დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მცირე ბიზნესი VS კრიზისი
მცირე ბიზნესი VS კრიზისი - როგორ რეაგირებს მცირე ბიზნესი პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე
ავტორი: ნატო გუბელაძე
2020/05/08 12:00:25

 

 

უკანასკნელი ორი თვე საკმაოდ მძიმე გამოდგა როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე - მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით კი  - მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. საგანგებო მდგომარეობამ და კარანტინის რეჟიმმა ფაქტიურად გააჩერა ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება, დაკეტილია მსხვილი სავაჭრო ობიექტები, არ მუშაობს საზოგადოებროვი ტრანსპორტი, აკრძალულია კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები და ა.შ. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საინტერესოა იმის გარკვევა, თუ როგორ პასუხობს გამოწვევებს მცირე ბიზნესი.

 

ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის მენეჯერს, მარიანა ლოთიაშვილს და პროექტის რამდენიმე ბენეფიციარს. შევახსენებთ მკითხველს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3” ინიცირებული და დაფინანსებულია ბი-პი-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. დასავლეთ საქართველოში პროექტს ახორციელებს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი სითისი.


პროექტის მენეჯერის თქმით, კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მიკრო–მეწარმეების მუშაობაზე, მათი გაყიდვები საშუალოდ ერთი მესამედით შემცირდა. თუმცა, ისინი საკმაოდ კარგად უმკლავდებიან არსებულ სირთულეებს და ცდილობენ ადაპტირებას შეცვლილი რეალობისადმი. დაფინანსებული 42 მიკრო-მეწარმიდან ოცდაცამეტი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ხოლო სამი ელოდება სეზონის დაწყებას შუა ზაფხულიდან.


საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი პროექტის ბენეფიციარი, ავთანდილ გაჩეჩილაძე სოფ. არგვეთიდან, რომელიც მეხორცული ჯიშის ქათმებს აწარმოებს. „ახლანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ზიანი მომადგა. მოგეხსენებათ, ადგილობრივი ჯიშის ქათამზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია, თან მყავს სტაბილური მყიდველები, რომლებიც აფასებენ ჩემი ქათმის განსაკუთრებულ გემოს, რადგან მათ საკუთარი სიმინდით ვკვებავ. მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, სააღდგომოდ ყველა ქათამი გავყიდე  და იმედი მაქვს, შემდგომშიც არ გამიჭირდება მუშაობის გაგრძელება“, – ამბობს ის.


იმედიანად არიან განწყობილნი პროექტის სხვა ბენეფიციარებიც, რომელთა შრომისმოყვარეობა და მხნეობა მისაბაძია. ერთ-ერთი მათგანია ბატონი დავით კუნჭულია სოფ. ლესადან, რომელსაც უეკლო მაყვალი მოყავს. მიუხედავად არსებული კრიზისისა, ის არა მარტო აგრძელებს საქმიანობას, არამედ კაპიტალური სანერგე სათბურის დადგმასაც გეგმავს, სადაც მაყვლის ნერგებს გამოიყვანს, რისთვისაც გააჩნია შესაბამისი თეორიული და პროფესიული ცოდნა. დავითის თქმით, ამით მისი ბიზნესის მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზრდება.


პროექტის მიერ დაფინანსებულ ექვს მიკრო–მეწარმეს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია არასასურსათო პროდუქტების წარმოებასა და მომსახურებასთან, მოუწია მუშაობის დრობით შეჩერება. ჩვენ გავესაუბრეთ ასევე ერთ–ერთ მათგანს, ქ–ნ ნინო ხამაშურიძეს.


ნინომ 2018 წელს გახსნა ყავით მომსახურების სერვისი სოფ. სუფსაში. ამჟამად მისი მაღაზია დაკეტილია, თუმცა ის ფიქრობს, რომ შეძლებს მუშაობის განახლებას მაისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მოიხსნება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები. ნინოს მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია სოფელში, მაღაზია ცენტრალური გზასთან მდებარეობს და მისი მომხმარებლები როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი მკვიდრნიც არიან.

 

ნინო ამბობს: „აპრილი საკმაოდ მძიმე გამოდგა ჩვენთვის, რადგან მაღალი იყო გაურკვევლობა, არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა შეზღუდვები. მოგეხსენებათ, ჩემი და მსგავსი ბიზნესები მჭიდროდაა დაკავშირებული ტურისტულ სეგმენტთან, ამიტომ პერსპექტივა არცთუ სახარბიელოდ გვესახებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, უფრო იმედიანად ვუყურებ მომავალს და გაფართოებასაც ვფიქრობ. ჩამოსასხმელ ყავასთან ერთად მომხმარებელს მინდა ნაყინიც შევთავაზო, რისთვისაც უკვე შევიძინე ჩამოსასხმელი ნაყინის აპარატი. ყავა და ნაყინი მშვენივრად ეხამება ერთმანეთს და, ჩემი აზრით, ეს იდეა გაამართლებს. გარდა ამისა, კრიზისმა იმაზეც დამაფიქრა, რომ საჭიროა უფრო აქტიურად ვეძიოთ მომხმარებლები და მათი შეკრების ადგილები. ამიტომ ზაფხულში მინდა ზღვასთან ახლოს შევთავაზო დამსვენებლებს ყავა, ნაყინი და გამაგრილებელი სასმელები“.


ყველა მეწარმემ, ვისაც ვესაუბრეთ, აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა სწავლების სატელეფონო სესიები, რომელსაც პროექტის თანამშრომლები ონლაინ რეჟინში უტარებენ ბოლო ორი თვის განმავლობაში. პროექტის თანამშრომლები, ალექსი ხარშილაძე და ქეთო დვალიშვილი, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მათთან ერთად გაანალიზონ მათი საქმიანობის რისკები, დაგეგმონ პრევენციული ღონისძიებები და დასახონ შემდგომი განვითარების კონკრეტული ნაბიჯები. გარდა ამისა, პროექტის გავლენის შედეგია ისიც, რომ მეწარმეები უფრო აქტიურად იყენებენ ტელეკომუნიკაციას და გაყიდვებს  სოციალური ქსელების საშუალებით ახორციელებენ. 


პროექტის გუნდი დარწმუნებულია, რომ კრიზისი არა მარტო ეკონომიკური ვარდნაა, არამედ ახალი შესაძლებლობებიც და ცდილობენ  უბიძგონ მიკრო–მეწარმეებს სწორედ ამ მიმართულებით იფიქრონ. წარმატებებს ვუსურვებთ მცირე ბიზნესის პროექტის განმახორციელებელ გუნდს და მათ ბენეფიციარებს.


 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია