საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების რეფორმა
სკოლებში არსებული მათემატიკის სახელმძღვანელოები ხელისშემშლელია მოსწავლის განვითარებისათვის! - პრაქტიკოსი მათემატიკის მასწავლებლის დიმიტრი გოშხეთელიანის მიმართვა განათლების მინისტრს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/15 13:03:00

პრაქტიკოსი მათემატიკის მასწავლებელი,განათლების აკადემიური დოქტორი, მათემატიკაში ოთხ ათეულზე მეტი წიგნის ავტორი, დიმიტრი გოშხეთელიანი განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს და გრიფირებული მატემატიკის სახელმძღვანელოების უვარგისობაზე საუბრობს. გთავაზობთ ამ მიმართვას სრულად:


"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს,ბატონ მიხეილ ჩხენკელს

 

 ბატონო მიხეილ,

 მოგეხსენებათ, რომ ქვეყნისთვის მეტად რთული პერიოდი დგას, რომელიც გამოწვეულია კოვიდ 19-ის პანდემიით. გამოვხატავ ღრმა პატივისცემას მის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა პროფესიონალი და კეთილსინდისიერი პირის მიმართ და მჯერა, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გაიმარჯვებს ამ ომში.

გავკადნიერდები და, საგანგებო მდგომარეობაში თქვენი დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, მოგმართავთ სკოლებში მათემატიკის სწავლების პრობლემასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია არასწორად შედგენილი სახელმძღვანელოებით (საკითხი უმნიშვნელოვანესია და სასწრაფოდ გადაწყვეტას მოითხოვს). ისინი ელემენტარულ დონეზე ვერ პასუხობს სასკოლო განათლების მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ხელისშემშლელია მოსწავლის განვითარებისათვის (ვიმეორებ, ხელისშემშლელია!).გამოსავლის პოვნის მიზნით კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი, როგორც პრაქტიკოსი მათემატიკის მასწავლებლის, განათლების აკადემიური დოქტორისა და მათემატიკაში ოთხ ათეულზე მეტი წიგნის(პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით და აბიტურიენტებისათვის) ავტორის, ხედვა.


სამწუხაროდ, გრიფირების პროცესის შედეგად წლების მანძილზე არსებულ უვარგის სახელმძღვანელოებს ისევ მიენიჭა გრიფი და სკოლებში კვლავ სავალდებულო სასწავლო რესურსად იქცა. მე თავად გახლდით ჩართული სახელმძღვანელოთა გრიფირების პროცესში.გასულ წელს ჩემი ავტორობით წარდგენილი მქონდა მე-7 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა რამდენიმე სახელოვანი მეცნიერისგან(და არა, სამწუხაროდ,გრიფირების საკონკურსო კომისიის წევრებისგან).მათ შორისაა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ომარ ძაგნიძე, რომელმაც აღნიშნა: „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი დიმიტრი გოშხეთელიანი არის ქართული სასკოლო მათემატიკის გოგებაშვილი და კისელევი. – რატომ? – იმიტომ რომ დიმიტრი გოშხეთელიანმა მათემატიკის სტანდარტის დაცვით გვერდი აუარა მათემატიკის სარეკომენდაციო პროგრამას იმ მნიშვნელოვანი და ღირებული უპირატესობების შემოტანით, რასაც ჰქვია მოსწავლისათვის მასალის გადაცემა ადვილი, გასაგები ენით. მის მიერ შემოთავაზებულია არაერთი ამოცანა და მათი ამოხსნის ორიგინალური მეთოდი.“

პირადად საკუთარ თავზე ვიწვნიე არსებული სტანდარტის გადახედვის მცდელობისა და უკეთესი სახელმძღვანელოს შექმნის შედეგი. ყოვლად დაუსაბუთებელი, არასწორი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გამო, ჩემ მიერ შექმნილი წიგნი დაიშალა და ვერ მოესწრო მისი წარდგენა კონკურსზე (დაგვიანდა ერთი დღით). გრიფირების კონკურსის შედეგად გაიმარჯვა ყოვლად უსუსურმა, მეთოდურად გაუმართავმა, სისტემურად დაულაგებელმა სახელმძღვანელოებმა. 

რატომ უვარგისი?

მაშინ მაჩვენონ გამარჯვებული სახელმძღვანელოების ავტორებმა და შემფასებლებმა  ნებისმიერ ენაზე გამოცემული ან ძველი, ან ახალი თუნდაც ერთი წიგნი(ვიმეორებ, ნებისმიერ ენაზე გამოცემული თუნდაც ერთი წიგნი!), რომელშიც:

ა) ერთ პარაგრაფში (და არა ერთ თავში), ერთ გვერდზე, მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი ალგებრის საწყისი საკითხები, როგორებიცაა: ერთწევრები, მრავალწევრები, მოქმედებები ერთწევრებსა და მრავალწევრებზე. გამარჯვებულ სახელმძღვანელოში ამ საკითხზე გამოყოფილია სულ რაღაც ოთხი საათი მაშინ, როცა, ვიმეორებ, ნებისმიერ ენაზე გამოცემულ მათემატიკის ძველ თუ ახალ სახელმძღვანელოებში მას ეთმობა ერთი თავი, ათზე მეტი პარაგრაფი, მინიმუმ, ოცი გვერდი და ოცი საათი;

ბ) ერთ პარაგრაფში (და არა ერთ თავში), ერთ გვერდზე, მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა მრავალწევრის მამრავლებად დაშლა და მას დათმობილი აქვს ოთხი საათი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნებისმიერ ენაზე გამოცემულ მათემატიკის ძველ თუ ახალ სახელმძღვანელოებშიკი მისთვის გამოყოფილია ხუთი-ექვსი პარაგრაფი, მინიმუმ, თვრამეტი საათი და ოცი გვერდი.

ზემოხსენებული „მეცნიერული და მეთოდური აღმოჩენები“ მრავლადაა მე-7 კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებში, რომელთაც ახასიათებს მეთოდური სიბეცე, დაულაგებელია, გადმოცემულია ბუნდოვანი ენით, კერძოდ:

ა) ერთ-ერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოში ერთ პარაგრაფში, ერთ გვერდზე, ყოველგვარი დამტკიცების გარეშე მოცემულია სამკუთხედის ტოლობის ნიშნები. მეთოდურად სუსტად და მოსწავლისათვის გაურკვევლად წერია საკითხი წრფეთა პარალელობაზე, არეულია ერთმანეთში თვისებები და ნიშნები. აქვე მივუთითებ ცნობილ და მნიშვნელოვან მეთოდურ რეკომენდაციას: სამკუთხედების ტოლობა არის გეომეტრიის ძირითადი აპარატი. უმრავლესი გეომეტრიული თეორემის დამტკიცება დაფუძნებულია შემდეგ სქემაზე: უნდა მოიძებნოს ტოლი სამკუთხედები ან უნდა დამტკიცდეს ამოცანის პირობით მიღებულ ნახაზზე ტოლი სამკუთხედების არსებობა. შემდეგ უნდა ვეძებოთ ის შედეგები, რომლებიც სამკუთხედების ტოლობიდან გამომდინარეობს...

ბ) ერთ-ერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოში, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი ითვალისწინებს, საერთოდ არ არის შეტანილი ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პროპორცია, პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დამოკიდებულებები, პროპორციულ ნაწილებად დაყოფა და ა. შ. (საინტერესოა ავტორის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, როცა მიუთითებს, რომ ეს საკითხები შეიტანა მე-6 კლასში). ამავე სახელმძღვანელოში გეომეტრიულ საკითხთა მეთოდური სისუსტე ცალკე საუბრის თემაა და აქ მას არ შევეხები.

გადავხედე ოცამდე უცხოენოვან სახელმძღვანელოს ინგლისურ და რუსულ ენებზე, გავეცანი 100-ზე მეტ ინტერნეტგაკვეთილს ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე და არსად მსგავსი უვიცობა და სიბეცე, რაც ჩვენთან არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებშია (მათი ნაწილი ზემოთ მოვიყვანეთ), არ მინახავს.

როდესაც სახელმძღვანელოთა გრიფირებისშარშანდელკონკურსის ერთ-ერთ შემფასებელს ვკითხე, მე-7 კლასის რომელ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს ანიჭებდა უპირატესობას და მიაჩნდა შედარებითუკეთესად, მან ვერ გასცა პასუხი.აღნიშნა მხოლოდ, რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ კრიტერიუმებით, რომლებსაც გამარჯვებული სახელმძღვანელოები აკმაყოფილებდნენ(და ასეთი კრიტერიუმები ვის სჭირდება?!).

ე. ი.ფაქტობრივად, აღიარა გრიფირების პროცესის სიყალბე, რომლის შედეგიც იყო და არის უვარგისი სახელმძღვანელოები.მის პასუხად აქვე შევნიშნავ და ძალიან საინტერესოა:

1.      რომელ კრიტერიუმში წერია, რომ ერთ პარაგრაფში გადმოიცეს ათი პარაგრაფის მასალა?

2.      რომელ კრიტერიუმში წერია, რომ მე-7-მე-9 კლასების სტანდარტით გათვალისწინებული საკითხები მე-6 კლასში შეიტანონ და ამ მე-6 კლასის წიგნს გრიფი მიანიჭონ?

3.      რომელ კრიტერიუმში წერია, რომ ჯერ კვადრატული ფუნქცია აიხსნას, შემდეგ კვადრატული განტოლება და მოთავსდეს ერთ პარაგრაფში მაშინ, როცა აღნიშნული საკითხები ორი თავის მასალაა და ოცდათხუთმეტ საათს მოითხოვს, მას კი მხოლოდ ოთხი-ხუთი საათი აქვს დათმობილი?!

4.      საინტერესოა, რომელ კრიტერიუმში წერია ასეთი არაერთი მეთოდური უვიცობა?!

ასეთი უამრავია. ეს ხომ ფაქტებია და ასეთი მრავლადაა. თუნდაც მე-6 კლასის რუხაძის წიგნი საერთოდ „გასულია მომსახურების ზონიდან“. მასში შეტანილია მე-8 კლასის საკითხები: პარალელოგრამის ფართობი, წრის ფართობი, ტრაპეციის ფართობი, განტოლებები, რომლებიც ორივე ნაწილში უცნობია და მოითხოვს უარყოფითი რიცხვის ცოდნას.

მსგავსი არ წერია არც ერთ უცხოენოვან სახელმძღვანელოში.


აქვე მომყავს ჩემი საკონკურსო სახელმძღვანელოს ერთ-ერთი შემფასებლის კრიტიკა: „სახელმძღვანელო აგებულია ისე, რომ ნაკლებად ხდება სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია წყვილში მუშაობა, ჯგუფური სამუშაოები, საპროექტო სამუშაოები, სათანადოდ ვერ ხდება სტანდარტის შედეგების, ცნებების, კონკრეტული საკითხების ურთიერთდაკავშირებულად სწავლება. სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები უინტერესოდ არის მოცემული, მასალა მოსწავლეს არ აძლევს ტექსტებზე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას.“


აღნიშნულის საპირწონედ წარმოვადგენ ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ომარ ძაგნიძის პასუხს: „ეს მეტისმეტია. ამის დამწერს ცრუ დამოკიდებულება აქვს გოშხეთელიანის წიგნისადმი „მათემატიკა. VII კლასი“. ...მე დიდი ხანია ვმუშაობ სასკოლო მათემატიკის სახელმძღვანელოების ისტორიაზე, გაანალიზებული მაქვს აქამდე არსებული ყველა სახელმძღვანელო. დიმიტრი გოშხეთელიანის „მათემატიკა. VII კლასის“ დონის წიგნი არ არსებობს. ვიმეორებ, არ არსებობს! ამ წერილის ავტორი ცდილობს დიმიტრი გოშხეთელიანის წიგნს წაართვას ის მნიშვნელოვანი თვისებები, რითაც ის ღირსეულად წარდგება მოსწავლე-ახაგაზრდობისა და მასწავლებლების წინაშე. დიმიტრი გოშხეთელიანის „მათემატიკა. VII კლასს“ თავისუფლად აითვისებს საშუალო სიძლიერის მოსწავლე მასწავლებლის დაუხმარებლადაც. ...იგი ორიგინალურია მასალის დალაგება-გადმოცემის თვალსაზრისით. ...საშუალო სიძლიერის მოსწავლე ამ წიგნით შეძლებს დამოუკიდებლად მუშაობას. ორიგინალობის სხვაგვარი გაგება სასკოლო მათემატიკაში შეუძლებელია.“


აქვე დავძენ: სახელმძღვანელოს ხომ ის უპირატესობა უნდა ჰქონდეს, რომ მისი გაგება საშუალო დონის მოსწავლემ, ძირითადად, დამოუკიდებელი სწავლით შეძლოს?! სამწუხაროდ, აწ უკვე გრიფირებულმა სახელმძღვანელოებმა ეს ვერ აჩვენა.ვინ შეიმუშავა და დაადგინა ეს გრიფირების კრიტერიუმები და საიდან ვასკვნით, რომ კარგია და ამართლებს? დღემდე გაამართლა რომელიმე წიგნმა? – ამ წიგნებით ხომ არც სწავლა შეიძლება და არც სწავლება?! ეს ხომ დანაშაულია ბავშვების წინაშე! ეს გრიფირება აწყობილია ყალბ და ზედაპირულ შეფასებაზე, უვიც შემფასებლებსა და იმ ავტორებზე, რომლებიც ოცი წელია, სულ უფრო მეტად უვარგის წიგნებს ქმნიან.

ეს გრიფირების კრიტერიუმები თუ დასავლეთის განათლების სისტემაშია აღიარებული,  ადაპტირებული და ამართლებს, მივესალმები, მაგრამ ბუნებრივია, მაქვს მეორე შეკითხვაც: რომელ უცხოურ მათემატიკის სახელმძღვანელოშია ის გაუმართლებელი მეთოდური და შინაარსობრივი სიბეცე და უაზრობა (მაგ., ერთ პარაგრაფში ერთი თავის მასალის შეტანა), რაც ჩვენთან არსებულ სახელმძღვანელოებში. მაჩვენეთ თუნდაც ერთი წიგნი მაინც, რომელიც მის მიხედვითაა უცხოეთში შედგენილი და რომელშიც ისეთივე აბდაუბდაა დაწერილი, როგორც ჩვენში გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებში (ასეთს ხომ ბუნებაში ვერ ნახავთ!). ხოლო თუ ეს კრიტერიუმები საქართველოში მოღვაწე კომპეტენტური პირების მიერ არის შემუშავებული, მაშინ დამიმტკიცონ მათი სიკეთე, რაც ასევე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან შედეგი – ჩვენში გამოცემული სახელმძღვანელოები ყოვლად უვარგისია, უფრო მეტიც, დანაშაულია.

და თუ ეს კრიტერიუმები კარგია, შედეგად რატომ არ ვარგა გრიფირებული სახელმძღვანელოები?!

განა ეს კრიტერიუმები იძლევა იმის საფუძველს, რომ სახელმძღვანელოში ერთ გვერდზე, ისიც ზედაპირულად, გადმოსცე ერთი თავის მასალა (ვიმეორებ, ერთი თავის)?

ჩემი მტკიცებულება ძალიან მარტივია – მაჩვენონ თუნდაც ერთი უცხოური სახელმძღვანელო, სადაც საკითხები და სავარჯიშოთა სისტემა ისეთივე აბსურდულია, როგორც ქართულ გრიფმინიჭებულ მათემატიკის სახელმძღვანელოებში!

აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ საკუთრივ შემოქმედ მასწავლებლებს, რომელთა რიცხვი ძალიან მცირეა (მაქსიმუმ 1%), საერთოდ არ სჭირდება არც სახელმძღვანელო და არც მეთოდური ლიტერატურა, ხოლო შემსრულებელ მასწავლებლებს, ძლიერსა თუ საშუალოს, იმისათვის, რომ შეძლოს წარმატებული გაკვეთილის ჩატარება, სჭირდება კარგი სახელმძღვანელო კარგი მეთოდური ლიტერატურით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს ნორმალური გაკვეთილის ჩატარებას.

ჩემ მიერ მეთოდურ ლიტერატურაში, მე-7 კლასის მასწავლებლის წიგნში, დაახლოებით 50 გვერდზე, ცალკე თავში „ზოგადი რეკომენდაცია პედაგოგებს“ სწორედ რომ უნიკალური მითითებებია წარმოდგენილი, დეტალურადაა აღწერილი სწავლების მეთოდები და მიდგომები, კერძოდ: პრობლემური სიტუაცია, აქტიური სწავლება, ინტუიცია, სქემის შედგენა, ევრისტიკული მეთოდი, სტრუქტურის წვდომის უნარი...ცხადია, მსგავსი სახელმძღვანელოში ანუ მოსწავლის წიგნში არც შეიძლება აისახოს. ეს არის სწორედ სწავლების სწორი მიმართულება, განმავითარებელი სწავლება.სახელმძღვანელოში ყველაფერი უნდა ეწეროს დეტალურად და არა ისე, როგორც მასწავლებელი ხსნის.გაკვეთილზე ახსნა სულ სხვაა: იქ ჯგუფია ჩართული, მასწავლებელი ყოველ საფეხურზე სვამს კითხვას. მაგალითად: გავავლოთ სიმაღლე; რა მივიღეთ? რას გვაძლევს? რომელ დებულებას დავუკავშიროთ? ამ სამკუთხედიდან როგორ ვიპოვით?.. მოსწავლის წიგნს კი სულ სხვა დანიშნულება აქვს, მასში დეტალურად უნდა იყოს ახსნილი საკითხი, რომ მოსწავლემ შინ დამოუკიდებლად წაიკითხოს და გაიგოს, მასწავლებლის ახსნილს და დასწავლილ თეორიულ მასალას ის ამოცანებში გამოიყენებს. ესაა სწორედ განმავითარებელი სწავლება და არა ის, რომ მოსწავლის წიგნში ჩაწერო უაზრო და ბავშვისთვის გაუგებარი ფრაზები.


სამწუხაროდ, შარშან კონკურსში სახელმძღვანელოთა შემფასებლებმა ფაქტობრივად მეთოდიკაც არ იცოდნენ და მივიღეთ გაუმართავი მე-7 კლასის მათემატიკის წიგნები, რასაც თავად შემფასებლებიც (მარღიშვილი და ვერულაშვილი) აღიარებენ. შედეგად, აღნიშნული კლასის წიგნები არ შეცვლილა, ისეთივეა, როგორიც გასულ წლებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გასულ წელს გრიფირება ფაქტობრივად არ ჩატარებულა. ჩატარდა მხოლოდ ყალბი გრიფირება.

მიმდინარე წელს გრიფირების პროცესში ახალი შემფასებლები მონაწილეობდნენ. ჩემ მიერ წარდგენილმა ამჯერად მე-8 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელომვერ გადალახა ზღვარი. ამთავითვე ცხადია, რომ წლევანდელი გრიფირება იმავე პროდუქტს მოგვცემს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ როგორც ჩემი სახელმძღვანელოს მიმართ გამოთქმული შენიშვნებიდან ჩანს, მათ მხოლოდ ფსიქოლოგიური ტერმინებით საუბარი ეხერხებათ და საკითხის არსი კი არ იციან. მაგალითად, იციან ტერმინი „კონსტრუქტივიზმი“ და არ ესმით მისი შინაარსი. არ იციან, რომ როგორც იხსნება გაკვეთილზე მასალა, ზუსტად ისე მოსწავლის წიგნში ვერ ჩაიწერება და არც არის ამგვარად რომელიმე უცხო ქვეყნის გამოცემებში. უვიც შემფასებლებს არამც თუ მეთოდიკა, არამედ საკითხის შინაარსიც არ ესმით. მასწავლებელს ართმევენ თვითშეფასების ფუნქციას, უსაზღვრავენ ყველა მომენტს. ესაა უბედურება და ამ უბედურების შედეგია ეს დაულაგებელი, გაუგებარი, არამეთოდური სახელმძღვანელოები.

ჩვენში შედეგად ის მივიღეთ, რომ ამ სახელმძღვანელოებმა დატანჯეს ბავშვებიც (ისინი ხშირ შემთხვევაში დავალებას დამოუკიდებლად ვერ ასრულებენ, ვერ იგებენ), მშობლებიც და მასწავლებლებიც.ამ სახელმძღვანელოების დახმარებით ცოდნის მიღება შეუძლებელია!

ფაქტობრივად სახელმძღვანელოში თეორია არც წერია. საინტერესოა ისიც, რომ მათემატიკაშიტელეგაკვეთილს ცნობილი პროფესიონალი მასწავლებელი გოგი ლაზრიშვილი (ცვანციკა) არ ატარებს კონსტრუქტივიზმის მეთოდით და ვერც ჩაატარებს, რადგან ტელეგაკვეთილის დატვირთვა და შინაარსი სხვა არის, კერძოდ, ის გახმოვანებული სახელმძღვანელოა. ამის დასტურად მოვიყვან მსოფლიოში განთქმულ ხანის აკადემიას, სილქნეტის გაკვეთილებს, სადაც დაწვრილებით იხსნება თითოეული საკითხი მასწავლებლის მიერ. პირადად მე ასზე მეტი უცხოენოვანი ტელეგაკვეთილი ვნახე, სადაც ანალოგიურად მიმდინარეობს სწავლება.

ასე რომ, განათლების სამინისტრო და გრიფირების საკონკურსო კომისიის შემფასებლები წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან. ...და თუ მე ვცდები, რატომ ხსნის ცვანციკა გაკვეთილებს დაწვრილებით? ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სახელმძღვანელოს, სასკოლო გაკვეთილს, ტელესკოლას და ინტერნეტგაკვეთილს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. სახელმძღვანელოში დაწვრილებით უნდა იყოს გადმოცემული თეორიული მასალა, ხოლო რაც შეეხება გაკვეთილის მსვლელობას, დიახ, გაკვეთილზე ცოდნის მიღება ხდება მასწავლებლის დახმარებით, კონსტრუქტივიზმის თეორიის გამოყენებით. მოსწავლე შინ სავარჯიშოების შესრულებისას საჭიროების შემთხვევაში ჩაიხედავს თეორიულ მასალაში, რომელიც სახელმძღვანელოში დაწვრილებით წერია, ხოლო კიდევ საჭიროების შემთხვევაში უყურებს ინტერნეტგაკვეთილს, რითაც გაიღრმავებს საკითხის გადაჭრისადმი მიდგომის მეთოდს. ფაქტობრივად ინტერნეტგაკვეთილი არის ცოცხალი სახელმძღვანელო მასწავლებლის კომენტარებით, რაც სწორედ რომ კონსტრუქტივიზმია, რადგან მასწავლებელი თავად ქმნის მათემატიკურ სიტუაციებს გარკვეული მოცემულობით და თავადვე პასუხობს და იკვლევს.

კონსტრუქტივიზმის მეთოდიკაში ერთი საინტერესო მომენტიც არის, რაც იმ ქმედებაში გამოხატება, რომ როცა მოსწავლე რაიმეს ვერ გაიგებს, მას მასწავლებელი ეხმარება და თავად აჩვენებს.

შემფასებლები,პაპზე დიდი კათოლიკები რომ გახდნენ და გამოჩენილ ფსიქოლოგებს,პიაჟეს, ვიგოდსკისა და სხვებს ზემოდან უყურებენ, რომელიმე მოსწავლემ წიგნში დაწერილი საკითხი შინ დავალების შესრულებისას რომ ვერ გაიგოს (ვერც გებულობს უმრავლესობა და ამის დამტკიცება იოლია), რა ქნას, მასწავლებელს დაურეკოს თუ ვის მიმართოს?

დასანანია, რომ განათლების სამინისტრო მოქმედებს მხოლოდ ინსტრუქციებით და საკითხის არსს სწყდება.სამინისტრო თავად მოდის წინააღმდეგობაში. განმავითარებელი სწავლა და სწავლება სულ სხვაა და  არა ის, რასაც უვიცი შემფასებლები მიუთითებენ.

ვითხოვ, ვისაც ხელეწიფება, გააგებინოთ, რომ მასწავლებელს ტრენინგზე მხოლოდ უცხო სიტყვები და მათი განმარტებები კი არ ასწავლონ, არამედ საკითხის არსში წვდომა. ასეთი ღრმადჩახედული რომ ყოფილიყვნენ სახელმძღვანელოს შემფასებლები შარშან და წელს, იმ აბდაუბდას, რაც წარმოადგინეს ჩემი საკონკურსო წიგნის მიმართ, არ დაწერდნენ და, საერთოდ, უვარგისი სახელმძღვანელოების შექმნას ხელს არ შეუწყობდნენ.

ზემოთ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, კონსტრუქტივიზმის პრინციპზე დამყარებული, სახელმძღვანელოში ვერ აისახება. ასე რომ, იქნებ დროა, უვიც შემფასებლებს ჯერ დავავალოთ შეისწავლონ მეცნიერების მიღწევები მეთოდიკაში და შემდეგ მივცეთ უფლება შეაფასონ მეცნიერულად დამუშავებული სახელმძღვანელოები.

აქვე შევნიშნავ: ჩემი სახელმძღვანელოებითა და მეთოდური რეკომენდაციებით  ქვეყნის მასშტაბით ბევრი პედაგოგი, მოსწავლე თუ მშობელი სარგებლობს. მეტწილად სკოლის პედაგოგები ჩემს წიგნსიყენებენ დამხმარე სახელმძღვანელოდ, რაც დაუშვებელია.არშეიძლებაორისაპირისპიროშინაარსისწიგნითსწავლება, ეს საერთოდ დაანგრევს სწავლისა და სწავლების პროცესს.შეუძლებელია მოსწავლემ ერთდროულად აბსურდული სავალდებულო მათემატიკის სახელმძღვანელო (რთულ და არაფრისმომცემ, გაუგებარ სწავლებაზე ორიენტირებული) და მისი საპირისპირო (ჩემი ავტორობით გამოცემული, მარტივი ენით დაწერილი, სისტემურად გამართული, დეტალურად ახსნილი, სავარჯიშოთა სისტემა – სრულყოფილი სათანადო მეთოდური რესურსით) წარმატებით შეისწავლოს, კარგი და ცუდი სწავლება ერთდროულად მიიღოს.

ბატონო მინისტრო, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მისცეთ უფლება სკოლებს(მათ შორის, სადაც ჩემი შვილი სწავლობს), ჩემი საავტორო წიგნი „მათემატიკა VII კლასი“ ოფიციალურად აირჩიონ ძირითად სახელმძღვანელოდ, მშობლებთან შეთანხმებით.შედეგით გამოჩნდება ჩემი სახელმძღვანელოს ღირებულება, რაც გამოიხატება მოსწავლეთა მათემატიკის ცოდნის დონის მკვეთრად ამაღლებაში, ბევრად დიდ უპირატესობაში გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებთან შედარებით.სახელმძღვანელოს თავად დავაფინანსებ, გამოვცემ საკუთარი ხარჯით და მსურველი შეიძენს.მის პირველსავე გვერდზე აღინიშნება, რომ წიგნი მონაწილეობდა გრიფირების კონკურსში და ვერ გადალახა ზღვარი, მაგრამ მეცნიერულად დასაბუთებული და მკვლევართა და პედაგოგთა მიერ აღიარებულია, რის დასტურადაც მიეთითებაგრიფირების კონკურსის შემფასებლებისა და მათ საპირისპიროდ, მეცნიერთა შეფასებების ინტერნეტსაიტები.

სხვა სკოლებს კი ღმერთმა მოახმაროს ეს გრიფირებული წიგნები და ამ წიგნების შემფასებლებთან და ავტორებთან ერთად გულწრფელად ვუსურვებ გამარჯვებას!

 

 პატივისცემით,

 განათლების აკადემიური დოქტორი

დიმიტრი გოშხეთელიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 808
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია