საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფერმერთა ასოციაციის პროექტი
ნათია მსხილაძე: „AGRO STOP“-ით ჩვენ მოგიყვებით აგროტურისტულ სფეროში ჩართულ ადამიანებზე, მათ საქმიანობაზე და შემოთავაზებულ სერვისებზე (FOTO-WIDEO)
ავტორი: ნატო გუბელაძე
2020/02/12 01:10:56

 

ერთ დღესაც ნინო ზამბახიძეს ვუთხარი, რომ ავტო სტოპით უნდა დავიწყო მოგზაურობა და მოვყვები, როგორ შეიძლება ადამიანებმა დაბალი ბიუჯეტით ნახონ აგრო ტურიზმის სიკეთეები, გაიცნონ ფერმერული მეურნეობები-თქო. ერთი კარგად კი შეფიქრიანდა, თავში ალბათ ბევრმა აზრმა გაუელვა, მაგრამ მითხრა: მიდი და მე შენს გვერდით ვარო... ჰოდა ასე,თბილისის გასავლელში პარასკევს საღამოს რომ დამინახავთ, ზურგჩანთით ხელში, იცოდეთ, კარგი საქმისკენ მიმეჩქარება და თუ გზად გამიყოლებთ, ჰო უკეთესი“ - ეს პოსტი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნათია მსხილაძემ, ფერმერთა ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერმა.


...და დანაპირებიც მალევე შეასრულა: „აგროსტოპმა“ და მისი იდეის ავტორმა უკვე რამდენიმე რეგიონში იმოგზაურა: პანკისში,სამცხე-ჯავახეთსი, სამეგრელოში, ქვემო ქართლში და აგროტურიზმში ჩართული ადამიანების გაცნობაც დაიწყო საზოგადოებისთვის.


 

 

აგროსტოპ/AGRO STOP-ის მიზანი, საქართველოს აგროტურიზმის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.ფაქტობრივად, შეიქმნება სხვადასხვა საინტერესო მოგზაურობათა გზამკვლევი.

 

ნათიას თქმით, მას ამ პროექტის იდეა ახალბედა თუ გამოცდილ ფერმერებთან ურთიერთობამ გაუჩინა. ის ხშირად აღფრთოვანებული უყვებოდა მეგობრებს მათი საქმიანობის შესახებ და გადაწყვიტა, უფრო ფართო საზოგადოებისთვის მოეყოლა იმ წარმატებულ ადამიანებზე, რომელთა დიდმა ნაწილმა საზღვარგარეთ დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები, თუმცა შემდეგ ფერმერული მეურნეობების საწარმოებლად სოფლად დასახლდნენ და აგროტურიზმში ჩაერთვნენ.

 

 

 


ჩვენ მოგიყვებით აგროტურისტულ სფეროში ჩართულ ადამიანებზე, მათ საქმიანობაზე და შემოთავაზებულ სერვისებზე.ადამიანებმა უნდა იცოდნენ, სად რა სერვისია, სად არის ჯანსაღი საკვები, გამართული ინფრასტრუქტურა, სუფთა და მოწესრიგებული ჰიგიენური ადგილები, კარგი სასმელები, საოჯახო თუ დიდი ზომის სასტუმროები, რა ფასებია და როგორი მომსახურეობაა ამ სასტუმროებში. ყოველი მოგზაურობის შემდეგ ჩვენს მაყურებელს ეცოდინება დაახლოებით, რა ბიუჯეტით შეეძლება მოგზაურობა კონკრეტული მიმართულებით- ამბობს ნათია მსხილაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ეს პროექტი წარმოადგენს სტარტაპს, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის.შესაბამისად, პირადად ძალიან დიდ გამოწვევას და პასუხისმგებლობას გრძნობს.


 

„აგროსტოპის“ ფინანსური მხარდამჭერია USAID-ის პროექტი ZRDA . მოგზაურობის შემდეგ მზადდება ვიდეო რგოლები, სადაც პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებაა მოთხრობილი და ეს ვიდეობი სოციალური ქსელში: Youtube-ზე,  Facebook-ზე, Instagram-ზე და Tripadvisor-ზე თავსდება.


როგორც ნათია ამბობს, პროექტი გათვლილია არამხოლოდ ქართველებზე, არამედ - უცხოელებზე, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ, რომელ რეგიონში სად რა აგროტურისტული ობიექტებია, სად სჯობს ღამის გათევა, სად - კვება და სად რა ღირსშესანიშნაობის ნახვაა შესაძლებელი.


უცხოელი მოგზაურების კიდევ უფრო მოსაზიდად, ახლახანს,  „Agro Stop“-ი კომპანია „Spend 4 Seasons in Georgia“-ს დაუმეგობრდა, რაც ითვალისწინებს მათი მხრიდან სოციალურ მედიაპარტნიორობას, „Agro Stop“-ის ვიდეოების მათ პლატფორმაზე განთავსებას, რომელსაც ქართველებთან ერთად,  ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი ნახულობს.


ასე რომ, ვისაც სურვილი გექნებათ, დაემგზავრეთ ნათიას ყოველ პარასკევს და იმოგზაურეთ ავტოსტოპით ან იპოვეთ მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში და გაიცანით აგროტურისტულ სექტორში ჩართული წარმატებული ადამიანები!


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია