დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 518 877 ამომრჩეველია სიაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/27 12:19:00

ცსკოს- თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით: 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს.

 

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.  

 

არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის  55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.

 

ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

 

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები,  მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე. საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს არაერთი სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის, რომლითაც საერთო ჯამში ამომრჩევლებმა მილიონზე (1 182 031) მეტჯერ გადაამოწმეს სიაში მონაცემები. ამომრჩეველთა სიები დაბეჭდილია და მათი საჯარო ვერსიები უკვე გამოკრულია საუბნო საარჩევნო კომისიებში.  

 

28 ოქტომბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის (4) დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების უბნებზე გადაცემის პროცესი. უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

 

თითოეულ საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, უბნების 1/3-ზე მეტი, 1264 საარჩევნო უბანია ადაპტირებული და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ხმის მიცემის სპეციალური კაბინები.

 

28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების  შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს, მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე, გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

 

საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნოლოგიური სერვისებით 2018 წელს სარგებლობდნენ პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, რომლებიც ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის მეშვეობით ნიშნავდნენ საარჩევნო კომისიებში წევრებს, სუბიექტის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს.  

 

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.  საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს  კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია. მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ   პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით უბანზე.

 

28 ოქტომბერს ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.

 

ასევე, შევახსენებთ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. კანონმდებლობის თანახმად, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი.

 

28 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე წწწ.რესულტს.ცეც.გოვ.გე.

 

შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა ხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.

 

 

 

ამასთან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ესწრებიან ცესკოს სხდომებს,  ახორციელებენ ცესკოს საქმიანობის მონიტორინგს და მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შედეგების შეჯამების პროცესში, კონკრეტულად, მათი დამკვირვებლები ცესკოს ოპერატორებთან ერთად სურვილის შემთხვევაში განახორციელებენ საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს ფაცებოოკ-ზე, Yოუტუბე-სა და ვებგვერდზე მოხდება.

 

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ჟესტურ ენაზე ვიდეო ზარით მიიღოს სასურველი ინფორმაცია.  სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან ამომრჩევლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

 

28 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმვალობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია კანონმდებლობის შესაბამისად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით მოემსახუროს ამომრჩევლებს; მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს საზოგადოებრივი ინტერესებისადმი პატივისცემით, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ  საარჩევნო პროცესს, იმოქმედონ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია