საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ჟურნალისტებს მეტი ცოდნა უნდა ჰქონდეთ ფსიქიკური პრობლემებისა და ადამიანის უფლებების კვეთის შესახებ" - ქუთაისელი ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/03/31 13:36:00

ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ ორგანიზებით და  ევროკავშირის ხელშეწყობით, ქუთაისში მედიატრენინგი გაიმართა.  სემინარის თემა  - „ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედიაგაშუქება“ იყო.

 

ტრენინგს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი, ჟანა ჯავახიშვილი უძღვებოდა.

 

"სემინარს იმერეთის რეგიონის ჟურნალისტები და მედია ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნნენ. ძალიან ცოცხალ, ემოციურ,  მოტივირებულ და ინტერესიან  აუდიტორიასთან მომიწია მუშაობა. მიმოვიხილეთ,  თუ რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორ უნდა გავაშუქოთ  ნარკოტიკის მოხმარებისა და სუიციდის  შემთხვევები და ასე შემდეგ.  ტრენინგის მიზანი იყო მედიის სწორი ინფორმირება. ჟურნალისტებმა  მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიონ  და ეთიკურად  გაცნობიერებული  გადაწყვეტილებები მიიღონ.  მათ მეტი ცოდნა  უნდა  ჰქონდეთ ფსიქიკური პრობლემებისა და  ადამიანის  უფლებების კვეთის  შესახებ."- განაცხადა ჟანა ჯავახიშვილმა

 

ტრენინგზე განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებული რისკები და  გამოწვევები, საერთაშორისო სტანდარტები, ტრავმისა და ჟურნალიზმის და ცენტრის სახელმძღვანელო პრინციპები. ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტის  ინფორმირებულობა  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

 

ტრენინგი  პროექტის - „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“, პარტნიორებთან ერთად: „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი“.

 

 პროექტის „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ძირითადი მიმართულებებია: სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობის გაძლიერება, მედიის მობილიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადამიანის უფლებების საკითხებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით და ასევე, ფსიქოაქტიური  საშუალებების ავად მოხმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია არასრულწლოვნებისთვის (მიზანმიმართული პრევენციის ინოვაციური პროგრამების განვითარება და სერვისების პილოტირება თბილისსა და ბათუმში, რაც მიმართულია ბავშვებზე, არასრულწლოვანებსა და მათ ოჯახებზე, რომელთაც აქვთ ფსიქოაქტიური საშუალებების ავად მოხმარების რისკი და/ან არიან კანონთან კონფლიქტში).

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია