდი და ახლა გაკვეთილებს ქართულ ენაზე თავისუფლად ვატარებ.


 აქაურობა რელიგიური მრავალფეროვნების კუთხითაც საინტერსოა.  განსხვავებულ რელიგიასთან შეხებამ  ჩემს მსოფლმხედველობაზე კარგი გავლენა  მოახდინა. აქ ჩამოსვლამდე რაღაც საკითხებზე სხვაგვარად ვფიქრობდი. თითქოს, ჩემს რწმენასა  და შეხედულებებში  ვიყავი ჩაკეტილი. მაგალითად, წარმოუდგენელი მეგონა,  სხვა რელიგიის ადამინებთან ერთად საერთო  სუფრაზე მესადილა. ვიწრო ნაციონალური შეხედულებები მქონდა, რადგან ჩაკეტილ გარემოში ვიზრდებოდი. დღეს ჩემს ყველა მოსწავლეს ვურჩევ, დროებით მაინც გაემგზავრონ სხვადასხვა ქვეყნაში და განსხვავებულ კულტურებს ეცნონ.


ზოგადად, პატარ-პატარა დეტალები და სხვადასხვა ერების თანაცხოვრებაში მიღებული  გამოცდილება ქმნის  შეხედულებებს, რაზეც მეგობრობა ეფუძნება. მაგალითად, ძალიან მომწონს ქართული სუფრა,  განსაკუთრებით, ცომეული. როგორც იცით, რელიგიის გამო ღორის ხორცს  ვერ ვჭამ. საქართველოში, სადაც მეპატიჟებიან, საერთო სუფრაზე ხინკალი ყოველთვის საქონლის ხორცით კეთდება. საქართველოს პატარა ქალაქებში განსაკუთრებული ურთიერთობებია მეზოლებს შორის, რასაც  ვაფასებ და ვცდილობ, ჩემი ოჯახიც ასეთივე თბილი იყოს. რადიკალურად განწყობილი ადამიანები სულ იქნებიან, თუმცა მე ამ ქვეყანაში პოზიტივს მეტს ვხედავ,“-ამბობს, მურათ ულუირმაქი.


როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელს, განათლების სისტემაზე კრიტიკული  ხედვა აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ პროფესიული განვითარება ერთადერთი სამომავლო პერსპექტივაა.


 „ქართულ განათლების სისტემაში ბევრი ხარვეზი არის, რაც  მუდმივი რეფორმების რეჟიმითა  განპირობებული. არ შეიძლება, ყოველმა ახალმა ხელისუფლებამ ძველი რეფორმები სანაგვეში მოისროლოს.


ჩემი დაკვირვებით, საქართველო საკმაოდ წიგნიერი ქვეყანაა, რადგან აქ საკმაოდ ბევრს კითხულობენ. ყველა ოჯახს აქვს კარგი ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზიებსაც მომხმარებელი მუდმივად ჰყავს. თურქეთში მსგავსი ტენდენცია არ არის.


აქ მცხოვრებ მიგრანტებს ვურჩევ, შეისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა, მაგალითად, ბავშვები რომ წამოიზრდებიან, მინდა, ჩემს მეუღლესაც  ვასწავლო ქართული.ის პროფესიით ბუღალტერია და აქ სამსახურის პოვნის შანსი აქვს. ჩემი უფროსი ბიჭი ძალიან კარგი ქართულით საუბრობს, სკოლაში ისწავლა. გოგონებსაც აუცილებლად ქართულ ბაღში შევიყვან, რომ ენის ბარიერი დაძლიონ. სამომავლოდ, მეც ვფიქრობ ენის დახვეწას, რადგან დოქტორანტურაზე ჩაბარებას და აკადემიურ განვითარებას ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში გადავინაცვლო.


ჩემი დაშვებით, საქართველო უფრო მალე გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე -თურქეთი, ამიტომ ჩემს მომავალს ჯერ კიდევ აქ ვხედავ,“- ამბობს მურათ ულუირმაქი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია