საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფსიქიკური პრობლემების მქონე ყველა ადამიანი არ არის სოციალურად საშიში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/17 17:16:05

მსოფლიოში დაახლოებით, 500 მილიონ  ადამიანს მენტალური პრობლემები აღენიშნება, რის გამოც ფსიქიკური აშლილობები ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვში შედის. იგი  სტატისტიკურად  მეორე ადგილზეა  გულის დაავადებების შემდეგ.  მიუხედავად იმისა ,რომ ეს დაავადებები ხშირ შემთხვევაში განკურნებადია, სოციალური სტიგმის გამო ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები  საზოგადოების არასრულფასოვან წევრებად განიხილებიან. რა აძლიერებს  საზოგადოებრივ სტიგმას, რა უარყოფით გავლენას ახდენს მენტალური პრობლემების მქონე პირებზე ის და როგორ უნდა ვებრძოლოთ არასწორ ინფორმაციას, ამ თემებზე  ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგს, თამარ ჩაგუნავას ვესაუბრეთ.

 

– როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა სტიგმა საზოგადოებაში ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებისმიმართ?

–  რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით სტიგმას და მისგან გამოწვეულ  დისკრიმინაციას.


- უფრო კონკრეტულად, რა შემთხვევების მოწმე ყოფილხართ ?

- პრაქტიკაში ხშირად ვყოფილვართ  მომსწრე, როგორ ხდება პაციენტის უფლებისა და თავისუფლების უგულვებელყოფა  თვითონ ოჯახის წევრების მხრიდან;  როგორ ხდება მათი გარიყვა და მასტიგმატიზირებელი ტერმინებისა თუ მოსაზრებების გამოყენება: „გიჟია“, „უფრთხილდით“, „არ მიეკაროთ“ და ა.შ. ხოლო,  როცა საქმე  გარკვეულ დიაგნოზთან გვაქვს,  პაციენტები საზოგადოებრივი აზრი სგამო უარს ამობენ სტაციონირებაზე.

 

- თქვენი აზრით, საიდან იწყება სტიგმა, რა არის მთავარი მასტიგმატიზირებელი?

– სტიგმის მიღმა საზოგადოება და ოჯახი დგას.როგორც უკვე ვთქვით,  საზოგადოებაში გავრცელებული შიშისა და უარყოფითი  დამოკიდებულების გამო, ოჯახების მხრიდან ხდება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის  დამალვა, რაც იწვევს პაციენტისათვის საჭირო მკურნალობის დაგვიანებას.


- როგორც თქვენ აღნიშნეთ, საზოგადოებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ყველა ადამიანის ეშინია.  თქვენი აზრით, საიდან მოდის ეს  დამოკიდებულება?

– სტერეოტიპული, ტრადიციული შეხედულებებიდან და საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან. სამწუხაროდ, მედია ამ თემაზე უარყოფით კონტექსტში უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე - დადებითში. იგივე,  ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ ძირითადად, ნეგატიური ხასიათის მასალა მზადდება.

საზოგადოებას აკლია ინფორმირება ფსიქიატრიის დარგის შესახებ, მთავარი პრობლემა აქედან იწყება. სწორედ ამიტომ მედიასაშუალებებმა უნდა მოიწვიონ  ფსიქიატრიის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მათთან ერთად  განიხილონ რეალური შემთხვევები, დაგეგმონ  სხვადასხვა  სოციალური კამპანიები, ცნობილი სახეების მონაწილეობით. ფსიქიკური პრობლემების მქონე ყველა ადამიანი არ არის სოციალურად საშიში, ძალადობრივი ქცევა მხოლოდ 1%–ს ახასიათებს.

- უფრო კონკრეტულად, რა არის მთავარი პრობლემა, რასაც მედიის წარმომადგენლებში ხედავთ?

– მედია ხშირად  არასწორ კონტექსტში  აშუქებს აღნიშნულ თემებს. ამ კუთხით მომუშავე ჟურნალისტებს, მინიმუმ, ტერმინების დეფინიციის განსაზღვრა უნდა შეეძლოთ, რადგან ძალიან ბევრი ტერმინოლოგიური ლაფსუსია, რაც აღმოსაფხვრელია, რადგან არასწორი და დისკრიმინაციული სიტყვები საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას ამძაფრებს  და სტიგმას აძლიერებს. კონკრეტული იარლიყის მინიჭება კი  აკნინებს ფსიქიკური პრობლემების მქონე  ადამიანის პიროვნებას და ხელს უშლის, მათ სოციუმში დაბრუნებას.

 

- როგორ ფიქრობთ, საიდან და რა მეთოდებით უნდა დავიწყოთ სტიგმასთან ბრძოლა?

-უნდა მოხდეს სწორი, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ამ პროცესებში კი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს, მართლაც, დიდი როლი აქვთ. მასმედიას, პირველ რიგში, საზოგადოების გაერთიანების ფუნქცია ეკისრება. სწორედ ამიტომ, მედიამ მეტი დრო უნდა დაუთმოს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების შესაძლებლობების გაშუქებას.  მედიის წარმომადგენლებმა, დარგის პროფესიონალებთან და  ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან თანამშრომლობით, უნდა დაიწყონ სოციალური რეკლამების, კამპანიების, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისა თუ რეპორტაჟების გადაღება ადამიანებზე, რომელთაც კონკრეტული პრობლემები აქვთ, ასე საზოგადოება უკეთ გაიცნობს და სწორი წარმოდგენა შეექმნება მათ ყოველდღიურობაზე.

დიაგნოზი არ არის განაჩენი, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს აქვთ სხვადასხვა უნარები და ადამიანური ისტორიები,ამიტომ უნდა მივცეთ მათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება.

 

    ავტორი: იზაბელ მოდებაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია