დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგურამოს დღის ცენტრში 5 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/31 18:31:36

30 ივლისს, საგურამოში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ადმინისტრირებულ საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ 5 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნეს. მოწვეული სტუმრების წინაშე ანგარიშით წარსდგა EDEC-ის ბავშვთა დაცვის პროგრამების მენეჯერი სოფიო კუპატაძე და გასული 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

„დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური რეაბილიტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სწორი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო ორგანიზაციას ხარისხიანი სოციალური სერვისების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებისთვის, სახელმწიფოს პრიორიტეტი ოჯახის გაძლიერების სერვისების განვითარებაა,“ – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

 

„დღის ცენტრი „იალონი“ 6-დან 18 წლამდე ასაკის და 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შშმ) ბავშვებსა და პირებს „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო“ პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციისა და აბილიტაციის მომსახურებას 2017 წლიდან აწვდის. ამჟამად დღის ცენტრს 40-მდე ბენეფიციარი ჰყავს. ცენტრის მიზანია ბენეფიციარების აკადემიური, ფუნქციური და სოციალური უნარების განვითარების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა დღის ცენტრის ოპერირება და სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელება,“ – აღნიშნა ლიკა კილაძემ.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ, მცხეთა-მთანეთის მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბელა გოგია. 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ  დღის ცენტრის მხარდამჭერი და მეგობარი ორგანიზაციების, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, საელჩოების, ასოციაციების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მოწვეული სტუმრებისთვის საკუთარი ხელით, ადგილზე დაამზადეს სუვენირები. ღონისძიების ბოლოს კი სტუმრებს ტკბილეულითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია