საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გვანცას აფრიკული ბლოგი - ჩადრს ჩამოფარებულ ქალთა უფლებები
2018/07/24 14:00:29

 

 

 

 

ჩვენთან ქალთა უფლებები დაცულია.

ლარაჩე, მაროკო.


თევზის სუნში არეული ნარჩენების სუნი ცხვირის ნესტოს გწვავს. ატლანტიკის ოკეანიდან წამოსული სუსხი ვიწრო ქუჩებში მოქცეულ მძაღე ჰაერს ყინავს. ბაქტერიებით სავსე ჰავას ნორმად იღებ და ცხვირსაც არ მალავ. ღიმილიანი სახით ათვალიერებ აფრიკულ ქალაქს. მერე ხვდები, რომ ღიმილი  ქალაქში გამეფებული ცხოვრების სტილით დამძიმდა. აღარ გეღიმება. უბრალოდ ატლანტიკის ოკეანეზე ამოშენებულ მოაჯირზე ზიხარ და წინ გადაშლილ, ხალხით სავსე ქუჩას უყურებ. ქუჩაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ კაფეებს ათვალიერებ და თან კაფეების შუაში მოქცეულ სასეირნო ბილიკზე გადმოგაქვს მზერა.

 

კაფეებში მხოლოდ კაცები, საფეხბურთო არხზე ჩართული ტელევიზორები, პიტნის ფოთლებით გაჭედილი ჩაის გათლილი ფინჯნებია;

ქუჩაში ქალები, ბავშვები და ახალგაზრდები.

 

კაფეში მზერით გახურებული ტელევიზორები და ჩაის ორთქლში გახვეული ოჯახის მარჩენალი მამაკაცებია;

ქუჩებში მორბენალი ბავშვები, ადიდასის მბზინავი შარვლებით თავმომწონე ბიჭები და ჰიჯაბით მოსეირნე ქალები.

 

 

 


ჩვენთან ქალთა უფლებები დაცულია.

ლარაჩე, მაროკო.


სწავლა აღარ უნდა განაგრძო. ტვინს გამოუყენებელი ინფორმაციით ივსებ. ერთ დღესაც ორსული დაბრუნდები. სახელმწიფო შვილს ჩამოგართმევს. შენ ოჯახს შეარცხვენ. უნდა გათხოვდე. ბიძაშენი კარგი ადამიანია. მიწაზე მუშაობა შეუძლია. მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს. მოგივლის. ბედნიერი იქნები.

ა.ა.ს, 18 წლის, დაკრძალულია სოფ. ა. /ნამდვილი ამბავი/

 

 

 

ჩვენთან ქალთა უფლებები დაცულია.

ლარაჩე, მაროკო.


ლარაჩელ 28 წლის აბდულას მხარდამხარ მივყვებით. ხუთნი ვართ. გოგონები სხვადასხვა ქვეყნიდან. აბდულა შუაშია. გამვლელები ადგილობრივ აბდულას ესალმებიან. შიგადაშიგ რამდენიმე მათგანმა მხარზე ხელი გაამაყებული სახით მსუბუქად შემოარტყა. ჩვენ ვიღიმით და აბდულას ვთხოვთ გვითხრას რა ხდება. ვარკვევთ რამდეად ცნობადია აბდულა ლარაჩეში. აბდულა გაღიმბული სახით მისი ოფიციალური ენიდან საერთაშორისო ენაზე ერთვება.


თურმე აბდულას აქებენ. ჰგონიათ, რომ ის გოგო, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს დგას, მისი უცხოელი გელფრენდია. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ფულიანი გოგო აბდულას ცხოვრებას მშფოთვარებას ჰმატებს. კარგი სექსი, საზღვარგარეთ დასარჩენი ადგილი, უცხო ქვეყნის შესაძლო მოქალაქეობა  და ყოჩაღ აბდულა.


„ყოჩაღ აბდულა“ ამბობს, რომ მაროკოში ცოლს არ მოიყვანს. შვილებს აუცილებლად სხვა ქვეყანაში გაზრდის. უნდა, მისი შვილების ფუნდამეტალური უფლებები, რა სქესისა თუ ორიენტაციის იქნება, დაცული იყოს. თანაბარი შესაძლებლობები და თავისუფლება - ასე ემშვიდობება  ხოლმე აბდულა ატლანტიკის ოკეანეში ჩასულ მზეს. დამშვიდობების ტექსტი ლოცვად ექცა.

 

 

ვენთან ქალთა უფლებები დაცულია.

ლარაჩე, მაროკო.


ევროკავშირის დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში ვარ. ირგვლივ 8 ქვეყნის 40 ზრდასრული ადამიანია. ყველა ქალთა უფლებებზე, LGBT და ქალების როლზე საუბრობს. შვედეთში თურმე ერთი და იმავე პოზიციაზე მომუშავე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს სხვადასხვა ანაზღურება აქვს. ქალს დაბალი, მამაკაცს გაცილებით მაღალი ხელფასი. საბერძნეთიც იმავე გამოწვევაზე საუბრობს. იტალიამ დასაქმების კრიტერიუმებზე გაამხავილა ყურადღება. ქალი, უნივერსიტეტ დამთავრებული, სერთიფიკატებითა და გამოცდილებით სავსე - სამსახურის მიღმა რჩება თუ კონკურენტად უდიპლომო, ნაკლები კოპეტენციების მქონე მამაკაცი მაინც ჰყავს. ჩვენც, ქართველები ვაზიარებთ ინფორმაციას. მათ შორის ასაკობრივ დისკრიმინაციასაც ვეხებით. კვოტირების მექანიზმზეც ვთქვით და ქალის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობაც ვახსენეთ.


ერთ ხურჯინში არეული ამბები ყოველდღე ლანგარზე: სტერეოტიპი, მითი, რეალობა - ცალცალკე ლაგდებოდა. თემის დახურვის შემდეგ ხასიათის შესამსუბუქებლად "ამთის", "იმთის" ამბებსაც შევეხებოდით და დასაძინებლად ოთახებში ვნაწილდებოდით. ატლანტიკის ოკეანეზე ჩასვენებულ მზეს ფარდაგადაწეულ ფანჯარას ვუტოვებდით.

 

 

ჩვენთან ქალთა უფლებები დაცულია.

ლარაჩე, მაროკო.


ნიქაბი, ბურკა, ჩალმა. ცხოვრების სტილი. ცხვირის ამწველი სუნი. გაყინული ღიმილი. ამღვრეული თვალები. ნორმად ქცეული მორჩილება. დუმილში დაკარგული ქალის ხმა. ხვდები, რომ მხოლოდ ლარაჩეში არ აქვს ქალთა უფლებებს ჩადრი ჩამოფარებული. ჩადრ ჩამოფარებული ქალთა უფლებები გვაერთიანებდა ჩვენ,  8 ქვეყანას, სხვადასხვა ტრადიციებისა და რელიგიის მატარებელ ადამიანებს. ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელებიც უფლებათა თემაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ ლარაჩეში.  შენ კი ხვდები, რომ ამ ქალაქის  (ლარაჩე)  ქუჩებში გამეფებული მძაღე სუნი შენთვის კარგად ნაცნობია. ხვდები, რომ ჩადრი ის სიმბოლიკაა, რომელმაც მსოფლიოს ყველა კუთხეში ქალთა უფლებები შემოსა.

დეჟავუ.



ჩადრს ჩამოფარებული ქალთა უფლებები.

საქართველო.


ბარბარე ჯორჯაძე: "საზოგადოთ იმ დროს, ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავი, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონა“. ბარბარე 12 წლის ასაკში გაათხოვეს. ჯორჯაძე ქართველ ქალთა დაჩაგრულ მდგომარეობაზე მე-19 საკუნეში საუბრობდა.


ეკატერინე გაბაშვილი: „მე არ დავუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, ყმობას და თავშეწირვას კერისას. ამისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა.“ ეკატერინეს როლი, ქართველ ქალთა ემანსიპაციისთვის ბრძოლაში ძალიან დიდია. ეს იყო ქალი, რომელმაც პირველმა აღძრა ქალთა განათლების საკითხი საზოგადოებაში.


კატო მიქელაძე: „საქართველოს მოქალაქენო! ისტორიამ არ იცის უფრო სამარცხვინო მოვლენა, როგორიც არის თავისი უცნაური შედეგით მონობა დედაკაცისა. უდიდესი უბედურება ერისა და კაცობრიობისა არის დავიწყება და უყურადღებობა დედრობითი (!) სქესის ბუნებრივი და მოქალაქური უფლებისა, თქვენ, რომელნიც ებრძვით ძალმომრეობას, იმ ძალმომრეობას, რომელმაც პირველად დედაკაცის ადამიანური პიროვნება დაამონავა“. ბოლშევიკურმა ეპოქამ, კატო მიქელაძე ბურჟუაზიული გარყვნილების მაგალითად მონათლა.

 


ჩადრს ჩამოფარებული ქალთა უფლებები.

საქართველო.


-         2017 წლის 1 იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 22 ფატქზე (მათ შორის, 13 ფაქტი ოჯახური დანაშაულის ნიშნებს შეიცავს) და ქალთა მკვლელობის მცდელობის 11 ფაქტზე (მათ შორის, 8 ფაქტი ოჯახური დანაშაულის ნიშნებს შეიცავს);


-         2018 წლის იანვარი-თებერვალი-მარტის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს;


-         ზვიად დევდარიანის გახმაურებული საქმე - სექსუალური შევიწროება;


-         „ორსულთა ბრძოლა“ – აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში ფეხმძიმე ქალი სამსახურიდან გაუშვეს. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს ჩაწერა სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ იმ ქალის გათავისუფლების ბრძანებაში, რომელმაც მანამდე ხელმძღვანელთან თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. გათავისუფლებული ქალის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა.


-         ასპინძაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა ერთ-ერთ პირს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სამხრეთის კარბიჭის ცნობით, ეს იმ ადამიანის მამაა, რომელზეც ბრალდებული ეჭვიანობდა.


ქალთა უფლებები დარღვევის ეს ფაქტები მაუსის ერთი მოქნევით ი-google-ება. კითხეთ google-ს და რამდენიმე წუთში ჩადრს ჩამოფარებული ქალების დარღვეული უფლებების კონკრეტულ და გახმაურებულ მაგალითებს გიჩვენებთ.

 

ქალის რეპროდუქციული, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობა, განათლების, დასაქმების, სუფთა გარემოს, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებები საზგადოების დიდი ნაწილისთვის ისეთივე ხეშელსახები სიბინძურე იყო როგორც ლარაჩეს ქუჩებში ატლანტიკის სუსხიანი ჰავით დანამული ერთმანეთში არეული შემწვარი თევზისა და ნარჩენების სუნი.

 

ჩვენთან ქალთა უფლებები დაცულია.

ლარაჩე, მაროკო.


ატლანტიკის ოკეანეზე ამოშენებულ მოაჯირზე ზიხარ. წინ გადაშლილ ჩადრს ჩამოფარებულ ქალთა უფლებებს უღიმი. 8 ქვეყანას თვალს უკრავ. „ამ მთის“, „იმ მთის“ ამბებს ჰყვები და ხვალინდელი უკეთესი დღის იმედით იძინებ.

 

 

საქართველო, თურქეთი, იტალია, ტუნისი, შვედეთი, საბერძნეთი, სერბია, მაროკო

„Cinnamon Rolls, Not Gender Roles”, YE, ERASMUS+

ლარაჩე, მაროკო, 2018 წელი

 

გვანცა თოთაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია