დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
23 თებერვალი - ქართველი იუნკრების დღე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/02/23 12:10:26

23 თებერვალი საბჭოთა პერიოდში საზეიმო დღედ იყო გამოცხადებული, თუმცა ამ თარიღს და 25 თებერვლის გასაბჭოების დღეს ამჟამად მხოლოდ ტკივილიან ისტორიად აღვიქვამთ.

 

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

(კოლაუ ნადირაძე - 25 თებერვალი)



1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა არმია საქართველოში შემოვიდა და თბილისისაკენ გაემართა. პარალელურად სოჭის მხრიდან რუსეთის მე-8 არმია შემოიჭრა, ასევე, ჩრდილოეთიდან რუსეთის სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ და ასეთივე შემოტევა ქვეყნის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდანაც განხორციელდა.

გადამწყვეტი ბრძოლა კი კოჯრის მიდამოებში მოხდა.

სწორედ კოჯორი-ტაბახმელას მიდამოებში მოხდა 20-23 წლის ქართველი ახალგაზრდა სამხედროების, იუნკერების ტრაგიკული ბრძოლა.

დაღუპული გმირები, ქართველი იუნკერები ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.


1921 წლის 24 თებერვალს იუნკრებთან ბრძოლაში ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი განიცადეს იუნკრებმაც – დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. რვა დღის განმავლობაში იუნკრებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს. არნახული გმირობის მაგალითი აჩვენა იუნკერთა ოფიცერმა ყიფიანმა. მისმა ნაწილმა, რომელიც ძირითადად მოხალისე მებრძოლებისგან შედგებოდა, მტრის შეტევას ვერ გაუძლო და პოზიციების დატოვება დაიწყო. ამის შემხედვარე ყიფიანმა ნაგანიდან მკერდში ოთხი ტყვია დაიხალა. იგი ძლივს გამოათრიეს სანგრიდან. საბედნიეროდ, ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა. როდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მას ჰკითხა, რატომ მოიქცა ასე, ყიფიანმა უპასუხა: “ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია თქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!”

ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელა ვერ აიღეს. სამაგიეროდ, შეავიწროეს ქართული ნაწილები სოღანლუღისა და ლილოს მონაკვეთზე. თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა. ამის გამო მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლისა და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

იუნკრები ბრძოლის ველს ტოვებენ
იუნკრებმა პოზიციების დატოვების თაობაზე ბრძანება 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე მიიღეს. მათ სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალათ, რომელიც ბათუმისკენ მიდიოდა. გზაზე სრული ქაოსი სუფევდა. 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. XI არმიის სხვა ნაწილებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკიც, რომელიც პლეხანოვზე, ქართველ იუნკერთა სკოლაში განთავსდა.

ქართველი იუნკრები კი იმ დროს უკვე ბათუმში იყვნენ. ნოე ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში მიემგზავრებოდა. იუნკრებს გამოუცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაში საქართველოდან წასვლა მათაც შეეძლოთ. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ქართველი იუნკრები ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. მრავალმა მათგანმა გმირული კვალი დატოვა უცხო ქვეყნების ისტორიაში.


წყარო: გიორგი მიქელაშვილი / Giorgi Mikelashvili (ფეისბუქჯგუფი "თბილისური ფლორონცი")

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია