16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები. ასევე, კინოფორუმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში“ კინოკრიტიკოსებითვის და კინობლოგერებისთვის ვორქშოპს გამართავს.
ქუთაისის კინოფორუმი რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმით „ჰარი, ჰარალე, დედაო!" გაიხსნება.
წელს ქართული კინო 110 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისი დაბადება სწორედ ქუთაისს უკავშირდება. ქუთაისელმა რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ფილმების შექმნა ბაქოში 1908 წელს დაიწყო. ეს ფილმები შემორჩენილი არ არის, თუმცა ცნობილია მათი სახელები და ქრონომეტრაჟი, რის გამოც ქართული კინოს ათვლის წერტილად 1908 წელი ითვლება. მოგვიანებით, 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" გადაიღო, რომელიც ქართული კინოს საეტაპო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.
ქუთაისის კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს. ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი ცოტა ხნის წინ გაფორმდა.