საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ ჩხენკელმა “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლები დააჯილდოვა
2020/10/17 21:06:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა პლაფორმის დანერგვის დროს გამოჩენილი ენთუზიაზმისა და მონდომებისათვის და საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ძალიან მნიშვნელოვანია დღეა! მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მასწავლებლებს “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში წარმატებული მონაწილეობა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ენთუზიაზმისა და გაწეული შრომისთვის. საქართველოში თქვენი ჩართულობით დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი – Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა! ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს კომპანია „Microsoft“-დან, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს ენტონი სალსიტოს, რომელიც მუდმივად გვეხმარება და ხელს გვიწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში „Microsoft“-ის პროდუქტების ეფექტურად დანერგვაში.

 

როგორც მოგეხსენებათ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რეფორმა ეფექტურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ რეფორმის ზოგიერთი მიმართულება: ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა, საგანმანთლებლო პროგრამებში თანამედროვე ინოვაციური იდეების ასახვა. ამ პროცესს ძალიან უწყობს ხელს Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსია. შესაბამისად, მისი დანერგვა ჩვენს სკოლებში რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების სასიცოცხლო აუცილებლობა კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აშკარად დაგვანახა. დარწმუნებული ვარ, რომ  Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა ძალიან ეფექტური ნაბიჯი იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით.“

 

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმა ეტაპობრივად საქართველოს ყველა სკოლაში დანერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლის პროცესი ყოველთვის უნდა იწვევდეს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს. თამაშზე დაფუძნებული სწავლება არის ის მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. “Minecraft Education Edition” პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება. პროგრამის, როგორც დამატებითი რესურსის, გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად, საშუალო განათლების ნებისმიერ საფეხურზე.

 

დაჯილდოების ონლაინ საზეიმო ცერემონიალზე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა თეა შეროზიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის კუთხით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც “Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის “Mindworks Education” ჩართულობით ხორციელდება. “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის მიზნით პირველ ეტაპზე გადამზადდა 150-ზე მეტი პედაგოგი. პროცესი დისტანციურად წარიმართა. გადამზადებული მასწავლებლები შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ “Minecraft“-ის სხვა სკოლებში დანერგვასა და სასწავლო პროცესში ეფექტიან ინტეგრირებაში.

 

პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა შეიმუშავეს კომპლექსური დავალებები I-X კლასის კლასებისთვის. ასევე, მომზადა ინსტრუქციები მასწავლებლებისათვის. საგანმანთლებლო რესურსების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://eduminecraft.mindworks.ge/ პილოტირების ეტაპზე V-X კლასების 2000-მდე მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად ქმნიდა სამყაროებს შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში (ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, მუსიკა) და ეუფლებოდა საგნობრივ და გამჭოლ კომპეტენციებს.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4-დღიანი ონლაინ კონფერენცია, სადაც გადამზადებულმა მასწავლებლებმა პრეზენტაციების საშუალებით საკუთარი შედეგები სხვა პედაგოგებსაც გაუზიარეს. კონფერენციას 1000-ზე მეტი ონლაინმსმენელი ჰყავდა. კონფერენციის ვიდეოჩანაწერები განთავსებულია ბმულზე: https://eduminecraft.mindworks.ge/training-webinars/

 

“Minecraft Education Edition” – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მორგებულია თითოეულ მოსწავლეზე და ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. “Minecraft Education Edition” იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ, იგი მოქნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია