საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
„ისე ვამთავრებ სამედიცინო მოღვაწეობას, პაციენტისგან პირადი საყვედური არ მიმიღია“ - თეიმურაზ ნადირაძე
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/06/17 21:46:44

 

 

„საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის“ მიმდინარე კვირის სტუმარია კლინიკა „ლჯ  და კომპანია  -  დასავლეთ საქართველოს ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი"-ს მთავარი ექიმი თეიმურაზ ნადირაძე.


პანდემიის პერიოდში  მედიის ყურადღების ცენტრში  ყოფნას მიეჩვია. მართალია, ამ ამპლუაში თავს კომფორტულად არ გრძნობს,  მაგრამ კიდევ ერთ   ინტერვიუზე დაგვთანხმდა   და    ყველა შეკითხვას  ჩვეულად,  ოლიმპიური სიმშვიდით  უპასუხა.    ამბობს, რომ თავისუფალ დროს მთლიანად ოჯახს და მეგობრებს უთმობს, უსმენს ელექტრო მუსიკას, საყვარელ წიგნად  - “დათა თუთაშხია“-ს ასახელებს და ამბობს, რომ კაცმა ამ ნაწარმოების მთავრი გმირივით უნდა იცხოვროს. პორტრეტი სულ უფრო საინტერესო ხდება და  ვცდილობთ, ინტერვიუს ამ ნაწილში  კორონავირუსზე ჯერ არაფერი ვკითხოთ.

 

პროლოგი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი.  სტუდენტობის პერიოდში  იყო საქართველოს ნაკრების  წევრი ხელბურთში. 13 წელი მუშაობდა ბავშვთა ქირურგად. 24 წელი იყო  ე.წ. „ბავშვთა საავადმყოფო“- ს, შემდგომ „დასავლეთ საქართველოს დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი“-ს  მთავარი ექიმი.

2013 წელს  ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2014-2017 წლებში   იყო საკრებულოს წევრი,სადაც ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.  2017 წლიდან  დღემდე ქუთაისის  ახალი ინფექციური კლინიკის მთავარ ექიმად მუშაობს.


 

დიალოგი


- ბატონო თემურ, რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია?

-დედაჩემი თერაპევტი იყო, 45 წელი ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა. ექიმების გარემოცვაში მიხდებოდა ყოფნა. მართალია, მთავრი დედის ფაქტორი იყო, თუმცა, მეც   მომწონდა ეს პროფესია.  თან,  იმ პერიოდში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა პრესტიჟული იყო და ყველა ამ ფაქტორმა გავლენა იქონია.


- თუ გყოლიათ  განსაკუთრებული პაციენტი,რომელმაც ექიმის პროფესია  განსხვავებულად დაგანახათ?


- უამრავი ასეთი პაციენტი მყოლია, მაგრამ  ექიმისთვის ყველა გადარჩენილი სიცოცხლე ერთნაირად ძვირფასია. წლების გამავლობაში  ბავშვთა ქირურგი და პარალელურად, დასავლეთ საქართველოში ერთადერთი   ბავშვთა ენდოსკოპისტი ვიყავი. მუშაობა მიხდებოდა როგორც დიაგნოსტიკაზე, ასევე - ფიბრო გასტროსკოპიაზეც, ბავშვთა ასაკში. ამავე დროს, ვმუშაობდი ბრონხოსკოპისტად.


ქირურგიული გზით უნდა ამოგვეღო უცხო  სხეულები, რომელიც ბავშვებში ძალიან ხშირი და საშიშია. ეს საკმაოდ სტრესული პროცესია, სადაც ყველა წუთი გადამწყვეტია და შენზე ამ ბავშვის მთელი ცხოვრებაა დამოკიდებული. დაახლოებით 800 უცხო სხეული მაქვს ამოღებული საყლაპავიდან და ბრონხებიდან.


 


- თქვენი გამოცდილების პარალელურად, როგორ განივითარდა მედიცინა?

-1988 წლიდან 2009 წლამდე პერიოდი ნამდვილი ტანჯვა იყო.  ამის გახსენებაც კი არ მინდა. ინფრასტრუქტურაზე რომ არაფერი ვთქვა, ელემენტარული, ჯანდაცვის სისტემის მოდელი არ არსებობდა და ჩვენ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში ვიყავით. რამდენიმე დღე ისე გასულა შუქი აქ გვქონია. ბევრჯერ ზამთარი გათბობის გარეშე გადაგვიტანია.  მიუხედავად ამისა, ჩვენი ენთუზიაზმითა და თანადგომით  ყველაფერს ვუმკლავდებოდით. ისე ვამთავრებ სამედიცინო მოღვაწეობას,რომ  პაციენტისგან პირადი საჩივარი ან საყვედური  არ მიმიღია. დღევანდელი გადასახედიდან მიკვირს, ამდენი როგორ შევძელით. თანამედროვე რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. ტექნოლოგიური პროგრესი  და მსოფლიოს გამოცდილებაზე წვდომა ქართულ მედიცინაზე დადებითად აისახა. თუ  ადრე  მხოლოდ ექიმის რისკზე და პროფესიონალიზმზე  იყო ყველაფერი დამოკიდებული, დღეს ხელი  თანამედროვე აპარატურაზე მიგვიწვდება,რამაც მუშაობა გაგვიიოლა.


-რას იტყვით ახალგაზრდა ექიმებზე, შეძლებენ  ისინი თქვენს ჩანაცვლებას?

-ძალიან დაინტერესებული ახალგაზრდა სპეციალისტები გყავს. დღევანდელი რეალობაც აძლევს მათ სწრაფი განვითარების, უცხოეთში  განათლების მიღებისა და მოწინავე კლინიკების გამოცდილების გაზიარების საშუალებას.  მართალია, ტექნოლოგიებმა ბევრი მიდგომა გააიოლა, თუმცა მოთხოვნაც გაიზარდა, ასე რომ მოდუნების საშუალება არავის აქვს. 

 ამ ახალგაზრდებს  სულ სხვა მიდგომებით მოუწევთ მუშაობა, რაც არ შეიცვლება, ეს პასუხისმგებლობაა.

ვფიქრობ, გარკვვეული გამოცდილების დაგროვების  მერე, ისინი  ჩვენს ღირსეულად ჩანაცვლებას შეძლებენ.


-ბატონო თემურ, სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება გაქვთ, 13 წელი ბავშვთა  ქირურგად მუშაობდით, 24 წელი კი  ორგანიზაციული საქმიანობით იყავით  დაკავებული.   თუმცა,  თქვენი კარიერის მთავრი გამოწვევა  Covid19 გახდა. როგორ შეაფასებთ კორონავირუსულ ინფექციას?


  - რა თქმა უნდა, პანდემიას არავინ ელოდა და შესაბამისად, ამისთვის მზად არაც ვყოფილვართ. რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ  მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, შეიძლება თქვას, რომ გავიმარჯვეთ.


 მინდა მთელს ჩემს გუნდს, თითოეულ მედიკოსს საქართველოში  მადლობა გადავუხადო,  რომ არა მათი პროფესიონალიზმი და თავგანწირვა,  ეს შედეგი არ დადგებოდა.  ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ!

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია