საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
2019 წლის ნეიროქირურგიული შეჯამება
იაკობ ცერცვაძე:"ძალას არ დავიშურებ, რომ ქუთაისში პაციენტებს მაღალი ხარისხის ნეიროქირურგიული დახმარების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/01/11 21:49:42

2019 წელი რთული და გამოწვევებით სავესე იყო. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ყველა სფეროზე აისახა. მედიასახლი “პოსტსკრიპტუმი” დაინტერესდა, სტრესული სამუშაო გრაფიკის გარდა, რითი იყო ეს წელი გამორჩეული ექიმებისთვის. ჩვენ ნეიროქირურგ იაკობ ცერცვაძეს ვესაუბრეთ. 

 

 

- ბატონო იაკობ, მოკლედ რომ შეეგვიჯამოთ, რამდენად დატვირთული წელი გქონდათ პროფესიული კუთხით და როგორია გასული წლის სტატისტიკა? 

- მოგეხსენებათ, ჩვენი კლინიკა არის რეფერალური ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონიდან გადმოყვანილ პაციენტებს ემსახურეაბა, რომელთაც  ხერხემლის და თავის ტვინის რთული ტრავმები აქვთ მიღებული. 2019წელს ჩვენმა გუნდმა  600 ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაატარა. Pპაციენტების  55%-ს აღენიშნებოდა ხერხემლის  პრობლემები, ხოლო  20%-ს თავის ტვინის სხვადასხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგია (თავის ტვინის ანევრიზმა, მალფორმაცია, კავერნომა) და ა.შ.  

 

- ხერხემლის და თავის ტვინის პათოლოგიებიდან, რომელ დაავადებას გამოყოფდით, რომელიც განსაკუთრებით საშიშია?

- ჩვენი  დეპარტამენტი ყველა ტიპის  ოპერაციას საერთაშორისო ნორმების დაცვით აკეთებს და მზად ვართ, როგორც დაგეგმილი, ასევე ურგენტული შემთხვევების მისაღებად.  უამრავი წარმატებული ოპერაცია გვაქვს გაკეთებული, თუმცა თავის ტვინის  გამსკდარი ანევრიზმა, სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშ მდგომარეობას მიეკუთვნება. სამწუხაროდ, პაციენტს უმეტეს შემთხვევაში, ანევრიზმის გასკდომამდე ჩივილი არ აქვს, თუ არ მოხდა მისი აღმოჩენა შემთხვევით კვლევაზე. კვლევა, რომელზედაც ყველაზე ხშირად ხდება ანევრიზმის აღოჩენა, არის თავი ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ანგიო ანუ სისხლძარღვოვანი რეჟიმით, რომელიც მიეკუთვნება არაინვაზიურ ანუ სრულიად უსაფრთხო კვლევის მეთოდს. გასკდომამდე აღმოჩენილი ანევრიზმა ოპერაციული ჩარევის შემდეგ 90 %-ით კარგი შედეგით მთავრდება და პაციენტი ჯანმრთელი ცხოვრების წესს უბრუნდება, მაშინ, როდესაც გასკდომის დროს სიკვდილიანობა და გადარჩენის შემთხვევაში უნარშეზღუდულობა მაღალია. 

 

- რომელი დაავადების მართვა რჩება ნეიროქირურგუილი დეპარტამენტის მთავარ გამოწვევად? 

- ინსულტი, რომელიც ძირითად გამოწვევად რჩება როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის. მოგეხსენებათ განვითარებადი ქვეყნების უმეეტესობაში ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა მეორე ადგილზე დგას. 2015 წლიდან მსოფლიოს 7 ქვეყანაში ჩატარებულმა  სხვადასხვა კვლევამ  აჩვენა, რომ  თუ პაციენტს იშემიური ინსულტის ანუ თავის ტვინის სისხლძარღვის თრომბის დახშობის ნიშნების გამოვლენიდან (სისუსტე კიდურებში, სახის ასიმეტრია, მეტყველების გაძნლება) პირველ 6 საათში ჩაუტარდება ჩარევა, რაც გულისხმობს თავის ტვინის სიხლძარღვიდან სპეციალური მიკროკათეტერით და სტენტის საშუალებით თრომბის გამოღებას, მას აქვს დიდი შანსი, გადარჩეს სიკვდილს და ღრმა უნარშეზღუდულობას, სხვა მხრივ ასეთი პაციენტები ხდებიან შრომისუუნარონი, რაც ძალიან დიდ ეკონომიურ ხარჯებს მოითხოვს პაციენტის ოჯახისა და სახელმწიფოსგან. ყოველი დაგვიანებული 90 წუთი 8 %-ით ამცირებს კარგი გამოსავვლის ალბათობას. 

 

- როგორც ვიცით,  კვალიფიკაციის ასამაღლებლად  ევროპის რამდენიმე კლინიკაში იმყოფებოდით. მოგვიყევით იმ  სიახლეების შესახებ, რაც  2019 წელს ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში დანერგეთ.

- 2019 წელი ამ მხრივ ნამდივალად გამორჩეული იყო, რადგან  ვიმყოფებოდი ევროპის წამყვან კლინიკებში (შტუტგარდის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორ ჰენკესთან, შემდეგ – საფრანგეთში, ლიმონჯში, პროფესორ მოუნაიერთან, ბარსელონაში - ვალდებრონის საუნივერსიტეტო კლინკაში და ბოლოს - ერლანგენის საუნივერიტეტო კლინიკაში, გერმანიაში), სადაც იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს გავეცანი.  მიღებული გამიცდილების საფუძველზე 2019 წელს ჩავატარეთ 4 ასეთი ოპერაცია.  

 

საერთოდ, ინსულტის  მკურნალობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  კლინიკაში პაციენტის დროულ მოყვანას. Yყველა წუთი ძვირფასია, სწორედ აქ  გვჭირდება მედიის მხარდაჭერა, რათა  მოახადინონ  მოსახლეობის სწორი ინფორმირება, თუ სად შეიძლება საჭირო სერვისის მიღება.  

 

ასევე, 2019 წელს, ჩემს მეგობრებთან ერთად, “ახალგაზრდა ნეიროქირურგთა ასოციაციის” ეგიდით ჩავატარეთ საქართველოში პედიატრიული ნეიროქირურგიული საერთაშორისო საგანმანათლებლო  კურსი, სადაც მომსხენებლები იყვნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: იტალია, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი. 

 

ჩვენი საუბრის ბოლოს, მინდა, ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს და განსაკუთრებით – ქუთაისს.  2020 წელს, ჩვენს გუნდთან ერთად, ძალას არ დავიშურებ, რომ დასავლეთ საქართველოში და კერძოდ, ქუთაისში პაციენტებს  მაღალი ხარისხის ნეიროქირურგიული დახმარების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია