დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წითელი გუბე
2010/03/29 12:49:45

ნიკოლოზ! წერილს მოგწერ. კითხვა თუ არ იცი, შენი დედიკო წაგიკითხავს. მეც მყავს დედიკო, მაგრამ ახლა ორივე სხვა სამყაროში ვართ. არ მეგონა, ასე მალე თუ დაგავიწყდებოდი. ვერ მიცანი, ხო? მე ნინიკო ვარ, ქუთაისელი გოგონა, მოწამეთობის დღეს დავიბადე, ნიკოლოზობის დღეს მომკლეს და ორმოცი წმინდა ნინოს ხსენების დღეს მქონდა.

მე შენთვის არაფერი დამიშავებია. 10 წლის ვიყავი, სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ტანვარჯიშზე დავდიოდი, დედიკოს ყველაფერს ვუჯერებდი. არც ულამაზო ვიყავი: ქერა თმები და ცისფერი თვალები მქონდა. ინტერნეტში თუ მნახე იმაზე ბევრად ლამაზი ვიყავი. თუ გინდა, ჩემს კლასელებს შეეკითხე. ბავშვები არიან და ტყუილს არ გეტყვიან. დედის სულს გეფიცები - ცოცხალი უფრო ლამაზი ვიყავი.

სამ დღეში სკოლაში არდადეგები მეწყებოდა. მე ყველაზე დიდ არდადეგებზე გამიშვეს. შენი დედიკო აგიხსნის, რას ნიშნავს ყველაზე დიდი არდადეგები.

მე ხშირად დავდიოდი მემორიალზე. უყვარდათ ადამიანებს იქ ყოფნა, მექორწილეებიც კი მანქანებს აჩერებდნენ - გადმოდიოდნენ, ლოცავდნენ ბედნიერ დღეს და სურათებსაც იღებდნენ.

იმ ცხენიანი კაცის ქვევით, მზეჭაბუკი რომ ერქვა, ფილები იყო დაგებული. იმ ფილებზე ქართველი პოეტების ლექსების და პოემების სტრიქონები იყო ამოტვიფრული. ერთი დღესაც მახსოვს: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არდამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.“ მე შენი მოყვარე არ ვიყავი, ნიკოლოზ? შეიძლება, იმ ფილის ნატეხი გამოფრინდა, ბიჭო, ჩემკენ!

ფარვიზა (ბიძაჩემი) მეუბნება: „არ იყო მემორიალი სატანის ძეგლი, ყველაფერი პირიქით იყო. ბოროტი გულის და ბინძური სულის სექტანტებმა მოიფიქრეს მემორიალის დანგრევაო.“

ხო, მართლა, ნიკოლოზ, შენ თუ გითამაშია მატარებლობანა შენს მამიკოსთან, ან შენს ბიძიასთან ერთად? მე მჯერა ფარვიზასი. აბა, კარგად დაუკვირდი სურათს? ჩვენ ერთ მატარებელში ვართ...

19 დეკემბერს - ნიკოლოზობის დღესასწაულზე, როცა შენ, პრეზიდენტის შვილს, გილოცავდნენ, გეხვეოდნენ, გესიყვარულებოდნენ, გადღეგრძელებდნენ, მე და ჩემს დაიკოს საჭმელს გვაჭმევდა დედაჩვენი. ეზოდან პატრულის ხმა გაისმა: დატოვეთ სახლები და სწრაფად ჩამოდით ძირსო. ჩემი დედის სულს გეფიცები, ნიკოლოზ, საჭმელი თუ არ დაგვეტოვებინოს თეფშზე მე და ჩემს დაიკოს!

ქვევით რომ ჩავედით, მე, დედაჩემი, ჩემი და, მამიდა ერთად ვიდექით. იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და სურათებს იღებდნენ.

ჩვენს წინ პატრულის ხალხი იდგა, ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ.

რა ვიცი, შეიძლება, სულაც ისინი იყვნენ, შინ რომ არ გაგვაჩერეს.

აფეთქების ხმა რომ გაისმა, ქვების წვიმას მოვკარი თვალი. ვიღაცამ იკივლა. მეზობლის ბიჭი მომვარდა და თავი წამომიწია, მაგრამ უკვე გვიან იყო... იცი, რა მოხდა, ნიკოლოზ? აბა, კარგად წააკითხე შენს დედიკოს ჩემი გარდაცვალების მოწმობა...

როდესაც დედა-შვილი ჯერ კიდევ ერთ ოთახში ვესვენეთ, ზუსტად ჩვენი სახლის წინ გაჩახჩახებული ფერადი აბრა დაჰკიდეს, რომ აქ აშენდება საქართველოს პარლამენტის შენობა.

ინტერნეტში კიდევ ერთხელ მნახე და კარგად დაუკვირდი: როდესაც წავიქეცი და წითელი გუბე დადგა, შენმა დედიკომ არ მოგატყუოს, ის წითელი საღებავი კი არა, ჩემი დედის სულს გეფიცები - ჩემი სისხლი იყო, ბიჭო.

მეუფე კალისტრატემ, რომელიც წესს გვიგებდა დედა-შვილს, ბრძანა:

„ისეთი დიდი დღესასწაულია ნიკოლოზობა, რომ ამ დღეს ფოთოლიც არ უნდა ჩამოვარდნილიყო ხიდან.“

 

მემორიალთან დაღუპული 10 წლის ნინო ჯინჭარაძის სახელით მოგვაწოდა მისმა ბიძამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია