დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალდაბელმა მოსწავლეებმა ინოვაციურ- ინტეგრირებული გაკვეთილებით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს: იაპონია, მექსიკა, თურქეთი, ვიეტნამი...
2021/01/29 23:12:50

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლისთვის ახალი სასწავლო სემესტრი მთელი რიგი ინოვაციებით დაიწყო. ინგლისური ენის პედაგოგმა, თამარ დემეტრაშვილმა  ახალი პროექტი დანერგა, სახელწოდებით ,,ინოვაციურ-ინტეგრირებული გაკვეთილები მსოფლიოს გარშემო,“ რომლის მთავარი მიზანი უცხო ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების შეცნობა, ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება, ინგლისური ენის ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

საგაკვეთილო პროცესში ჩართვა მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, მოსწავლეები ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას კულტურის, ტრადიციების შესახებ.

როგორც პედაგოგმა თამარ დემეტრაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი მართლაც რომ ინოვაციურია მოსწავლეებისთვის. პირველ რიგში, საგაკვეთილო პროცესი გახდა მეტად საინტერესო და აქტიური, ყველა მოსწავლე ჩართულია, მათ დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა, გაიცნეს სხვადასხვა ქვეყნების კულტურა,ტრადიციები, სასკოლო ცხოვრება. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ, როგორია იაპონელი მოსწავლეების ერთი დღე სკოლაში, როგორ მუშაობენ ვიეტნამის მოსწავლეები, როგორია მათი გარემო, რა უყვართ მექსიკელ ბავშვებს, ან რამდენად ბევრი იციან თურქმა მოსწავლეებმა საქართველოს შესახებ.

 

თამარ დემეტრაშვილი გვიამბოს ამ ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ:

"პროექტის იდეა გამიჩნდა ერთ-ერთი ტრენინგის დროს, როდესაც ჩემმა კოლეგამ ახსენა ინტეგრირებული გაკვეთილები უცხოელ მასწავლებელთან ერთად, ამის შემდეგ დავიწყე მსურველი მასწავლებლების ძიება სოციალურ ქსელში და მიზანსაც მალე მივაღწიე. მე ვასწავლი ახალდაბის საჯარო სკოლაში და გარდა ამისა, ვარ "აქსესის პროგრამის" მასწავლებელი. ჩემი მოსწავლეების ასაკი ძირითადად არის 13-16 წლამდე, ამიტომ ვეძებდი მასწავლებელს,რომელიც იგივე ასაკის მოზარდებთან მუშაობდა. ძალიან მინდოდა, პირველი სტუმარი იაპონია ყოფილიყო და ნამდვილად გამიმართლა, რადგან ჩემი იაპონელი კოლეგა არის უდაოდ აქტიური და გამოცდილი პედაგოგი. შესანიშნავი გაკვეთილი გამოგვივიდა. მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, იმდენად კმაყოფილები იყვნენ.მათი ყურადღება მიიქცია იაპონურმა სამოსმა, სამზარეულომ და სასკოლო ცხოვრებამ. მიუხედავად პანდემიისა, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სკოლაში. მოსწავლეები ვირტუალურად ესწრებოდნენ მათთვის ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ ქართველი მოსწავლეებისთვის უჩვეულო გაკვეთილს. გაკვეთილი მიმდინარეობდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული წესების სრული დაცვით, მოსწავლეები ატარებდნენ თბილი ქსოვილისგან შეკერილ სასკოლო ფორმებს,რადგად მათ სკოლებში ძალიან ცივა,რადგან არ აქვთ ჩართული გათბობა, ჭამენ ძალიან ცოტას,ძირითადად ბოსტნეულს და სვამენ ტრადიციულ მწვანე ჩაის. არიან ძალიან მოწესრიგებული, პუნქტუალური მოსწავლეები. ჩვენსა და იაპონიას შორის არის 5 საათი სხვაობა, მათი გაკვეთილები იწყება შუადღის 2 საათზე იაპონიის დროით. უამრავი კითხვა ჰქონდათ ჩემს მოსწავლეებს, ძირითადად ეხებოდნენ კულტურას, თანამედროვე მომღერლებს, კინოს, ანიმეს, და ყველას აინტერესებდა, ჭამდნენ თუ არა ისინი სუშის ყოველ დღე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგაც კი ვერ მალავდნენ ემოციებს,  უნდოდათ, დაუსრულებელი ყოფილიყო გაკვეთილი.

 

რაც შეეხება თურქეთის, კერძოდ, სტამბულის სკოლის მოსწავლეებთან ჩართვას, აქ მეტად შინაურული იყო დამოკიდებულება. ალბათ, ეს იმიტომ,რომ ის ჩვენი საზღვრე ქვეყანაა. რამდენიმე მოსწავლის წინაპრები ქართველები აღმოჩნდნენ, რამაც ძალიან გაგვახარა. განსაკუთრებული ყურადღება დავიმსახურეთ ჩვენ, რადგან აღფრთოვანდნენ ქართული ცეკვით, ღვინის ტრადიციით, სიმღერით, საინტერესო და ლამაზი ადგილებით, ეს ყველაფერი მათ ვიდეო კოლაჟის სახით იხილეს. შესაძლოა, პანდემიის დასრულების შემდეგ ისინი საქართველოში გვესტუმრონ.

 

მორიგი ქვეყანა არის მექსიკა - წარმოიდგინეთ, სადამდე წავედით, რომ სულ სხვა კონტინენტზე ვიმოგზაურეთ. საოცრად აქტიური და მონდომებულია ჩემი მექსიკელი კოლეგა, რომ ურთიერთობები გააგრძელოს მომავალში. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პატარა ქვეყანა და ახლა მექსიკის ჯერია, უნდა ეცადონ,რომ თავი მოგვაწონონ, მოლოდინები გვაქვს უსაზღვრო. გარდა ამისა, ბორჯომისა და ახალდაბის სკოლის მოსწავლეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ურთიერთობენ მექსიკელ მოსწავლეებთან, რაც ამ პროექტის კიდევ ერთი ნაწილია, ვირტუალური მეგობრების შეძენა.

 

 და ბოლოს, - ვიეტნამი. ბავშვების გაოცება გამოიწვია საგაკვეთილო სივრცემ, ტექნიკის ფართო გამოყენებამ, ინგლისური ენის ფლობამ. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა საკლასო სივრცეში, ყოველი აქტივობა დაგეგმილი იყო განსხვავებული ელექტრონული რესურსების გამოყენებით, მოსწავლეები შეუზღუდავად იყენებდნენ ტელეფონებს, თითოეულ მერხზე განთავსებული იყო კომპიუტერი, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები ასრულებდნენ ქვიზებს, ტესტებს. ჩვენი მოსწავლეებისთვის სწორედ ეს იყო გასაოცარი: ტექნოლოგიების მრავალფეროვნად გამოყენება.

 

 ეს პროექტი მართლაც არის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი, ჩემი მოსწავლეები ვერ მალავენ სიხარულს, გაოცებას, მოლოდინს. ყველაზე საამაყო მაინც ერთი რამ არის, ისეთმა დიდმა ქვეყნებმა, როგორიცაა იაპონია, თურქეთი, ვიეტნამი და მექსიკა გაიგეს ჩვენი პატარა ქვეყნის, მათ შორის, ბორჯომისა და ახალდაბის  შესახებ. მოსწავლეების მიერ წარდგენილმა პრეზენტაციამ, ვიდეო კოლაჟმა მათ გაუღვიძა სურვილი, ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას. მე ნამდვილად მეამაყება ჩემი და თითოეული ჩემი მოსწავლის წვლილი ამ დიდ საქმეში."

 

თამუნა მასწავლებლის თქმით, თითოეული ონლაინ გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლეები აგრძელებენ ურთიერთობას უცხოელ მეგობრებთან სოციალური ქსელის მეშვეობით და იმედოვნებენ,რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები გაგრძელდება და მათ ექნებათ საშუალება, მეტი უცხოელი მეგობარი შეიძინონ.

 

"დიდი მადლობა თამუნა მასწავლებელს ასეთი გაკვეთილებისთვის, ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, სრულიად განსხვავებული ტიპის გაკვეთილებში ჩავრთულიყავით. იმედი გვაქვს,მომავალში კიდევ გვექნება ამის შესაძლებლობა" -აღნიშნეს პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ჩვენთან საუბრისას.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 808
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია