დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მილები უკუღმა დააყენეს" – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]
2018/09/14 21:13:52

ახალდაბაში, სადაც 700 კომლი ცხოვრობს, სამ ათეულ წელზე მეტია ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია რვა თვის წინ დასრულდა, აქ სასმელ წყალს ისევ ჭიები,ფოთლები და ბაყაყები მოყვება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სათავეზე გაკეთებული ფილტრები არ მუშაობს და წყალი დასახლებას პირდაპირ მდინარიდან მიეწოდება. 


„ბაყაყი გაიჭედა წყლის მილში და ნაწილნაწილ გამოვიღეთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. თანხა ირიცხება, მაგრამ პრობლემა არ გვარდება. ეს წყალი არ დაილევა, სარეცხის დარეცხვაც კი არ შეიძლება. თბილისის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ და პასუხი მოგვივიდა არავითარ შემთხვევაში ეს წყალი არ დალიოთო. თუ არ მოგვხედავენ გამოვალთ ქუჩაში და გზას გადავკეტავთ, სხვა გზა არ დაგვრჩენია“, – ამბობს ახალდაბაში მცხოვრები მადონა ველიაშვილი.

გარდა იმისა, რომ წყალი დაბინძურებულია, არასაკმარისი დებეტის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდება. 10 დღეა უწყლოდაა დარჩენილი ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობა.

„ადგილობრივ მთავრობას მივმართეთ და გვითხრეს რომ წყალი მილს ვერ ავსებს, ანუ არასაკმარისია და ჩვენამდე იმიტომ ვერ მოდის. მდინარე ნეძურასაც ვერ უშვებენ დებეტის მოსამატებლად, რადგან იქ მთაა ჩამოშლილი და ლამი გამოყვება“, – ამბობს ახალდაბაში მცხოვრები ასმათი ლომიძე. 

ახალდაბაში სათავენაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. მოეწყო სათავენაგებობა, სალექარები, წყალმიმღებისთვის ჭის სახურავები და წყლის ჩამკეტები. 

„ამხელა ფული დაიხარჯა, მაგრამ უშედეგოდ. ფილტრში წყალი არ შედის, საიდანაც ფილტრს წყალი უნდა მიეწოდოს იქ მილები უკუღმაა გაკეთებული. პირიქითაა, ტალახი მიდის ბასეინში, სუფთა წყალი კი იქცევა. ფაქტობრივად სალექარები უმოქმედოდაა დარჩენილი და პირდაპირ გაუფილტრავ მდინარის წყალს ვსვამთ“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი, რომელიც თავად იყო დასაქმებული სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. 

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, თვითმმართველობამ პროექტი არ ჩაიბარა: „მილები უნდა იყოს შედარებით მაღლა, მაგრამ არის დაბლა, ამის გამო წყალს სილა მოყვება და მილები იჭედება“. 

საპირისპიროს აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში, მათი განმარტებით, პროექტი დასრულებულია და ბოჯომის მერიამ მშენებელ კომპანიებთან მიღება–ჩაბარების აქტიც გააფორმა. მათივე თქმით, სათავე ნაგებობაზე პრობლემა არაა და ახალდაბაში წყლის პრობლემის მიზეზი ამორტიზებული შიდა ქსელია. 

სათავეზე პროექტი რომ სწორად განხორციელდა ამაზე საუბრობს შპს „ერისიმედის“ სამუშაოების მწარმოებელი გელა ყოლბაიაც. ისევე როგორ მუნიციპალური განვითარების ფონდში, მშენებელ კომპანიაშიც აცხადებენ, რომ პრობლემის მიზეზი მოუწესრიგებელი შიდა ქსელია. 

ბორჯომის მერიის ააიპი „სოფლის წყალში“ აცხადებენ, რომ ახალდაბაში სასმელ წყალზე პასუხისმგებლობას ხარვეზების გამოსწორებამდე არ აიღებენ. მანამდე კი ვიდრე საჯარო უწყებები ერთმანეთში გაერკვევიან, ადგილობრივები აქციებს აანონსებენ.


სრული სტატია და ვიდეო ნახეთ ლინკზე http://sknews.ge/index.php?newsid=19258

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია