საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა
2020/06/25 11:31:30

შპს „გლენბერი“  სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც  ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს.  შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა  მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.


შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.


„შპს „გლენბერი“ ერთ-ერთია იმ საწარმოთა შორის, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში სოფლის მეურნეობას და როგორ აისახება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები   ფერმერებზე. აღნიშნული  საწარმო უკვე მეორე წელია საერთაშორისო ბაზრებს აწვდის მათ მიერ წარმოებულ მრავალფეროვან პროდუქციას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საწარმოების არსებობა.


2018 წლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია. სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. შპს „გლენბერიში“  150 ადგილობრივია დასაქმებული.  კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22 000.  მიმდინარე წელს კომპანიის მფლობელებმა 5 ჰა-ზე ბროკოლის და 11 ჰა-ზე მარწყვის პლანტაციაც გააშენეს.  სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი  ახალი საწარმო დაფინანსდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია