დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემები გადასცა
2020/10/15 19:02:00

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 15 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები გადასცა.

 

სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 15 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძემ ცესკო-ში გამართულ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადასცა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის გადაცემულ სიაში 3 558 291 პოტენციური ამომრჩეველია. პოტენციურ ამომრჩეველში მოიაზრებიან საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ ან შეუსრულდათ 18 წელი, მათ შორის, როგორც საქართველოში მცხოვრები (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები), აგრეთვე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები.

 

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის თანახმად,  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში – ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით არაერთი ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის, მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის და იმ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, რომელთაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდათ, მაგალითად, უსაბუთობის და უმისამართობის საკითხის გამო, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 1-ლი ივლისიდან  პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გამოცხადდა. აღნიშნული აქცია 2020 წლის 1-ლ ნოემბრამდე გრძელდება. ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები მოწმობის მიღებისას თავისუფლდებიან როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან. აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღემდე 119 894-მა მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და, შესაბამისად, ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. 

 

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 865 683 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 742 529 დოკუმენტი,  იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

 

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს. ბიომეტრიული დოკუმენტის ფლობა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიის სრულყოფა“, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას,  მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების  მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას. 

 

პროექტის ფარგლებში, სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. კერძოდ:  

 

2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული პროაქტიული სამუშაოების შედეგად საარჩევნო სიიდან 10 500–ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია  ამოღებული; 

2014-2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

2015-2020 წლებში მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღსადგენად განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.

2017-2020 წლებში ქოლცენტრის ოპერატორები პროაქტიულად ტელეფონით დაუკავშირდნენ 300 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით ვერ ხვდებოდნენ საარჩევნო სიაში, და ხარვეზის გამოსწორების მიზნით კონსულტაცია გაუწიეს მათ;

2017-2020 წლებში უსაბუთო და რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა პროაქტიულად ინფორმირების მიზნით ამოქმედდა სპეციალური სისტემა, რომლის დახმარებითაც დღემდე მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილია 230 000-ზე მეტი შეტყობინება/შეხსენება დოკუმენტის გაუქმების/შეჩერების მიზეზებსა და პირადობის დოკუმენტებთან დაკავშირებით მიმდინარე უფასო აქციების შესახებ და სხვ.

 

სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OშჩE/ODIHღ) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.

 

გარდა ამისა, ამავე ანგარიშის თანახმად, მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმეტესობამ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ საერთო ნდობა გამოხატა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია