დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქამბავი
პაატა ნაცვლიშვილი:"იძინე ტკბილად, ჩემო კაპიტანო!"
2020/12/22 19:46:24
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, პაატა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში საინტერესო, ისტორიულ და სევდიან პოსტს აქვეყნებს სახელგანთქმული ბრიტანელი მოგზაურის, ტიმ სევერინის შესახებ. გთავაზობთ ამ პოსტს:


"ისტორიული მოგზაურობების ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა! 18 დეკემბერს ირლანდიის ქალაქ კორკში 80 წლისა გარდაიცვალა სახელგანთქმული ბრიტანელი მოგზაური, მეცნიერი და მწერალი, კაპიტანი ტიმ სევერინი.
ტიმ სევერინის მოგზაურობები მითიურ, ისტორიულ თუ ლიტერატურულ პერსონაჟთა კვალდაკვალ მთელი 60 წლის განმავლობაში აღაფრთოვანებდა თავგადასავალთა მაძიებლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
როცა პირველად გავიგე ტიმ სევერინის სახელი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ერთ მშვენიერ დღეს მისი ერთი ყველაზე გამორჩეული მოგზაურობის მონაწილე გავხდებოდი და თანამედროვე არგონავტებად მონათლული რჩეული ოქსფორდელი ნიჩბოსნების გვერდით დავიკავებდი ადგილს სევერინის „არგოზე“.
„არგომდე“ და იასონის კოლხეთში მოგზაურობის გამეორებამდე ტიმ სევერინმა რამდენიმე დიდი სამოგზაურო-სამეცნიერო პროექტი განახორციელა: 1961 წელს, 21 წლისამ, მან მოტოციკლით გაიარა მარკო პოლოს გზა ვენეციიდან ბომბეიმდე, 1967-ში ამერიკის პირველი მკვლევარების კვალდაკვალ კანოეთი დაღმა დაუყვა მდინარე მისისიპის; შემდეგ იყო უნიკალური პროექტი რომელიც VI საუკუნის ირლანდიელი ბერის, წმინდა ბრენდანის მოგზაურობის გამეორებას ისახავდა მიზნად და რომელიც 1977 წელს დაგვირგვინდა ტყავის ნავით ჩრდილოეთ ატლანტიკის გადაცურვით ირლანდიიდან ნიუფაუნდლენდამდე. ამას მოჰყვა „სინდბადის მოგზაურობა“ 1980-1981 წლებში „სოჰარით“ – ძველი არაბული ხომალდის რეპლიკით მასკატიდან გუანჯოუმდე, რითაც სევერინმა ათას ერთი ღამის ზღაპრებში აღწერილ მოგზაურობათა ნამდვილობის შესაძლებლობა დაამტკიცა.
ამის შემდეგ იყო სწორედ „იასონის მოგზაურობა“, რომელიც არგონავტთა კოლხეთში მოგზაურობის ნამდვილობის დამტკიცებას ისახავდა მიზნად. ანტიკური „არგოს“ რეპლიკა სევერინმა საბერძნეთის კუნძულ ვოლოსზე ააგო და კოლხეთისაკენ გამოეშურა.
ბრიტანელთა ძირითადი ეკიპაჟის გარდა და მათთან ერთად „არგოზე“ კიდევ სამი ეკიპაჟი იყო მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე: ბერძენთა, თურქთა და ქართველთა. ქართველთა შორის მეც გახლდით, როგორც „არგოს“ მენიჩბე და საქართველოს ტელევიზიისა და გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის საქართველოს ტელევიზიის მაშინდელ ხელმძღვანელს ნუგზარ ფოფხაძეს და გაზეთ „ლელოს“ რედაქტორს არჩილ გოგელიას. სათანადო საზღვაო კვალიფიკაცია და შორეული ნაოსნობის მატროსის ოთხწლიანი გამოცდილება კი მიმარგებდა ზურგს, მაგრამ „არგოს“ მენიჩბისათვის ეს საკმარისი არ იყო და ინდივიდუალური მომზადების გარდა ექსპედიციამდე ოთხვთიანი საწვრთნელი შეკრება გავიარე პალიასტომზე საქართველოს საუკეთესო ნიჩბოსნების მხარდამხარ. სხვათა შორის ჩვენი ეკიპაჟის წევრი იყო სახელგანთქმული აფროსანი ჯუმბერ ცომაია – პირველი ქართველი, რომელმაც დედამიწას შემოუარა საკრეისერო იახტით.
1984 წელს არგონავტთა კვალდაკვალ ტიმ სევერინის ექსპედიციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი და უზარმაზარი გამოცდილება იყო. დიდი პატივი იყო ჩემთვის ისიც, რომ სევერინმა უფლება მომცა, ამ მოგზაურობის შესახებ წიგნი დამეწერა, რომელიც 1985 წელს გამოიცა კიდეც თბილისში. სავერინის წინა მოგზაურობების ფონზე წიგნში დაწვრილებით მაქვს აღწერილი „არგოს“ მთელი გზა და განსაკუთრებით მოგზაურობის ფინალი უკვე ქართველთა მონაწილეობით. ჩვენ სარფში შევცვალეთ თურქული ეკიპაჟი, „არგო“ ჯერ ბათუმში, მერე კი ფოთში – ანტიკურ ფაზისში შევიყვანეთ, ბოლოს აღმა ავუყევით რიონს, მოვიხილეთ ანტიკური ვანის ნაქალაქარი და ღუზა სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონის სახლთან ჩავუშვით. ვანში ტიმ სევერინის და მისი არგონავტების მთავარი მასპინძელი, რაღა თქმა უნდა, ცნობილი არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე იყო, რომლის შრომებს სევერინი საქართველოში ჩამოსვლამდე გასცნობოდა და თავისი პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მეცნიერულ საყრდენად სთვლიდა.
ერთი წლის შემდეგ, 1985-ში ტიმ სევერინმა იმავე ხომალდით ოდისევსის გზაც გაიარა ტროადან ითაკამდე. 1987-88 წლებში იგი ჯვაროსანთა ნაკვალევს დაადგა და ბელგიიდან იერუსალიმში ჩავიდა ცხენით. ამას მოჰყვა მოგზაურობა გობის უდაბნოში ჩინგიზხანის ნაკვალევზე 1990 წელს, ნაოსნობა ჩინეთისა და ინდოჩინეთის სანაპიროების გასწვრივ ბამბუკის ხომალდით ძველ ჩინელ ზღვაოსანთა კვალდაკვალ 1993-ში და მოლუკის არქიპელაგის გავლა 1996-ში. მერე იყო მოგზაურობა ჰერმან მელვილის ლეგენდარული რომანის „მობი დიკის“ მარშრუტით წყნარი ოკეანის სამხრეთში 1999 წელს და კიდევ ერთი ლეგენდარული რომანის მარშრუტის გამეორება – მოგზაურობა რობიზონ კრუზოსა და პარასკევას კუნძულზე 2002-ში.
ტიმ სევერინის წიგნები, რომლებშიც მან მისი ეს მოგზაურობები ასახა, მრავალ ენაზეა თარგმნილი. მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმებიც მისი მოგზაურობების შესახებ.
2014 წელს, სევერინის საქართველოში მოგზაურობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ტიმ სევერინი და მისი ბრიტანული ეკიპაჟის რამდენიმე წევრი კვლავ ეწვია საქართველოს იმ ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილისა და ორგანიზატორის ილია ფერაძის ინიციატივითა და მოწვევით. ამ დროს მე რომში ვიყავი, სულხან-საბა ორბელიანის გზას გავდიოდი ევროპაში, მაგრამ დროებით შევწყვიტე მოგზაურობა და ტიმ სევერინთან შესახვედრად საქართველოში ჩამოვედი. მე მას სულხან-საბას მოგზაურობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი ექსპედიციის სამახსოვრო მედალი გადავეცი, როგორც ამ ჩემი პროექტის ერთ-ერთ მთავარ ინსპირატორს.
ჩემს მეზღვაურულ კარიერაში რამდენიმე კაპიტნთან მიმუშავია თვეობით, მათთან ერთად წარმატებით გადამილახავს უაღრესად რთულ სიტუაციები, შტორმებიც გამომივლია და მათი მაღალი ოსტატობის მოწმეც არაერთხელ გავმხდარვარ, მაგრამ ტიმ სევერინი სრულიად გამორჩეული კაპიტანი იყო, რომელიც დიდი მსახიობის მსგავსად ხან ბრენდანის როლს ირგებდა, ხან ამერიკელი პიონერებისას, ხან სინდბადისას, ხან იასონისას და ხანაც ოდისევსისას...
ფოთში, უკვე რიონზე, „არგოს“ ანძის წვერი სულ ოდნავ გამოედო ხიდს და ვერ გავეტიეთ. ხიდი ხალხით იყო სავსე და უამრავი რჩევა დაგვაყარეს თავზე, როგორ უნდა მოვქეულიყავით. კაპიტანი თავად იდგა საჭესთან. ხომალდი მშვიდად გაატრიალა უკან და მითხრა, მილიციას შესძახე, ხიდი ხალხისგან გაათავისუფლოსო. მალე ხიდმა ამოისუნთქა, რამდენიმე სანტიმეტრით აიწია ზემოთ და მეტი არც იყო საჭირო – მეორე ცდით მშვიდად გავიარეთ მის ქვეშ მდინარის ნაპირებზე და ხიდის კიდეებზე შეკრებილი უამრავი ხალხის ტაშის გრიალში...
ტიმ სევერინის მოგზაურობები, მისი წიგნები თუ ფილმები დღესაც ისე აღაფრთოვანებს თავგადასავალთა მაძიებელ და რომანტიკული სულისკვეთებით აღვსილ ახალგაზრდებს, როგორც მე აღმაფრთოვანა 20-22 წლის ასაკში პატარა საჟურნალო ინფორმაციამ, საიდანაც პირველად გავიგე ტიმ სევერინის სახელი.
დაუღალავმა და მუდამ ახალი მოგზაურობებისთვის შემართულმა ტიმ სევერინმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და გაამდიდრა. ჩემიც.
მისმა გარდაცვალებამ ძალიან, ძალიან დამწყვიტა გული.
თავს უფლებას ვაძლევ და „არგოს“ ქართული ეკიპაჟის სახელით, ტიმ სევერინის ქართველ მასპინძელთა სახელით სამძიმარს ვუცხადებ მის ქალიშვილსა და შვილიშვილებს, „არგოს“ ბრიტანული, ბერძნული თუ თურქული ეკიპაჟების წევრებს, სევერინის ექსპედიციების მონაწილეებს, მისი წიგნების მკითხველებს, მისი ფილმების მაყურებლებს, ყველას, ვინც ამდენი წლის მანძილზე გულისყურით ალევნებდა ადევნებდა ტიმ სევერინის ფათერაკებით აღსავსე შინაარსიან ცხოვრებას, ყველას, ვინც იცნობდა მას და ყველას, ვინც არ იცნობდა, მაგრამ კარგად იცოდა და იცის მისი ფასი.
იძინე მშვიდად, ჩემო კაპიტანო!"
აატა ნაცვლიშვილი, „არგოს“ მენიჩბე
22 დეკემბერი, 2020
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია