დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ლობირებს პატარიძე „სინდიკატს“?
2010/04/19 13:17:54

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში სკოლის მასწავლებლებს დირექტორები მასობრივად  სთხოვენ, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი დატოვონ და ე.წ. „სინდიკატში“ გადავიდნენ. დირექტორებს კი უფრო „ზევიდან აწუხებენ, რესურს-ცენტრი ავალებთ, „სინდიკატს დაეხმარონ. თუმცა, სამწუხაროდ, არც მასწავლებლები, არც სკოლის დირექტორები და არც რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ამას ღია საუბარში არ ადასტურებენ. ერთადერთი, ვინც ხმამაღლა საუბრობს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირია.

მათი აზრით, „სინდიკატი“ ხელისუფლების გარკვეული ძალების მიერ მოფიქრებული სასჯელია, რადგან პროფკავშირის აქტიურობა არ აწყობთ.

 

ამ აზრს ფაქტებითაც ამყარებენ. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლია რატიანი ამბობს, რომ მას ყოველდღიურად ურეკავენ სხვადასხვა სკოლის პედაგოგები და დირექტორები, რომლებიც ზეწოლის ფაქტებზე უამბობენ, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ამაზე ღიად ვერ საუბრობენ.

ლია რატიანი: „მე მაქვს ინფორმაცია, რომ რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ლადო პატარიძემ დირექტორებთან ჩაატარა თათბირი და პირდაპირ დაავალა მათ, რომ დაეხმარონ „სინდიკატს“ და მასწავლებლები გააწევრიანონ.  ბატონ ლადოს ისიც კი უთქვამს, რომ ყოველდღე ამის თაობაზე ჩაეყენებინათ იგი საქმის კურსში და თუ ვერ გადაიყვანთ ხალხს, მერე მე ვიციო. მანამდე იყო ასეთი ფაქტიც, დირექტორები „სინდიკატის“ წარმომადგენლების ორგანიზებით დაიბარეს თბილისში, პრემიერ-მინისტრთან და განათლების მინისტრთან შეხვედრა არისო, არადა, აღმოჩნდა, რომ შეხვედრა  „სინდიკატის“ წარმომადგენლებთან იყო, რომელსაც თავიდან მინისტრიც ესწრებოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ამ შეხვედრის საქმის კურსშიც არ იყო“.

თავის მხრივ, ლადო პატარიძე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. უფრო მეტიც, ამ საკითხზე პრესასთან მხოლოდ ორსიტყვიანი კომენტარით იფარგლება:

„ვინც ამბობს, რომ მე ვეხმარები „სინდიკატს“, ის არის დეგენერატი და ამის გამმეორებელიც. ეს ორგანიზაციები არიან არასამთავრობოები და მათ საქმეებში არ ვერევით.“

თუმცა, არსებობს კონკრეტული ზეწოლის ფაქტები, მაგალითად: ქუთაისის მე-17 სკოლაში ერთ-ერთ მასწავლებელს, თამარ აბულაძეს, ლადო პატარიძის მამამ, ვიტალი პატარიძემ, რომელიც მე-17 სკოლის სასწავლო ნაწილია, ღიად და დაუფარავად, გაკვეთილის ჩატარების დროს მიაკითხა და მოსთხოვა „სინდიკატში“ გადასვლა.

„თამარ აბულაძე თავის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, როცა მან უარი განაცხადა სინდიკატში გადასვლაზე, ვიტალი პატარიძემ დამცინავად მიუგო: „მშვიდობაში მოიხმარეო!”

მას შემდეგ, რაც თამარმა ამ ზეწოლის შესახებ ხმამაღლა განაცხადა, ის დაიბარეს  ქუთაისის ?17 საჯარო სკოლის დირექტორმა და დირექტორის მოადგილემ,  ვიტალი პატარიძემ და საშინელ სიტუაციაში ჩააყენეს იმის გამო, რომ  აღნიშნული ფაქტი გაამჟღავნა.“ – ეს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა. სამწუხაროდ, ჩვენმა გაზეთმა, იმის გამო, რომ ბატონი ვიტალი ქალაქში არ იმყოფებოდა, ინფორმაცია ვერ გადაამოწმა. თავის მხრივ, დირექტორებიც უარყოფენ ზეწოლის ფაქტებს. 

ასევე, არსებობს 21-ე სკოლის თანამშრომელთა კოლექტიური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 47 ადამიანი ერთდროულად  „სინდიკატში“ გადადის.

სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი ამბობს, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„კი, ლადო პატარიძემ ერთ-ერთ თათბირზე გვითხრა, „სინდიკატი“ შემოდის სკოლებშიო, მაგრამ საგანგებო დავალება არ მოუცია. მე შევთავაზე კოლექტივს და მათ თვითონ აირჩიეს „სინდიკატი“. სხვათა შორის, თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე შევხვდი.“- განაცხადა ჩვენთან საუბარში რუსუდან ჭეიშვილმა.

ლია რატიანი აცხადებს, რომ მასწავლებლები შიშის სინდრომის გამო ხმას ვერ იღებენ, არადა, ყველგან თითქმის ერთი და იგივე პრობლემებია. სკოლის დირექტორები პედაგოგებს აიძულებენ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. თუმცა, ისიც იციან, ვის უნდა მოსთხოვონ. მსგავსი სიტუაციები იყო, ქუთაისის მე-19, 30-ე, 31-ე, 44-ე, 25-ე სკოლებში. იყო სკოლები, სადაც „სინდიკატი“ საერთოდ არ შეუშვეს“.

შიშის სინდრომის გარდა, პედაგოგები ამ გადაწყვეტილებას ინფორმაციის არქონის გამოც იღებენ. ბევრმა არც იცის, რომ „სინდიკატი“ პროფკავშირი არ არის. ის  ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა და არა – პროფკავშირების შესახებ კანონით დაფუძნებული, რომლის თანახმადაც დამფუძნებელი მინიმუმ 100 კაცი უნდა იყოს. „სინდიკატის“ დამფუძნებელი კი მხოლოდ სამი კაცია და მათი ძირითადი მიზანი მასწავლებელთა გადამზადებით  ბიზნესის კეთებაა. „სინდიკატის“ ხელმძღვანელი ტარას შავშიშვილი არის ფონდის „განათლების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ისინი პედაგოგებს ძირითადად მხოლოდ გადამზადებას ჰპირდებიან და ისიც სახელმწიფო დაფინანსებით: თითოეული პედაგოგისგან 160 ლარის სანაცვლოდ.  მათი პრიორიტეტი არ არის  შრომითი, სოციალური და პროფესიული უფლებების დაცვა, რაც წესით, პროფკავშირის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს  გენერალური ინსპექციის დასკვნა, სადაც წერია,  რომ “განათლების ინსტიტუტს“ (რომლის დამფუძნებელიც არის „სინდიკატის“ ხელმძღვანელი) აკრედიტაცია არასწორად აქვს მიღებული. „სინდიკატის“ დამფუძნებელმა ტარას შავშიშვილმა მოკლე გზა აირჩია და სახელისუფლებო რესურსების გამოყენებით გაიკვალა გზა მასწავლებლებამდე.

ლია რატიანი: „საბოლოო ჯამში, ერთი დიდი მოჯადოებული წრე იქმნება, სამინისტრო ავალებს რესურს-ცენტრებს, დაეხმარონ „სინდიკატს“ გაძლიერებაში, თავის მხრივ, რესურს-ცენტრები სკოლის დირექტორებს ანამუსებენ. სკოლის დირექტორები - პედაგოგებს.“

***

ზემოთ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მაია ლიპარტელიანს.

მაია ლიპარტელიანი: „არა მგონია, ვინმემ დაიჯეროს, განსაკუთრებით ლ. პატარიძის მიერ ჩატარებული თათბირისა და დავალებების შემდეგ, რომ 47 მასწავლებელს ერთ დღეს ერთად მოუვიდა თავში აზრად, რომ „სინდიკატში“ გადასულიყვნენ. ეს არის იმ თათბირზე მიღებული დავალებების შესრულება. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ბევრი დირექტორი გვირეკავს და გვთხოვს, რომ ვუშველოთ და დავიცვათ ისინი არაკანონიერი დავალებებისა და ზეწოლებისაგან. მათ სახელებს, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, რადგანაც ისინი მათი ზემდგომების  მორიგი მსხვერპლი გახდებიან. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც პროფკავშირი აქტიურად იცავს პედაგოგებს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე – მის შემდეგაც. არა მგონია, მასწავლებელს არ მოსწონდეს პროფკავშირის მოთხოვნა, რომ  სერტიფიცირების შემდეგ მოემატოს ხელფასი, მან მიიღოს პრეზიდენტის დანაპირები მე-13 ხელფასი, ჰქონდეს მეთოდური ლიტერატურა და კვალიფიკაციის ამაღლების რეალური შესაძლებლობა, ჰქონდეს შრომის ღირსეული პირობები. ან იქნებ იმის გამო გადაიყვანეს ქუთაისის რამდენიმე სკოლიდან პედაგოგები, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლით შევუნარჩუნეთ უვადო შრომითი ხელშეკრულებები, მოვიპოვეთ 160-ლარიანი ვაუჩერი მათი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მოვიპოვეთ მათი ჯანმრთელობის დაზღვევა და შევუნარჩუნეთ 48-დღიანი შვებულებები. ერთ წერილსაც, ერთ გაკეთებულ საქმეს ვერ დაასახელებს „სინდიკატი“, რომელიც მათ მასწავლებლების უფლებების დასაცავად გააკეთეს. პირიქით,  ტ. შავშიშვილი წერდა, რომ უვადო ხელშეკრულებები სატანასთან არსებობს, რომ უნდა დამთავრდეს საქართველოში პროფკავშირების კაპრიზები... და ახლა გაახსენდა რატომღაც მასწავლებლები. ეს ის ხალხია, რომელთაც თ. თუთბერიძესთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და კიდევ ბევრი რამ... …ასევე, მინდა ვუთხრა ბატონ ვლადიმერს, რომ პროფკავშირი არ არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, „სინდიკატისაგან“განსხვავებით, და მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებები აქვს ნაკისრი როგორც საქართველოს, ასევე – საერთშორისო კანონმდებლობით და მისი ქმედებების გამო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ახლა ჩვენს სარჩელს იხილავს, პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოს. პედაგოგებს კი, მინდა ვუთხრა, რომ მათი გადასაწყვეტია, სად იქნებიან, მაგრამ საკუთარ გულში ჩაიხედონ და სხვა რომ არაფერი, ნუ მისცემენ მასწავლებლების  სახელით ლაპარაკის უფლებას იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ 160-ლარიანი ვაუჩერები არიან  და მეტი არაფერი“.

მართა მარგველანი

P.S.  რადგანაც ლადო პატარიძესთან ინტერვიუს საშუალება არ მოგვეცა, გვინდა, დავსვათ კითხვები: უდის თუ არა ამ ყველაფერს კორუფციის სურნელი?  რა ინტერესები ამოძრავებთ „სინდიკატის“ ლობისტებს, მათ შორის, ლადო პატარიძეს? რატომ არღვევენ ისინი კანონს გაერთიანების თავისუფლების შესახებ? რატომ ერევიან უხეშად პროფკავშირის საქმეებში?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია