საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
გიგი უგულავა პატრიარქს მიმართავს:"დიახ, საშიშროება რეალურია და მეცნიერებას ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/03/28 11:08:40

 

 

პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პატრიარქის მიმართ ღია წერილს ავრცელებს. სადაც ამბობს, რომ საფრთხე რეალურია და ეკლესიებში შეკრებილი მრევლი შეიძლება, ვირუსის უკონტროლო გავრცელების მიზეზი გახდეს. 

გიგი უგულავა სთხოვს პატრიარქს, რომ იხსნას ერი ამ რეალური საფრთხისაგან და მოუწოდოს, დარჩნენ სახლში. 

გთავაზობთ გიგი უგულავას მიმართვას სრულად.

 

"თქვენო უწმინდესობავ,

 

საშიშროება რეალურია - ეს იყო თქვენი სიტყვები წლების  წინ, 1989 წლის 9 აპრილს და საშიშროება მართლაც რეალური იყო. საშიშროება რეალურია დღეს და თქვენს სიტყვებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

 

მოგმართავთ თხოვნით ციხიდან. თქვენ მე პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ. არც მაშინ როცა თქვენი მოწაფე ვიყავი, არც მაშინ როცა ძალაუფლება მქონდა და არც ახლა როცა ციხეში ვარ. არც პირფერობა მჩვევია და ბევრი მწარე სიტყვები მითქვამს. ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

გევედრებით შეაჩერეთ ეს კატასტროფა, საშიშროება მართლაც რეალურია, მოუწოდეთ მრევლს დარჩეს სახლში, ილოცოს სახლში, სჯობს დაინთოს  ასი ათასი სანთელი ეკლესიებში, ნაცვლად ასი ათასი ადამიანის შეკრებისა. ნუ გავწირავთ მათ სნეულებისთვის. დღეს ეს თქვენს ხელშია.

 

ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. საზოგადოება  და ხელისუფლება ავად თუ კარგად, ექიმებთან ერთად, უმკლავდება ვირუსს, მაგრამ ძალაუფლების შერყევის შიშით ისინი ვერ გეტყვიან სიმართლეს. სიმართლეს უმეტესობა არც სინოდში გეტყვით,  სამწუხაროდ.

 

სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყანა ახლა შედის ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში. ეს ემთხვევა წინასააღდგომო პერიოდს. წინ ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთისცხება და ბოლოს ბრწყინვალე აღდგომაა. მოუწოდეთ მრევლს დარჩნენ სახლში.

 

ნუ დავანთებთ აპოკალიპტურ  ცეცხლს სააღდგომოდ. დიახ, საშიშროება რეალურია და მეცნიერებას ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ.

ვერანაირი სქოსასტიკური არგუმენტი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დღეიდან აღდგომამდე სწორედ ჩვენ ტაძრები შესაძლოა გახდეს მთავარი რისკის არეალი.

 

ამან შეიძლება უბედურებამდე მიგვიყვანოს. თქვენ გვასწავლიდით, რომ ადამიანია ღვთის სახლი. ვერცერთი დიადი ტაძრის გუმბათი, ვერ მივა თუნდაც ცოდვებით დამძიმებულ ღვთის ქმნილებათა გვირგვინთან - ადამიანთან.

 

ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად. არ მივცეთ ამპარტავნებას საშუალება, ყველა სათნოება შთანთქას.

ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ყოველ საათს. დამნაშავეთა ძიებას აზრი აღარ ექნება.  

დღეს თქვენ სიტყვას შეუძლია ადამიანთა გადარჩენაც და მათი საფრთხეში ჩაგდებაც.

 

 

დღეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია და პირადად თქვენ,  იესოს მსგავსად ტაძრის გუმბათზეა და მინდა მჯეროდეს, რომ ეშმაკს სწორ პასუხს გავცემთ - ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (ლუკა 4:12)

 

გთხოვთ, მოუწოდოთ მრევლს დარჩეს სახლში.

 

"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს"

 

ისაია 26:20"

 

პატიმარი გიგი უგულავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია