საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი ფერმერები, FAO-ს და ავსტრიის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს სწავლობენ
2020/12/18 00:07:00

200-მდე ფერმერი დაესწრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ ორგანიზებულ, 30-ზე მეტ ტრენინგს, რომელთა მიზანი სოფლის მეურნეობის  საუკეთესო მეთოდების სწავლება და ფერმერთა შესაძლებლობების განვითარებაა.

 

ტრენინგები აგვისტო-ნოემბრის პერიოდში, რაჭა-ლეჩხუმისა და შიდა ქართლის ოთხ სხვადასხვა თემში ჩატარდა და  სწავლების ინტერაქტიული მეთოდებით გამოირჩეოდა, რაც პრაქტიკულ საველე სწავლებებს, დაკვირვებასა და მსჯელობას გულისხმობს. შესაფერისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, წინასწარ მოეწო პომიდვრის, ტკბილი წიწაკის, ლობიოს, მეღვინეობის და მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომელთა ბაზაზეც ტრენინგები ტარდებოდა. სასოფლო-სამეურნეო ინოვაციები სასწავლო სესიების მთავარი თემა გახდა, ფერმერებს საშუალება ჰქონდათ, პირდაპირ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გაცნობოდნენ ისეთ კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მიდგომებს, როგორებიცაა წვეთოვანი სარწყავი სისტემები, მულჩირება, მავნებლების ინტეგრირებული მართვა და ა.შ. მონაწილეებმა წარმოებასთან დაკავშირებული ყველა რგოლი მიმოიხილეს ნიადაგის მომზადებით, კულტურების და წყლის მენეჯმენტით დაწყებული, შესაბამის ბაზრებთან დაკავშირებით დამთავრებული.

 

მოსავლიანობის და შემოსავლის გაზრდა

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი დოესი, პომიდვრის და ტკბილი წიწაკის წარმოების თანამედროვე მიდგომების სადემონსტრაციოდ იქნა არჩეული. სასწავლო კურსის მსვლელობისას, FAO-ს აგრონომებმა ბოსტნეულის წარმოების ყველა ეტაპი მიმოიხილეს.

 

„FAO-ს დახმარებით, პომიდვრის ნაკვეთზე ხარჯი 30%-ით შევამცირე, წვეთოვანი ირიგაციის და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების გამოყენებით“, - ამბობს გიორგი ტურაშვილი, ტრენინგების მონაწილე და სადემონსტრაციო ნაკვეთის მფლობელი.

 

იგივე მეთოდები გამოყენებულ იქნა ლობიოს სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში. თესლის სათანადო შერჩევის, ნიადაგის ანალიზის და სასუქის სწორი შეტანის შედეგად, ლობიოს ჭარბი და ხარისხიანი მოსავლის მიღება გახდა შესაძლებელი.

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, FAO-ს აგრონომებმა მეღვინეობის კურსები ჩაატარეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მავნებლების ინტეგრირებულ მართვაზე, რადგან მავნებლებზე დროული და პროაქტიური დამუშავება განსაკუთრებით აქტუალურია ტვიშის მიკროკლიმატურ ზონაში უნიკალური, ადგილობრივი ვაზის ჯიშის შესანარჩუნებლად.

 

სასწავლო კურსები ტვიშის ერთადერთი მეღვინე ქალის, მირანდა ჩხეტიანის, ვენახში ჩატარდა.

 

„მიხარია, რომ ჩემი ვენახი აირჩიეს ამ ტრენინგების სადემონსტრაციო ნაკვეთად, ჩვენი თემის მრავალი მევენახე დაესწრო ამ კურსებს და ადგილზევე ნახა, როგორ შეიძლება ვაზის მავნებლებთან და დაავადებებთან გამკლავება. FAO-ს დახმარებით, ხარჯიც შემიმცირდა და ჩემი წარმოებაც გაიზარდა“, - ამბობს მირანდა ჩხეტიანი.

 

ონის მუნიციპალიტეტის მეფუტკრეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ცოდნა გაეფართოებინათ. საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობასთან თანამშრომლობით, FAO-მ, მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების სასწავლო კურსები ჩაატარა. ტრენინგები ფუტკრის ბიოლოგიითა და სიცოცხლის ციკლებით დაწყებული, თაფლის გამოწურვისა და მზა პროდუქციის სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გატანით დამთავრებული, ყველა საჭირო თემას მოიცავდა.

 

ახალი გამოწვევები

 

ტრენინგები, რომლებიც COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო რეგულაციის გათვალისწინებით ჩატარდა, მიმდინარე სეზონისთვის დასტულებულია, თუმცა FAO-ს სპეციალისტები უკვე მომავალი წლის სწავლებებისთვის ემზადებიან.  ტრენინგები, ადგილობრივი ფერმერების გარდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრების ექსტენციის სპეციალისტებსაც ჩაუტარდებათ.

 

„სწავლის პროცესის გაჩერება არ შეიძლება. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდების სწავლა და ათვისება უკიდურესად მნიშვნელოვანია. თანამედროვე მიდგომები  გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისკენ არის მიმართული. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფერმერებს ხარჯის შემცირებისა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება ეძლევათ, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია COVID-19 პანდემიის პირობებში“, - ამბობს ბექა ძაძამია, FAO-ADC პროექტის მენეჯერი.

 

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, FAO სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ოთხწლიან პროექტა ახორციელებს, რომლის საერთო ბიუჯეტი ორი მილიონი ევროა. პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის მიერ კლიმატის ცვლილებაში შეტანილი წვლილის შემცირებასთან ერთად.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია