დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო რჩევნების თარიღი გამოცხადდა, თუმცა, წინასაარჩევნო კამპანია და ოფიციალურად ჯერ ვერ დაიწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/01 16:01:52

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. 


“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციას ოფიციალურად ჯერ ვერ დაიწყებენ.


გასული წლის ივლისში პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და “საარჩევნო კოდექსში“ პირდაპირ ჩაიწერა, რომ წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს (მუხლი 45). მანამდე კი მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშირებული პროცედურები არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყებოდა. 


გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნები გამოცხადებულად ითვლება სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10-დღის ვადაში მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ, ძალაში სწორედ გამოქვეყნებისთანავე შევა. 


“საარჩევნო კოდექსით“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროცესში სპეციალური წესები და სტანდარტები არის დადგენილი. სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს "საარჩევნო კოდექსით" დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.


პოლიტიკურ პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისთვის “საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი უფლებები და ამ პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებები და შეზღუდვები, კანონის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია