საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/12/21 12:03:44
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.


დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში, - შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.
„შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობს როგორც ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების როგორც მიზანშეწონილობაზე, ასევე ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებზე.
„ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. შესაბამისად, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამაში ყოველდღიურად იხდის. ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება გაცხადებული, მიიღება მაქსიმალური სიფრთხილით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს 21 დეკემბრის მდგომარეობით:
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.
· ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 184 668-მდე.
· სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 78, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628 საიდანაც:
· 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 903, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 347.
· ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში - 526, აჭარაში - 133, იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 40, იმერეთში - 63.
· 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 800- აჭარაში, 123 - იმერეთში.
· 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, აჭარაში - 141, ხოლო იმერეთში - 7.
· სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 20 741 პირი.
· ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 992 პირი, აჭარაში - 5 187, იმერეთში - 6 088.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია