დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/09/04 12:46:00

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გაიხსნა. სკოლის გახსნა ერთ–ერთი პირველი კონკრეტული შედეგია იმ ჩამონათვალში, რომელიც 2020 წლისთვის ,,აღმოსავლეთ პარნიორობის“ ფარგლებში 20 შედეგის მიღწევას ითვალისწინებს. ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნის მოსწავლეებს სკოლა ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს შესთავაზებს  და ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ გაცვლებსა და თანამშრომლობას.



დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველმა ევროპულმა სკოლამ კარი გაუღო 30 მოსწავლეს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში აკადემიური წლის დაწყების აღსანიშნავად სკოლა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნეს.



იოჰანეს ჰანმა, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, განაცხადა: „უდიდესი სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნის მიზნით ჩამოვედი. ეს არის პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და აღნიშნავს ახალ ეტაპს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობაში. ახალგაზრდობისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება არის წვლილის შეტანა მოსწავლეებისა და მათი ქვეყნების მომავალში, ასევე, ჩვენს ძლიერ და სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობაში. გარდა ამისა, სკოლის გახსნა ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას,  განვახორციელოთ 20 შედეგი 2020 წლისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და რომლებიც მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს."



2017 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა უპირველეს პრიორიტეტად და იმ ვალდებულების ნაწილად, რომელიც რეგიონის ახალგაზრდობის მხარდაჭერის გაძლიერებასა და განათლებას ემსახურება. სკოლა წარმოადგენს ერთ-ერთს 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან, რომლებიც ლიდერებმა გასულ სამიტზე დაამტკიცეს, და შეადგენს ნაწილს ახალგაზრდობის მხარდაჭერის უფრო ვრცელი, 340 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტისა.


 
იმ უნიკალურ პროგრამაში, რომელსაც მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა  სთავაზობს, კომბინირებულია ძალიან მაღალი აკადემიური ხარისხი და ევროპულ სასკოლო სისტემაზე დამყარებული სპეციალიზებული სწავლება. 16 და 17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები მრავალეროვან და მულტიკულტურულ გარემოში და შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ და გაიღრმავონ ცოდნა ევროპის და ევროკავშირის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი კლასგარეშე პროგრამა, და  საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილ, მაღალი დონის კონფერენციებში. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.


 
წანამძღვრები
აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განსაკუთრებული სფეროა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია დემოკრატიის, კეთილდღეობის, სტაბილურობის და გაუმჯობესებული თანამშრომლობის ერთიანი სივრცის შექმნა.


 
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ინფოგრაფიკა ევროკავშირის მიერ ახალგაზრდობის მხარდაჭერის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ინფოგრაფიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგის შესახებ
2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი: Stronger together
აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებ-გვერდი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია