დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება
2021/03/24 00:03:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გრძელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია. ამჯერად, ცესკოს შესახებ ცრუ, გადაუმოწმებელი ბრალდებები და არასწორი ინფორმაცია მედიის საშუალებით პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

 

22 მარტს, ცესკოში გამართულ სხდომაზე, კანონმდებლობის სრული დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს კანონით დადგენილი  ხუთწლიანი ვადის  ამოწურვის გამო. შესაბამისად, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეებად „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ადამიანები ინიშნებოდნენ. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს - შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები არ ინიშნებიან და მათ არა ცესკო, არამედ თავად  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ირჩევენ.

 

კომისიის მდივნისთვის უფლებამოსილების გაზრდის მცდარ ბრალდებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ცესკოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ცესკოს აპარატის ფუნქციები განახლდა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა იმგვარად დახარისხდა, რომ ხელი შეეწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ პროფესიულ განვითარებას. მათ შორის, შეიქმნა ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციებისთვის, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და სწორედ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია ამ თემით მანიპულირებაც.

 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების განცხადებაში არაერთი უზუსტობა იყო; მაგალითად, არასწორად იყო დასახელებული საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმღვანელი პირების სტატუსი, მათ შორის ცესკოს მდივნის ნაცვლად თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ცესკოს წევრის ნაცვლად - ცესკოს იურისტი, ასევე გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სხვა პირი იქნა დასახელებული.

 

ამასთან, ყოველგვარ ეთიკას სცილდება ის ფაქტი, რომ პარტიის წარმომადგენლებმა მედიას წარუდგინეს ცესკოს მდივნის ოჯახის წევრების ფოტოები, რომელთა საქმიანობაც არანაირად არ არის დაკავშირებული საარჩევნო ადმინისტრაციასთან.  შესაბამისად მიუღებელია ამგვარი ქმედებები და ამასთან, გაურკვეველია რას ემსახურებოდა მათი პირადი ფოტოების გამოქვეყნება.

 

რაც შეეხება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ გაცემულ გრანტებს, არასწორად, ცალმხრივად და შერჩევით გავრცელდა  ინფორმაცია, რომ სწავლების ცენტრმა გასცა გრანტები იმ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ცესკოსთან. სწავლების ცენტრი გასცემდა თანხებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტის გაცემის წესისა და შესაბამისი კრიტერიუმების თანახმად. საგრანტო საკონკურსო კომისია კი კომპლექტდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორის, სახაზინო/საბიუჯეტო დაწესებულებების წარმომადგენლებით. აღსანიშნავია, რომ საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არ შედიოდნენ ცესკოს წევრები და სწავლების ცენტრში დასაქმებული პირები და წლების მანძილზე საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მუდმივად წარმოდგენილი იყვნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია საჯაროა და შეგიძლიათ იხილოთ ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge).

 

დისკრედიტაციული კამპანიის ფარგლებში ასევე, გავრცელდა მორიგი სიცრუე ცესკოში ხელმძღვანელი პირების ხელფასების გაზრდის შესახებ. ამასთან,  აღნიშნული თემის  გაშუქებისას ტელეკომპანია „მთავარმა“ ცესკოში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ტელემაყურებელს არა ცესკოს, არამედ სულ სხვა უწყების დოკუმენტაციის, საშტატო ნუსხისა და ხელფასების ამსახველი კადრები აჩვენა.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. ცესკომ 2020 წელს  შესაბამისი რეაგირებისთვის წერილობით ორჯერ მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ჟურნალისტებმა დაარღვიეს ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების და მედიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ინსტიტუციური ზიანის მიყენების მცდელობას.

 

შესაბამისად, მივმართავთ მათ იმოქმედონ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით  და თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც აღიქმება მიზანმიმართულ დამაზიანებელ კამპანიად საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნის მიზნით.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპის სრული დაცვით და ყოველთვის  მზადაა ჩართულ მხარეებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვანია სანდოობისა და შემდგომი განვითარებისთვის. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია