საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველები უცხოეთში
ორჰან ბერიძე:„მერე რა, თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/22 14:39:00

 

 ორჰან ბერიძე საქართველოდან თურქეთში გადასახლებული მეოთხე თაობის ქართველია! საკუთარ მემლექეთს, სამშობლოს ფესვებს მოწყვეტილმა ქართველმა (დედით თურქი) მშობლიური ენა 45 წლის ასაკში შეისწავლა, მან ზეპირად იცის ,,ვეფხისტყაოსანი’’, თურქეთში მცხოვრებ ქართველობასაც აცნობს ამ გენიალურ პოემას. მუშაობს ასევე ,,ვეფხისტყაოსნის’’ ხელნაწერი ვარიანტის შექმნაზეც, რაშიც თავიანთი წვლილი შეაქვთ იქაურ, თუ ემიგრანტ ქართველობას.


,,საქართველო ჩვენი ქოლგაა!’’ - ეს ბატონი ორჰანის სავიზოტო ფრაზაა. მისი დიდი წინაპრები აჭარიდან იყვნენ, თუმცა განსაკუთრებით უყვარს ქუთაისი მასთან მჭიდრო და თბილი კავშირების გამო.

 „ახლა სულ ცრემლიანი ვარ, მინდა ერთი სურვილი გაგანდო, შენ, როგორც ჩემი უახლოესი მეგობარი შემისრულებ თუ არა ჩემს სანუკვარ სურვილს? მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ეს მხოლოდ შენ მინდა რომ გააკეთო. თუ მე შენზე ადრე გარდავიცვლები,  საქართველოდან ერთი მუჭა მიწა წამოიღე და გულზე დამაყარე, მე ამას აუცილებლად ვიგრძნობ.“  (ორჰან ბერიძის წერილი ქუთაისელ მეგობარს - ნათია ჯიმშელეიშვილს)

 

 დიალოგი

-ბატონო ორჰან, თქვენ თურქეთში გადასახლებული ქართველების მეოთხე მოდგმა ბრძანდებით - მოგვიყევით თქვენი წინაპრების შესახებ, ვინ იყვნენ, საიდან...

-უპირველესად, უღრმეს მადლობას გიხდით ინტერვიუს საშუალება რომ მომეცით. ჩემი ბაბუის ბაბუა ქ. ბათუმის ქედის რაიონის სოფელ წონიარისიდან 1877-78 წ. ოსმალეთ-რუსეთის ომის შემდგომში თურქეთის ქ. გირესუნში გადასახელბულა. მე თურქეთის ქ. გირესუნში დაბადებული მე-4 თაობა ვარ. 25 წლის ასაკის შემდეგ კი ქ. სტამბოლში ვცხოვრობ, ეს არის მეორე გადასახლება და აქვე მეორე ტკვილი ჩვენ ისტორიაში გადასახლების მხრივ.


-საინტერესოა, ავტობიოგრაფიული ცნობები თქვენს შესახებ ბავშვობიდან-დღემდე.

-მე მამაჩემის ხელში გავიზარდე და ის მეუბნებოდა რომ საქართველო არსებობს და იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრებენო. მე დედა თურქი მყავდა, რამდენიმე სოფლური სიტყვების გარდა არ ვიცოდი ქართული. მამაჩემი ნათესავებთან ან მეზობლებთან სულ ქართულად საუბრობდა, მე კი ვერაფერს ვგებულობდი. მამაჩემმა 15 წლამდე თურმე არ იცოდა თურქული, ანუ მამაჩემის ,,დედა ენა“ ქართული იყო. უფრო მეტიც, ჯარისკაცობაში უსწავლია თურქული, ისიც ძალიან მახინჯური კილოთი საუბრობდა.


 


 -ქართულის შესწავლის შემდეგ თქვენ დაუწერეთ წერილი მამას და წინაპრებს.

-2006 წელს, 45 წლის ასაკში, ქართული რომ ვისწავლე, საქართველოდან გასახლებული ჩემი ბაბუის ბაბუაზე წერილი დავწერე. მოკლედ ვუთხარი: „დიდად პატივცემულო ბაბუის ბაბუავ! მე შენი შვილისშვილი ვარ. მე ქართული ვისწავლე. მამაჩემი მე ბავშვობისას სულ ქართულად მესაუბრობდა, ოღონდ მე არ მესმოდა. ახლა მამას საფლავზე მივდივარ და მასთან დავილაპარაკებ- მეთქი.“


წავედი მამას საფლავზე. პირველად ვილოცე. მერე მამას ვუთხარი, რომ „მოვედი მამა. ვისწავლე ქართული, თანაც შენზე უფრო კარგად გრამატიკულად. ბაბუებო, მამა, ყველა ადექით საფლავებიდან  ერთი საათით ქართულად ვისაუბროთ და მერე ერთად დავწვეთ-მეთქი!“_ ხმაღლა ასე ვუყვირე!!!„...თ ო ხ ი...“


 


2006 წელი იყო. მე 45 წლის ასაკში პირველად ვსწავლობდი ქართულს და ასევე ქართულ კულტურასაც. დედაენის წიგნით, რომ დავიწყეთ, უფრო შემიყვარდა და ჩემს ძვირფას მასწავლებელ, ქალბატონი მანანა გურგენიძესთან, ჩუმად, მომავალ გაკვეთილზე ვმუშავობდი.


ერთხელ სახლში მოვედი გაკვეთილიდან, გავშალე დედა ენის წიგნი და მომდევნო  გაკვეთილი იყო ასო-ბგერა „ხ“ . ახალი სიტყვა ძნელად წავიკითხე; „თ. თ. თ. თო თოხ თოხი“.. ,,თოხი“ სიტყვა რომ წავიკითხე, ჩემი ქართული სოფელი და დიდები გამახსენდა - „თოხი ამეიტაი“ო -ამბობდნენ. მოკლედ ამ სიტყვამ წარსულში წამიყვანა მე. სახლში მარტო ვიყავი.  მამა რომ გარდამეცვალა, არ მიტირია, ცივი ადამიანი ვარ, მაგრამ სიტყვა „თოხი“-მა  ამატირა. ცრემლები  მომდიოდა ნიკაპიდან პერანგამდე... მარტო რომ ვიყავი, ცრემლებს თავისუფლება მივეცი.

 

-ბატონო ორჰან, თქვენ აქტიურად მუშაობთ თურქეთში მცხოვრებ ქართველობასთან, დიდია თქვენი როლი ქართული ენის პოპულარიზებაში, მოგვიყევით კონკრეტულად თქვენი საქმიანობის შესახებ!

-ჩვენ თურქეთში არანაირი პრობლემა არა გვაქვს, პირიქით სახელმწიფო მხარს უჭერს ბევრ რამეს, მაგალითად დარბაზის გამოყოფა ქართული ღონისძიებებისთვის, ქართული სახელით ასოციაცია გვაქვს სტამბოლში და სტამბოლს გარეთ. მე რამდენიმე ასოციაციის დაფუძნებელი ან წევრი ვარ. ბოლოს 2017 წელს ქალბატონი სეზენ გონენჩ ოქჯან იგივე სალომე ბარამიძეს და კიდევ 5 მეგობართან ერთად დავაფუძნეთ სახელმწიფოს ნებართვით სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრი. შეძლებისდაგვარად ყოველ თვე ვაკეთებთ რამდენიმე კულტურულ ქართულ ღონისძიებას ან შეხვედრებს საქართველოში ან საქართველოს გარეთ.



შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში გვაქვს 30 ენაზე თარგმნილი ,,ვეფხისტყაოსანი“, ამ სიაში ერთი არის ქურთული. ,,ვეფხისტყაოსანი’’ მსოფლიოში 60 ენაზეა თარგმნილი და ყველას ვეძებთ ასევე. კიდევ გვაქვს ქართული ბიბლიოთეკა. 

 

 -რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო, ქართველობა და გაქვთ თუ არა საქართველოში დაბრუბენის სურვილი?

-პირველად საქართველოში რომ წავედი 2009 წლის 23 აპრილს მაშინ ვიგრძენი, თუ რა იყო საქართველო. პირველად მივდიოდი საქართველოში. ღამე თეთრად დამათენდა, ძალიან ვღელავდი... ვფიქრობდი ჩემს წინაპრებზე, რომლებმაც მიწაში ჩაიტანეს სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული,  მისი მონატრება, მასთან შეხვედრის სურვილი და მე,  მეოთხე თაობა - პირველად უნდა შეხვედროდი დედასამშობლოს.

 

ეს ნანატრი დროც დადგა. სტამბოლის ათათურქის აერეპორტიდან ბათუმში ჩავფრინდი. 135 წლის შემდეგ, პირველად ვუყურებდი აერეპორტიდან ჩემს

მიწა-წყალს. ცრემლიანი ვათვალიერებდი ყველაფერს... კონტროლის წითელ ხაზზე რიგში ვიდექი,  რეალობის აღარ მჯეროდა ... თავი სიზმარში მეგონა.. . ჩემი რიგიც დადგა. პოლიციელ ქალბატონს პასპორტი მივაწოდე და ჩემი გატეხილი ქართულით დავიწყე:„გამარჯობა! მე ქართველი ვარ, პირველად მოვდივარ საუკუნე-ნახევრის მერე  სამშობლოში. ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. შენ ჩემი ნათესავი ხარ და .. ცრემლი ღვარად ჩამომდიოდა, პოლიციელიც ატირდა. ზუსტად არ მახსოვს კიდევ რისი თქმა მოვახერხე იმ მცირე დროშიარ ვიცი, პოლიციამ ჩემი პასპორტი საკმარისად შეამოწმა თუ არა, ისე ჩამირტყა ბეჭედი და გავიგონე სიტყვები რომელსაც მთელი საუკუნე მოუთმენლად ველოდებოდი-„მობრძანდი შენს დედა- სამშობლოშიო!საქართველო დედასამშობლოს ნიშნავს ჩემთვის.

 

რაც შეეხება, საქართველოში დაბრუნებას, ამჟამად ძნელია. საქართველოში ჯერ იქაური ქართველი უნდა დავიბრუნოთ. ოჯახით ჩვენი დაბრუნება არ არის იოლი. ბავშვებმა არ იციან საკმარისად ქართული და განათლების პრობლემა შეექმნებათ. სამუშაოს პოვნა და ა.შ. მაინც არა გვაქს აქ პრობლემა და მადლობა თურქეთის სახელმწიფოს. ჩვენ უპირველესად საქართველოს შვეიცარიასავით მსოფლიოს ფინანსური ცენტრი გავაკეთოთ და მერე ყველა დავბრუნდებით სიამოვნებით.


-საინტერესოა, რა სახის პრობლემებს აწყდებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები (თქვენი სატკივარი) და რამდენად გრძნობთ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერას?!

-როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჩვენ არა გვაქვს თურქეთში პრობლემა, მაგრამ ქართული ენა და კულტურა ბუნებრივად დნება, აი ამაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ. რაც შეეხება საქართველოდან კულტურულ და ადამიანური მხარდაჭერას სულ ვგრძნობთ, ამას თურქეთიდანაც ვგრძნობთ. უნივერსიტეტები, არასამთავრო ორგანიზაციები და რიგითი ადამიანიბის მხარდეჭარასაც ვგრძნობთ და ეს უფრო წმიდანია. კიდევ სტამბოლში ახალი ქართველი ემიგრანტების დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ და ასევე მადლობა მათ.


-,,ვეფხისტყაოსნიდან’’ რომელია თქვენი საყვარელი ფრაზა?

„...მეგობრობა გზად და ხიდად...“ , სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიყვდილი სახელოვანი...“ -ჩვენი რუსთაველი!!!




-რა არის თქვენი ცხოვრების სანუკვარი მიზანი და ოცნება, რას შეცვლიდით?

-ჩემი პირველი მიზანია ჩემს ოჯახს ქართული არ დაავიწყდეს და ქართულ ტრადიციებით იცხოვროს, ასევე მთელმა ქართველები.


-რას მოუწოდებდით დღევანდელ ქართველობას და რას შეცვლიდით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში?

-ეკონომიკურად და დემოკრატიულად ფეხზე დამდგარი ძლიერი საქართველო. ჩვენ ქართველებს ტკვილიანი ისტორია გვაქვს. მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული და ძმური ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ქართული კულტურა ძალიან მდიდარია და ჩვენ ქართველები მოსიყვარულე ხალხი ვართ. თუ ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება მსოფლიოს მშვიდობაში ბევრ წვლილს შევიტანთ, რადგან ჩვენ მსოფლიოს ყველა კუთხეში გავრცელებული ვართ. ასევე საქართველოს საზოგადოებრივი საზღვარი სადაც ერთი ქართველი ცხოვრობს იქიდან იწყება.

 

 „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ჩემი მეორედ დაბადების, კერძოდ გვარის დაბრუნების რიცხვია  23.05.2017 წ. - ამბობს ინტერვიუს დასასრულს ორჰან ბერიძე.

 

მადლობა ინტერვიუზე თანხმობისთვის.

წარმატებები ამ მართლაც საამაყო, ჭეშმარიტ  ქართველს! ვიმედოვნებ,მის ღვაწლს სათანადოდ შეაფასებს ქართველი ერი.

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია