დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გვირილობა 2020
ზვიად შალამბერიძე: "ბოლო ათწლეულის მანძილზე, პირველი ორმაისობა ჩაივლის იმერული კოლორიტის, ქართული ფოლკლორის და გასტრონომიის, გამოფენების, ყვავილების ბაზრობების, თეთრწინსაფრიანი გოგონების, ფაიტონის და თეატრალური მსვლელობების გარეშე"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/01 16:31:00

ორმაისობა, ტრადიციული ქუთაისქალაქობის დღესასწაული წელს პანდემიის გამო არ ჩატარებულა. თუმცა ამ თარიღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

 

"ქუთაისისთვის ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულია. მისი ისტორიით, მნიშვნელობით, შინაარსით და სანახაობების მრავალფეროვნებით. ადამიანებით, რომლებიც წლიდან წლამდე, ქალაქის ამ დიდ ზეიმს ერთმანეთის გულწრფელი სიყვარულით ელიან. ჩვენ წელს ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი და სამზადისი გვქონდა. ტრადიციის პატივისცემით და ბევრი ახალი საქმით, ახალი სახეებით, საპატიო სტუმრებით და მასპინძლებით, ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო და სასურველი.


ორმაისობის ყველაზე კოლორიტული ნაწილი „გვირილობა“ იდეაში სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის და ქველმოქმედების სურვილით გაჩნდა და მისი მიზანი ყველაზე კეთილშობილი იყო: ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარება. ისტორია ყველა ქუთაისელმა იცის, საუკუნის წინ როგორ აგროვებდნენ ამ ქალაქის ულამაზესი ქალები გიმნაზისტ გოგონებთან ერთად შემოსაწირს და როგორ უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც ჭლექით დაავადებულთათვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა. ორმაისობა სიკეთის დღეა და მასთან ერთად, ერთგვარად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის დღეც. დღეს, პანდემიის ფონზე, როცა ადამიანებს ერთმანეთისგან მეტი გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ, გვირილობის ტრადიცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.


დისტანციის და აუცილებელი იზოლაციის პირობებში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, პირველი ორმაისობა ჩაივლის იმერული კოლორიტის, ქართული ფოლკლორის და გასტრონომიის, გამოფენების, ყვავილების ბაზრობების, თეთრწინსაფრიანი გოგონების, ფაიტონის და თეატრალური მსვლელობების გარეშე. მაგრამ ყველა ქუთაისელი, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობით იცავს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მოწოდებას, სწორედ სახლიდან მიულოცავს მის ქალაქს ყველაზე მშობლიურ დღესასწაულს. ზუსტად მაშინ, როცა ყველა ტაძრიდან, ტრადიციული ზარების რეკვით, ქუთაისის კურთხევაც აღევლინება. გილოცავთ და მჯერა, კიდევ ბევრ ორმაისობას ვიზეიმებთ ამ ისტორიულ ქალაქში ღირსეული ქუთაისელების პატივგებით და თქვენი განსაკუთრებული ნიჭიერებით!"-აცხადებს მხარის რწმუნებული.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია