დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ ახალი ინოვაციური სერვისი – ელექტრონული აპოსტილი დანერგა
2020/10/01 18:26:00

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“  ახალი ინოვაციური სერვისი – ელექტრონული აპოსტილი დანერგა. პროექტის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

იმისათვის, რომ  საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ იურიდიული ძალა  ჰქონდეს, საჭიროა მათი აპოსტილით დამოწმება. ამიტომაც, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.

დღესაც, აპოსტილის სერვისი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და ის დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აპოსტილით ამოწმებს სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ 100-ზე მეტი ტიპის დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას და ბეჭდის ავთენტურობას.

ამგვარად დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერი წევრი 119 სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ამჟამად, მოცემული 119 სახელმწიფოდან  ელექტრონული აპოსტილი დანერგილია მხოლოდ 18 ქვეყანაში (ესპანეთში,  ბელგიაში, ავსტრიაში, ესტონეთში,  აშშ-ში, არგენტინაში,  ბაჰრეინში,  ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ლატვიაში, ახალ ზელანდიაში, მოლდოვაში, სლოვენიასა, ვენესუელაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ბულგარეთსა და ბრაზილიაში) და საქართველო დღეიდან მათ რიგებს უერთდება.  რაც შეეხება ჰააგის კონვენციის წევრ სხვა 100 სახელმწიფოს, ისინი ეტაპობრივად უერთდებიან ელექტრონული აპოსტილის სისტემას.  

საქართველოში ელექტრონული აპოსტილის სერვისის დანერგვით აღნიშნულ 18 ქვეყანაში  მარტივდება საქართველოდან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა. 

დოკუმენტის საზღვარგარეთ წარსადგენად ელექტრონული აპოსტილის დანერგვამდე მომხმარებელს ელექტრონული დოკუმენტების მატერიალური ასლის დამზადება და მისი სააგენტოში აპოსტილით დასამოწმებლად წარმოდგენა უწევდა. ცვლილების საფუძველზე, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით დაზოგოს დრო, რესურსი, და სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ელექტრონული აპოსტილით. გარდა ამისა,  დოკუმენტზე ელექტრონული აპოსტილის გამოყენება  ზრდის  დოკუმენტის სანდოობას და დაცულობის ხარისხს.

მოქალაქე მზა დოკუმენტს ვებგვერდების (www.my.gov.ge და http://apostille.cra.ge/) ან ელექტრონული ფოსტის საშულებით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შენარჩუნდება დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარმოებაც და მოთხოვნის შემთხვევაში, კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება მატერიალური აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გაცემა/მიღების ფორმა.

ელექტრონული აპოსტილის პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მომხმარებლისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გამარტივების მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თითქმის ყველა  მომსახურება დისტანციური გახდა.

მოქმედ დისტანციურ  სერვისებს ახალი, ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები დაემატა და მათი მოქმედების ტერიტორიული არეალი გაფართოვდა - საქართველოში მყოფი ნებისმიერი პირისთვისაც უკვე ხელმისაწვდომია ის დისტანციური სერვისები, რომლითაც სარგებლობა ამ დრომდე მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ პირებს შეეძლოთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია