საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მართლმადიდებელი მღვდლები "გირჩის" წევრ, 24 წლის გარდაცვლილ ბიჭს წესს არ უგებენ - ოჯახმა დაკრძალვა გადადო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/11 01:11:00

პოლიტიკური პარტია “გირჩი“-ს გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ 5 ნოემბერს სამტრედიის რაიონში, ავტოავარიაში გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდის, შაკო ბარამიძისთვის მართლმადიდებელი ეკლესია წესის აგებაზე იმ მიზეზით ამბობს უარს, რომ გარდაცვლილი პირი  “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო.

 

“გირჩი“-ს ინფორმაციაში აღნიშნულია,რომ ოჯახს გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს. თავდაპირველად ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ მას “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა ჰქონდა აღებული, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან რომ გათავისუფლებულიყო.

 

„მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება.

 

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ ოჯახმა შეატყობინა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს“, - ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, 2017 წელს, პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 25 ათასზე ადამიანი გათავისუფლდა.

 

გირჩში აცხადებენ, რომ ბიბლიურმა თავისუფლებამ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად. ამავე დროს, ცნობილი ფაქტია, რომ ბიბლიური თავისუფლება არც სექტაა და არც სარწმუნოება, თუმცა საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გირჩის ე.წ. სასულიერო პირობა ავტომატურად ნიშნავს  მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ დარჩენას.

 

„ეკლესია ვერ აუგებს წესს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ეკლესიის წევრი არ არის. და მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი აღარ არის მას შემდეგ, რაც სხვა რელიგიურ გაერთიანებაში გაწევრიანდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა. ბევრჯერ გვაქვს გაცხადებული იმის შესახებ, რომ ეკლესიიდან გასვლას ნიშნავს სხვა გაერთიანებაში ყოფნა და მით უფრო სასულიერო პირის წოდება აქვს.

 - მიუხედავად იმისა, რომ „ბიბლიური თავისუფლების“ არსი სავალდებულო ჯარიდან თავის დაღწევის საშუალებაა, წესს მაინც არ უგებენ?

 - ეკლესია აღარ მიიჩნევს ასეთ ადამიანს თავის წევრად.

 - ეს მხოლოდ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის წინამძღვრის გადაწყვეტილებაა თუ დანარჩენ ეპარქიებზეც ვრცელდება?

  - ეს მხოლოდ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას არ ეხება, ასეა ჩვენს ქვეყანაშიც და საერთოდ, ყველგან“ - განუცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პრაიმტაიმს“. 

 

ახალგაზრდა ბიჭის ტრაგედიას თავად მეუფე საბა ეხმაურება და აცხადებს, რომ მას გირჩის წევრებმა აუგონ წესი. 

​გირჩში ხომ ამბობენ, ეპისკოპოსები და მღვდლები ვართო, წავიდნენ ახლა და თვითონ აუგონ წესი თავიანთ წევრებს“ - ამბობს მიტროპოლიტი. 

 

ამ საკითხს მედიაში არჩილ გამზარდიაც გამოეხმაურა და განაცხადა: "ვნახე სამწუხარო ინფორმაცია, რომ "რელიგიური თავისუფლების" ყოფილი წევრი გარდაიცვალა და მას მართლმადიდებელი მღვდლები წესს ვერ უგებენ. ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ერთ ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც მართლმადიდებელიახალ რელიგიას იღებს, ის ავტომატურად აღარ წარმოადგენს მართლმადიდებელ პირს, თუ ხელახლა არ მოხდება ეკლესიაში შეერთების წესი. ეს ხდება ნებისმიერი რელიგიური ნიშნის მიღების შემთხვევაში. რადგან ადამიანი აღარ ირიცხებოდა "რელიგიური თავისუფლების" წევრად, ის ავტომატურად ვერ დაუბრუნდებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრობას, თუ ხელახლა არ მოინათლებოდა. ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია, მაგრამ იდეაშივე მართლმადიდებელი მღვდელი ვერ აუგებს წესს არამართლმადიდებელ ადამიანს.

 

.

 

ნებისმიერი პირი, ვინც ახალ რელიგიურ ჯგუფში შედის (არ აქვს მნიშვნელობა "რელიგიური თავისუფლება" იქნება თუ სხვა...), კარგავს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრობის სტატუსს, თუ ხელახლა არ შესრულდება ეკლესიასთან ა შეერთების წესი, რაც ცალკე სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ასეთ ადამიანს მართლმადიდებელი მღვდლები ვერ დაწერენ ჯვარს, ვერ მოუნათლავენ შვილებს, ვერ აუგებენ წესს, ვერ მიიღებენ ჯვრისწერისას მეჯვარედ და ა.შ.

 

.

 

თქვენს შემთხვევაში, თუ ის იყო ბოლოს "რელიგიური თავისუფლების" წევრი, მხოლოდ ამ რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირებს შეუძლიათ რაიმე რელიგიური რიტუალის ჩატარება ან არც მათ, თუ უარი თქვა წევრობაზე, შესაბამისად, ასეთი პირი არცერთი რელიგიური ჯგუფის წევრადაც აღარ ითვლება, შესაბამისად არც მართლმადიდებლად.

 

ძალიან ვწუხვარ, სამწუხარო ამბავია." - წერს არჩილ გამზარდია.



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 84
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია