დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი პირი
„მინდა, ისეთი ნაბიჯები გადავდგა, რომ ჩემმა შვილებმა ყოველთვის ამაყად თქვან - მე დათო ზაალიშვილის შვილი ვარ!“
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/07/06 10:41:50

 

ექსკლუზიური ინტერვიუ ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან,

 

დავით ზაალიშვილთან


 

 - ბატონო დავით,მინდა, რომ ჩვენი ინტერვიუ ორწახნაგოვანი იყოს, ანუ მკითხველს დავანახო დავით ზაალიშვილი,ერთის მხრივ,როგორც პიროვნება და,მეორეს მხრივ, -როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. ამიტომ საუბარი დავიწყოთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდებით, თუროგორია თქვენი განვლილი გზა ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებლობამდე?

 

- ბორჯომი ჩემი მშობლიური ქალაქია, დავიბადე 1981 წლის 29 სექტემბერს, დავამთავრეN2 საჯარო სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე გავაგრძელე. სპეციალობით ავტოინჟინერი ვარ.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“უსაფრთხოების სამსახურში დავიწყე.2014 წლიდან ბორჯომის მერიის  ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ტრანსპორტი“-ს დირექტორად დავინიშნე. მეამაყება ის ფაქტი, რომ  ბორჯომში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა ჩემი  დამსახურებაა. სამი წელი  „საზოგადოებრივ ტრანსპორტს“ ვხელმძღვანელობდი. ერთი წელი ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორად ვიმუშავე, 2019 წლის აპრილიდან ბორჯომის მერის პირველ მოადგილედ დავინიშნე. 2020 წლის 28 თებერვლიდან დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ვასრულებ.


 

დავით ზაალიშვილი


ნამდვილად საინტერესო გზა გაგივლიათ, თუმცა ეს სტატისტიკა რომ უფრო გავაცოცხლოთ, იქნებ ისეთი ეპიზოდი  მიამბოთ, რაც ყველაზე ძალიან დაგამახსოვრდათ.თუნდაც ის,რომელ პერიოდს  მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად?

 

- ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი ა(ა)იპების „საზოგადოებრივი ტრანსპორტისა“ და „დასუფთავების სამსახურის“ ხელმძღვანელობას უკავშირდება. ჩემი მუშაობის სტილი თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან მუდმივ კომუნიკაციას ეფუძნება. აღნიშნულ ა(ა)იპებში დასაქმებული  ადამიანები მუხლჩაუხრელად შრომობენ  ბორჯომის სისუფთავის, იერსახის მოწესრიგებისა და ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებისათვის. ვთვლი,რომ ჩვენი ქალაქის სიყვარული სწორედ ამას ნიშნავს, იზრუნო მის განვითარებასა და წინსვლაზე.

 

რიგით ბორჯომელებთან, მეეზოვეებთან, მძღოლებთან დღესაც ყოველდღიური შეხება მაქვს , ვცდილობ მაქსიმალურად ახლოს ვიყო ადგილობრივებთან, რომ სწორად განვსაზღვრო მათი საჭიროებები, დავინახო რეალური ვითარება და ის პრობლემები,რაც მათ აწუხებთ.ჩემი თითოეული გადადგმული ნაბიჯი ხალხის კეთილდღეობას ემსახურება,მე საკუთარ თავს რიგით ბორჯომელად ვთვლი,ვისაც უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა ქალაქის საკეთილდღეოდ.

 

- ბატონო დავით, სამსახურს გარეთ, თქვენი საყვარელი საქმე რა არის?

- ჩემი ჰობი ფეხბურთია. თავისუფალ დროს სპორტის ამ სახეობას ვუთმობ.

 

- ოჯახი როდის შექმენით? გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები

- ოჯახი 2009 წელს სიყვარულით შევქმენი. ჩემი მეუღლე პროფესიით ეკონომისტი, თამარ ამანათაშვილია,ორი ქალიშვილი მყავს, 11 წლის ანი და 4 წლის ნინი ზაალიშვილები. დედა დარეჯან ლომიძე წლების განმავლობაში ბორჯომის მინის ქარხანაში კადრების განყოფილების უფროსი იყო,მისი ღვაწლი ოჯახისა და ბორჯომის წინაშე განსაკუთრებით აღსანიშნი და საამაყოა. მამა  გარდაცვლილი მყავს.

 

-  ბატონო დავით, ოჯახმა რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- დაოჯახებამდე ჩემი ხედვები და ცხოვრებისეული მიზნები განსხვავებული იყო. დღეს ვცდილობ,ჩემს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ოჯახისთვის საამაყო იყოს. მე მყავდა ბებია-ბაბუა, რომელთა სახელებითაც დღემდე ვამაყობ. ბაბუა დედის მხრიდან იყო ვაჟა ლომიძე, რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელი, ბებია - ვენერა ლომიძეც რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელი იყო. იმ დროისთვის ბებია ბორჯომსა და მთელ საქართველოში ერთადერთი ქალი ხელმძღვანელი იყო რკინიგზაში. მეამაყება, რომ რკინიგზის მუზეუმში ოქროს ასოებითაა ვენერა ლომიძე შეტანილი. დღესაც,სიამაყით ვუსმენ, როგორ აღნიშნავენ ბებიის ღვაწლს რიგითი ადგილობრივები . სწორედ ამიტომ ვცდილობ, რომ ჩემმა შვილებმაც იამაყონ ჩემით და ყოველთვის ამაყად თქვან, რომ „მე დათო ზაალიშვილის შვილი ვარ“. მითუმეტეს, ახლა, როცა ჩემსკენ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაა მომართული. ყოველდღიურად ვურთიერთობ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებთან, ვცდილობ, რომ ყველას მხარი დავუჭირო და კანონის ფარგლებში დახმარება აღმოვუჩინო.

 

- ბატონო დავით,თქვენ ახლა ისეთი საინტერესო ისტორია მოყევით ბებია-ბაბუის შესახებ, რომ ეს ყველაფერი მაინც, ჩემი აზრით, პატრიოტიზმთანაა დაკავშირებული,თქვენი ბებია ყველა საქმეს აკეთებდა იმიტომ, რომ თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო... და აი, საინტერესოა, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს პატრიოტიზმი, საიდან იწყება თქვენთვის სამშობლო?

 

- როგორც ყველა ქართველს, მეც  სულში მაქვს ჩემი ქვეყნის სიყვარული.  სანამ ძალა და ენერგია მაქვს, მინდა  ჩემს ქვეყანას დაუღალავად ვემსახურო.მაქსიმუმს ვაკეთებ და მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას უდიდესი შემართებით. მინდა ჩემი წილი აგური დავდო როგორც საქართველოს გასაძლიერებლად,ასევე - ბორჯომის საკეთილდღეოდ.

 

- ბატონო დავით, ვიდრე ჩვეულებრივი რიგითი ბორჯომელი იყავით, თუ გქონიათ ასეთი ფიქრი: „მე რომ ბორჯომის მერი ვიყო, ამას გავაკეთებდი, ამ პრობლემას ასე გადავჭრიდი“ და ა.შ. რა მოგწონდათ ან რა არ მოგწონდათ? და დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, რამდენად მარტივია გარედან დანახული პრობლემების გადაჭრა?

-  რაც საჯარო სამსახურში დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ მივხვდი, რამდენად რთული და თითქმის შეუძლებელიც კია ყველა პრობლემის გადაჭრა და  ქალაქის თითოეული მცხოვრების  საჭიროების დაკმაყოფილება. ხშირია შემთხვევები, როცა კონკრეტული პრობლემის მოგვარება გინდა, მაგრამ არსებული  ბიუჯეტი ან  საკანონმდებლო რეგულირება არ გაძლევს ამის საშუალებას.


ბორჯომის მერობის შემთხვევაში რას გავაკეთებდი, ამაზე თანამდებობაზე დანიშვნამდე არასდროს მიფიქრია, თუმცა გეტყვით, რომ მიუხედავად მრავალი თაობისა თუ ხელმძღვანელის ცვლილებისა, ბორჯომელები დღესაც იხსენებენ  ქალაქის თავის, ბახვა კუხიანიძის გაკეთებულ საქმეებს და ამბობენ „ბახვას დროს რომ გაკეთდა“, „ბახვას დროს რომ აშენდა“, „ბახვას დროს რომ შეიქმნა“,ქალაქის მერის ამპლუაში ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით ბახვა კუხიანიძის დონემდე ავიდე და კიდევ უფრო მეტად დავამახსოვრო თავი ჩემს ბორჯომელებს.

 

- დღეს, როგორც ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აუცილებელ და სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებს?

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული. გვაქვს როგორც ზაფხულის, ისე - ზამთრის კურორტები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სახელმწიფო ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყოს და როგორც ქალაქი, ასევე საკურორტო სოფლები ტურისტულად კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს. იყო პერიოდი, როცა ტურიზმის კუთხით აქცენტი  მხოლოდ ქალაქ ბორჯომზე კეთდებოდა, მაგრამ ჩვენ ტურიზმის გაფართოების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ყველა ისეთ სოფელში, სადაც არასდროს არ ყოფილა  გზა, გარე განათება,  დასასვენებელი თუ გასართობი  სივრცეები,  სტადიონი, -  დაგვეწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტურისტული სოფლების აღმშენებლობა. ამ კუთხით  სამომავლოდაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი.


 

გვინდა, რომ ტურისტი არამარტო ბორჯომში ჩამოვიდეს, არამედ სოფლებითაც დაინტერესდეს და მისი დარჩენის ხანგრძლივობა ჩვენს მუნიციპალიტეტში უფრო მეტად  გაიზარდოს,რაც ხელს შეუწყობს სოფლის ტურიზმის განვითარებას. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ყველა სოფელი იყოს დატვირთული ტურისტული კუთხით. ბორჯომის მუნიციპალიტეტი 33 სოფელს მოიცავს, ფაქტობრივად, მათი ნახევარი  ოფიციალურად საკურორტო ზონაა.  ყოველ წელს  სოფლებსა თუ დაბაში ვცდილობთ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებას. ერთიანად, ბუნებრივია, ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებითა და ცენტრალური ხელისუფლებისდახმარებით, ქალაქსა და სოფლებში  წელიწადში დაახლოებით 15 მილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. შეიძლება ითქვას, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა 90%-ით ყველა სოფელში მოწყობილია, თითქმის ყველგანაა დასასვენებელი სივრცეები, გარე განათება, სკვერები, ფიტნეს ზონები, სპორტული მოედნები და სხვა.


 

წელს დავიწყეთ ფასადების რეაბილიტაციის პროექტი, გვინდა ქალაქის იერსახე კიდევ უფრო გალამაზდეს. მიმდინარეობს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია,როგორც ქალაქში, ასევე  სოფლებში.


არ შემიძლია არ აღვნიშნო  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეგიონების განვითარების პროგრამა. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მერაბ კოსტავას სახელობის მოედნისა და ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელსაც  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჯდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით რეაბილიტაცია უტარდება კავალერიის შენობას, რომელიც ასევე  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე მოეწყობა. ბორჯომის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს  ჰესის რეაბილიტაცია, რომელიც რომანოვების დროსაა აშენებული და მის რეაბილიტაციას  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და რეგიონული განვითარების ფონდიახორციელებენ.


სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებით რამდენიმე პროექტის განხორციელებას, რაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ტურისტულილოკაციების რაოდენობას გაზრდის.ჩვენი მიზანია, მრავალფეროვანი ტურისტული ლოკაციები შევთავაზოთ ტურისტს, რომ 3-4 დღე მაინც დარჩესბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ჩამოთვლილი პროექტებიდან უმრავლესობა დაწყებულია,  წლის ბოლომდე კვლავ გავაგრძელებთ მათ განხორციელებას.საერთო ჯამში 20 მილიონის ღირებულების პროექტები განხორციელდება.

 

- ბატონო დავით, მართლაც ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბორჯომის მიღმა სოფლებსა თუ დაბებშიც ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ჩვენი მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მცირე კვლევებზე დაყრდნობით მინდა, გითხრათ,  რომ ახალგაზრდებისთვის არცერთ სოფელში არ არსებობს არანაირი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ისინი თუნდაც სხვადასხვა წრეებში დამატებით უნარებს განივითარებენ, ან უბრალოდ დასხდებიან, წიგნს წაიკითხავენ, მუსიკას მოუსმენენ, ისაუბრებენ და ა.შ. კონკრეტულად, მაგალითად, კურორტ ახალდაბის მაგალითი რომ განვიხილოთ.(ახალდაბაში ჩვენ რედაქციის ბიურო და ახალგაზრდული მედიაკაფე გვაქვს და შედარებით უკეთ ვიცნობთ აქაურ პრობლემებს). წინა თაობებს ახსოვთ, რომ აქ, ახალდაბაში, კულტურის სახლიც იყო, თავისი წრეებით, აქტიური ბიბლიოთეკაც და კინოჩვენებებიც იმართებოდა, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი განადგურების პირასაა. რაიმე სასიკეთო ინფორმაციას ხომ ვერ გვეტყვით ამ კუთხით?

 

-  ახალდაბისთვის ნამდვილად მაქვს ამ მხრივ სასიხარულო ინფორმაცია, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ივლისში  ცნობილი გახდება შემსრულებელი კომპანია, რომელიც კულტურის სახლის შენობას რეაბილიტაციას ჩაუტარებს. მოწესრიგდება კულტურის სახლის შენობაში განთავსებული სხვა სივრცეებიც. მათ შორის: მუსიკალური, ბიბლიოთეკა და გამგებლის წარმომადგენლის ოფისი.


- აქვე ერთი დაპირებული პროექტიც უნდა შეგახსენოთ,რომელიც ახალდაბის რკინიგზის უძველეს სადგურთან არსებული სკვერის განახლება-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.მიმდინარე წლის ბიუჯეტშიცაა ჩასმული, როგორც თქვენ გასული წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ. თუ არ ვცდები, ტენდერიც იყო  გამოცხადებული და საინტერესოა, რა შედეგით დასრულდა, როდის უნდა ველოდეთ რეაბილიტირებულ პარკს?

 

-  კი, გიდასტურებთ... თუმცა ეს პროექტი დროებით შევაჩერეთ. ვინაიდან სკვერის მიმდებარედ მოსახლეობის თანხმობით  მცირე ჰესი უნდა აშენდეს, სამუშაო პროცესებს ხელს შეუშლის  სკვერის რეაბილიტაცია,სწორედ ამიტომ როდესაც ჰესის მშენებლობა დასრულდება, სკვერის რეაბილიტაცია მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება. ჰესის მშენებელი ქართული კომპანია დამატებით 50 000 ლარის ინვესტიციას დებს  სკვერის კეთილმოწყობაში.ჩემი ინფორმაციით ჰესის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება,  მომავალი წლის ბოლოს კი სკვერის რეაბილიტაციასაც დავიწყებთ.

 

- ახალდაბის კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა გესაუბროთ: ეს არის ღია საჭიდაო მოედანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ  ევროკავშირის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით აშენდა, სამწუხაროდ, ვიღაცის დაუდევრობით ისე არასტანდარტული პარამეტრებითაა გაკეთებული, რომ საჭიდაოდ გამოუსადეგარია, აქ მოჭიდავე გდებას ვერ აკეთებს, ფაქტობრივად, რის გამოც აშენების დღიდან შენობა უფუნქციოდაა.

-  დიახ,  საჭიდაო დარბაზი წლების წინ აშენდა, მაგრამ დღესაც დაკეტილია, რადგან სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა არ იყო შექმნილი, მათ შორის, არც გასახდელები. შარშან გასახდელები ავაშენეთ და მცირე სპორტული მოედანი მოვაწყეთ მიმდებარედ. წელს უკვე იგეგმება (დაახლოებით მომავალი თვიდან დაიწყება) ამ ტერიტორიის შემოღობვა, ფეხით სავალი ნაწილების მოპირკეთება, დაიდგმება სკამები, დამონტაჟდება გარეგანათება. ასევე მოწესრიგდება შენობა-ნაგებობა და შემოვიტანთ გასახდელების შესაბამის ინვენტარს.  საჭიდაო მოედანი გადაკეთდება, შესაბამისი სტანდარტების დაცვით, გაიზრდება საჭიდაო სივრცე და მოწესრიგდება სკამები.გვინდა ერთიანი სპორტული სივრცე მოეწყოს, სადაც ერთობლივად იქნება სპორტული მოედანი,ჭიდაობის დარბაზი, გასახდელები,ტრენაჟორები, დასასვენებელი სივრცე.

 

- ძალიან კარგი. ახლა, მოდით, ისევ ახალგაზრდულ და კულტურის თემას დავუბრუნდეთ. მაინტერესებს ბორჯომის სხვა სოფლებში თუ არის დაგეგმილი რაიმე ახალგაზრდული პროექტები?

- თითქმის ყველა სოფელში ვაკეთებთ ახალგაზრდებისთვის სპორტულ მოედნებს, ფიტნეს ზონებს და  დასასვენებელ სივრცეებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე - ტურისტული დატვირთვაც აქვს .მომავალი წლიდან ვგეგმავთ  სხვადასხვა სოფლებში ისეთი შენობების რეაბილიტაციას, რომელებიც ახალგაზრდული მიმართულებით იფუნქციონირებენ.წელს ახალდაბის კულტურის სახლს ვუტარებთ რეაბილიტაციას.შენობების რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაზეა  დამოკიდებული, როგორ გააცოცხლებენ ამ სივრცეებს. როგორც აღვნიშნე სოფლებში რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სპორტულ დარბაზებს, პედაგოგები დავნიშნეთ, რომ სპორტის კუთხით ბავშვები  დატვირთულები იყვნენ, ესენია ჭიდაობა, ძიუდო და  ფეხბურთი.



- სოფლებში ბავშვებს ძალიან უნდათ გიტარის, სიმღერის თუ ცეკვის წრე, ასევე - თეატრალური თუ ლიტერატურული წრე - იქნებ ამ კუთხითაც იზრუნოთ.

- ძირითადად, სოფლებიდან უფრო მეტი მოთხოვნაა სპორტის მიმართულებით და პირველ რიგში, ამაზე ვზრუნავთ, თუმცა ვისაც გიტარა, ცეკვა თუ სიმღერის წრეები აინტერესებს, ამისთვის ჩვენ ბორჯომში  რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სამუსიკო სკოლას და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როგორც სპორტულ წრეებზე, ასევე სამუსიკო სკოლასა თუ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბავშვებისათვის ყველა მომსახურება არის უფასო და ფინანსდება ბიუჯეტიდან.

გასულ წელს  წაღვერის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ბორჯომში ვგეგმავთ ასევე კულტურისა და ხელოვნების ცენტრის რეაბილიტაციას, გვინდა ახალგაზრდებს  კიდევ უფრო მეტი სტიმული მიეცეთ, რომ დამატებითი განათლება სასიამოვნო გარემოში მიიღონ.


ისევ განვმეორდები და ვიტყვი,რომ პანდემიამ კულტურული ღონისძიებების კუთხით შეგვაფერხა, გვაქვს არაერთი საინტერესო იდეა, რაც ზაფხულობით სოფლებში  სახალხო ღონისძიებების ჩატარებას ითვლისწინებს.ბოლო სამი წლის მანძილზე ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ)პარკში ვაწყობდით ცნობილი მომღერლების კონცერტებს. სამომავლოდ ვფიქრობთ სხვადასხვა ფესტივალის გამართვაზე,მთავარია, ცხოვრების ჩვეული რიტმი დაბრუნდეს ქვეყანასა და მსოფლიოში.


 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდული მიმართულებით წელს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა დავნერგეთ, წარჩინებული სტუდენტები სემესტრულად ფულად ჯილდოს, 1000ლარის ოდენობით იღებენ. ასევე ახალგაზრდებს,პედაგოგებთან ერთად ვაჯილდოებთ სპორტსა თუ სხვადასხვა კულტურულ სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის. ფინანსური ჯილდოები გვაქვს  სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვისაც.

 

ახალგაზრდებთან შეხვედრების დროს გამუდმებით ვაჟღერებთ,რომ მათი აქტიურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას საინტერესო იდეები მოგვაწოდონ,რომელთა განხორციელებაშიც მხარდაჭერას ვპირდებით.


 

- ბატონო დავით, თუ სწორად მივხვდი, თქვენს ბიუჯეტს აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებმა წარმოადგინონ მათთვის საინტერესო პროექტები და ბიუჯეტმა დააფინანსოს.

დიახ. ახალგაზრდებს შეუძლიათ, პროექტი დაწერონ, წარმოადგინონ ჩვენთან, განიხილავს კომისია და მოწონების შემთხვევაში, ახალგაზრდა დაჯილდოვდება მუნიციპალიტეტი კი მოწონებული პროექტის განხორციელებას დააფინანსებს.

 

-  ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, ბატონო დავით. ჩვენი რედაქციის წარმომადგენლობა ახალდაბაში და მასთან არსებული ახალგაზრდული მედიაკაფე ნამდვილად გაუწევს პოპულარიზაციას ამ ინფორმაციას ახალგაზრდებში და იმედი მაქვს, რომ ისინი საინტერესო პროექტებით „შეგაწუხებენ“.

 

ამჯერად კი გვინდა,დიდი მადლობა გითხრათ საინტერესო და მრავალფეროვანი ინტერვიუსთვის. გისურვებთ, რომ თქვენი წარმატებული საქმეებით ერთნაირად ეამაყოთ თქვენს შვილებსაც და ბორჯომელებსაც!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია