საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება ბიზნესის წინააღმდეგ
მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრისგან მიღებულ მუქარის წერილზე ისაუბრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/04 17:56:13

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას ჯერ არ გეგმავს.


'მისი თქმით, წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. "მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ილაპარაკა ორკესტრირებულ შეტევაზე და ამის არგუმენტად დაასახელა ის, რომ  გასულ წელს, ბანკში ერთდროულად ოთხი უწყება შევიდა. 

მისი თქმით, მან და ბადრი ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ორი ხმა ჰქონდათ და ამ ორი ხმით გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ.

"ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს. მისი პრეზიდენტიც და მისი თქვენს მიერ ახლად არჩეული მოადგილის, ვიცეპრეზიდენტის მხრიდან. ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ გამოგვიგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს. შვიდი წევრი ჰყავს „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს და ცხრა წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან ხუთი წევრი, რომელიც საქართველოშია, არის ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები, რომლებსაც არანაირი კავშირი „თიბისი ბანკთან“ არ აქვთ; ერთადერთი კავშირი აქვთ დამოუკიდებლობასთან – ესენი არიან უცხოელები. მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაქვს ორი ხმა, შესაბამისად, ორი ხმით გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია. გამოგზავნეს წერილი, პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე. ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა, რომ ეს ფული ცოტაა. შევხვდი ეროვნული ბანკის  პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ამ ფულსაც არ გადავიხდიდი, რადგან 11 წლის წინანდელი საქმე არ არის სწორი, როგორც თქვენ მიგყავთ მეთქი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარი დაარიცხეს.

 

"შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი, დაგვარიცხეს 1 მილიონი ლარი, გამოგზავნეს ჯარიმა და წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან, სადაც მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არადა, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად დაგვემუქრნენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეს „ოთახებში და კულისებში“ ხდება გადაწყვეტილებების მიღება.

 

„პრაქტიკულად, სიმართლის განცდა არ არის. ერთხელ და სამუდამოდ ეს სადღაც ამოხეთქავდა. ახლა იმის თქმა, რომ ცხრა წლის წინათ უფრო რთული იყო... ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და ხომ უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ხომ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე? მე გეუბნებით, რომ ქართული ბიზნესი აი, ამ სტერეოტიპით არის შეპყრობილი. სათქმელი იცი რამდენი აქვთ?! - ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ ოთახებში და კულისებში უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. მე შეცდომა დავუშვი პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი - თქვენ იცით, რა შეხვედრაზე ვსაუბრობ, ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, რომელსაც ვნანობ. მოდით, ერთმანეთს თვალებში ვუყუროთ და გულწრფელად ვილაპარაკოთ“, -განაცხადა ხაზარაძემ.

 

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რა შემთხვევაში გაასაჯაროებს შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიღებულ წერილს.

 

ამის შესახებ ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეკითხვას საპასუხოდ ილაპარაკა.

 

"სიმართლე გითხრათ, იმედი არ მაქვს, რომ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, გპირდებით, რომ ამას მე გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ, როდესაც იქნება რაღაც საგამოძიებო ორგანო შექმნილი, სადაც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება. რადგან ვთქვი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მე პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, რომ ამ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ რაღაც ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს.

 

გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

„ევროპული საქართველო" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია რეაგირების გარეშე ვერ დარჩება, ვინაიდან იკვეთება მაღალი თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი ქმედებები.

 

ამასთან, "ევროპული საქართველო" აღნიშნულ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

 

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის ბრალდებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან  პირველი კომენტარი ბოლნისში გააკეთა, სადაც ის  პოლიციის ახალი შენობის გახსნაზე იმყოფებოდა.

 

გიორგი გახარიას განცხადებით, ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, რომ პარლამენტიდან ეჭორავა. "მე წერილებს არ ვწერ და სათქმელს პირში ვეუბნები ყველას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მინისტრის განცხადებით, ამ ქვეყანაში პრივილეგირებულობა უნდა დასრულდეს. "შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე", -განაცხადა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ: 

საქართველოს გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკთან დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.            21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია