დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტი
ქუთაისის სპორტულ სკოლას ნიჩბოსანთა ეროვნული ფედერაციიდან გარიცხვა ემუქრება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/06/28 15:51:31

 

საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას 2016 წლის თებერვლიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ვახტანგ ალანია. მას და  ახალ გამგეობას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ბაზების ნაწილი გაპარტახებული ან გაყიდული იყო, ფედერაციას არ გააჩნდა სპორტული ინვენტარი, არ არსებობდა ასაკობრივი ნაკრები გუნდები, არ მიმდინარეობდა მწვრთნელთა გადამზადების პროცესი.


როგორია ამჟამად ფედერაციის საქმიანობა, რა  წარმატებებს მიაღწიეს ,რა პრობლემები დარჩა დასაძლევი და რატომ აპირებენ ქუთაისის ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის ფედერაციიდან გარიცხვას, ამ საკითხებზე ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ვახტანგ ალანია გვესაუბრა.


 

ვახტანგ ალანია:

-         ამ ბოლო 2 წლის მანძილზე რამდენიმე რთული პრობლემის  დაძლევა შევძელით და ვარჯიშისა და დასვენებისთვის სპორტსმენებს  საუკეთესო პირობები შევუქმენით.  გვაქვს სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი როგორც სპორტსმენებისთვის, ისე -მწვრთნელებისთვის, ასევე - სპორტული სასტუმრო და სასადილო, კეთილმოწყობილი სავარჯიშო დარბაზები, სხვადასხვა სპორტული აღჭურვილობით. ამავე დროს ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა მწვრთნელთა ტრენინგები, ჩამოყალიბდა ასაკობრივი ნაკრებები - მცირე შემადგენლობით; ამავე დროს, მოვიძიეთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები, რომელიც ოფიციალურად ასახულია ჩვენს ბუღალტერიაში.

 

შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა პრობლემა დავძლიეთ, ერთის გარდა, რაც ძალიან გვაწუხებს. ეს არის რეგიონებში არსებულ ადგილობრივ სპორტულ სკოლებთან მუშაობა. ჩვენი დიდი მცდელობისა და თხოვნის მიუხედავად, არ არის მასობრიობა და სავარჯიშო პროცესებიც საკმაოდ არაკომპეტენტურად მიმდინარეობს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ქუთაისის ნიჩბოსნობის სპორტული სკოლა, რომლის მწვრთნელებიც აგრესიითა და ბოიკოტის რეჟიმით ურთიერთობენ ფედერაციასთან. ისინი არ მონაწილეობენ ფედერაციის მიერ დაგეგმილ არცერთ ღონისძიებასა თუ შეჯიბრებაში, არ უშვებენ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოძახებულ მათი სკოლის სპორტსმენებს.

 

-  ბატონო ვახტანგ, მაინც რა არის მათი ასეთი ქმედების მიზეზი?

-  ჩემი აზრით, ეს ზოგიერთი ადგილობრივი მწვრთნელის პირადი განაწყენებიდან იღებს სათავეს და შემდეგ ის გარკვეულ გავლენას ახდენს სხვებზე. ვგულისხმობ ქუთაისის სპორტული სკოლის მწვრთნელს, ნუკრი მიქაუტაძეს, რომელსაც ფედერაციამ თავდაპირველად ნდობა გამოუცხადა და მისცა შანსი, ემუშავა ეროვნული ნაკრების უფროს მწვრთნელად, მან კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ შეჯიბრზე ჯგუფის წაყვანისას, რიგის აეროპორტში მიატოვა არასრულწლოვან გოგონათა ნაკრები და თვითონ ვილნიუსში გაფრინდა, შემდეგ კი - ტრაკაიში, სადაც იმართებოდა შეჯიბრი და კომფორტულად ისე მოეწყო სასტუმროში, რომ სპორტსმენები არც კი გახსენებია. მერე კი ჩემი პირადი მცდელობით მოვახერხეთ, რომ ეს ბავშვები მეორე დღეს მაინც ჩასულიყვნენ შეჯიბრზე. ბუნებრივია, ასეთი ფაქტის შემდეგ მიქაუტაძე გავათავისუფლეთ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან. მან კი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სხვებიც აიყოლია და ბოიკოტის თამაში წამოიწყო, თუმცა ამით მთელ სპორტულ სკოლას აყენებს ზიანს.


საერთოდ, მათ გასაგონად, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ფედერაციის წინაშე,განავითაროს საქართველოში ერთ-ერთი ოლიმპიური სახე - აკადემიური ნიჩბოსნობა. ამისათვის მას აქვს თავისი სამოქმედო პროგრამა და გეგმები,რომელიც გაწერილია წლიურ კალენდარში და დამტკიცებულია საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ.ფედერაციის ეგიდითა და ორგანიზებით საქართველოში იმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, ასევე - სპორტული შეჯიბრებები.


ქუთაისის ნიჩბოსნობის სპორტული სკოლა არის საქართველოს ეროვნული ფედერაციის წევრი და ვალდებულია, აქტიურად მონაწილეობდეს  ფედერაციის ღონისძიებებში. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ასე არ ხდება. ფედერაციის მრავალგზის თხოვნისა და მოწოდების  მიუხედავად, ქუთაისის ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის გუნდმა არ მიიღო მონაწილეობა 2017 წელსა და 2018 წელს დაგეგმილ არცერთ სპორტულ ღონისძიებაში. ასევე, ქუთაისის ნიჩბოსნობის სპორტული სკოლა არ უზრუნველყოფს სპორტსმენების  მივლინებასა და დასწრებას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

 

თუ ასე გაგრძელდა, ფედერაცია იძულებული იქნება, დააყენოს საკითხი, რომ ქუთაისი გაირიცხოს ნიჩბოსნობის ფედერაციიდან.ეს კი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ მათ კანონით, ადგილობრივი ხელისუფლება ვეღარ დააფინანსებს, რადგანაც სახელმწიფო დონეზე სამინისტრო აღიარებს მხოლოდ ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას.


 

-  ბატონო ვახტანგ, ქუთაისის მერს და ქალაქის სპორტულ დაწესებულებათა აიპის ხელმძღვანელობა თუ ჩააყენეთ სიტუაციის საქმის კურსში?

-  ჩვენ რამდენიმე დღეა, გავაგზავნეთ ოფიციალური წერილები ქუთაისის მერთან, ბატონ გიორგი ჭიღვარიასთან და ასევე აიპის ხელმძღვანელთან, ბატონ კობა ფხაკაძესათან და იმედია, მივიღებთ პასუხს ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ არ მონაწილეობენ ქუთაისის ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის წარმომადგენლები ფედერაციის ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში.

 

....

 

როგორც ჩვენ ქუთაისის მერიასა თუ სპორტულ დაწესებულებათა აიპის ხელმძღვანელობასთან გავარკვიეთ, წერილები ჯერ არ არის მისული ადრესატამდე, თუმცა აიპის ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ  ჩვენს რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

 

- ბატონო კობა, ჩვენმა რედაქციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ქუთაისის ნიჩბოსანთა სპორტულ სკოლა ბოიკოტირების რეჟიმშია  ნიჩბოსანთა ფედერაციასთან. ამის ძირითად მიზეზად სახელდება თქვენი აიპის ერთ-ერთი თანამშრომლის, მწვრთნელ ნუკრი მიქაუტაძის პირადი დაპირისპირება ფედერაციასთან,  რის გამოც ნიჩბოსანთა სპორტსკოლის მოსწავლეები უკვე ორი წელია, არ მონაწილეობენ ფედერაციის დაგეგმილ არცერთ ღონისძიებასა თუ შეჯიბრებებში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა არის ამ ბოიკოტირების მიზეზები და რას ფიქრობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად?

 

- როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ნიჩბოსნობის  სკოლის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს, ფედერაცია ქუთაისელ წარმატებულ სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე ბლოკავს.  მწვრთნელებს მაგალითად მოჰყავთ საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავ, ფედერაციის გადაწყვეტილებით კი საერთაშორისო ტურნირზე წაიყვანეს მეორე ადგილზე გასული სპორტსმენი. ბოიკოტის ერთ-ერთ მიზეზად მწვრთნელები სწორედ ამას ასახელებენ . როგორც მწვრთნელები ამბობენ, ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირებზე სხვა ქალაქებიც არ იღებენ მონაწილეობას, რაც შიდა სამზარეულოა და თავად ფედერაციამ უნდა დაალაგოს.  ასევე, 8-10 ივნისს ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლა არ წავიდა საქართველოს თასის მეორე ეტაპზე, რომელსაც ფედერაცია უწევდა ორგანიზებას. ამის შესახებ ააიპი ინფორმირებული იყო სკოლიდან  წერილობით ,რომელშიც მოყვანილია ასეთი მიზეზი, რომ ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას შეჩერებული აქვს დაფინანსება, სპორტის სამინისტროს გამოყოფილი კომისია იკვლევს დარღვევბს, ასევე საქმეა სასამართლოში და ამ შეჯიბრებაში არ მონაწილეობს არცერთი ქალაქი და მათ შორის, არც ქუთაისის აკადემიური ნიჩბოსნობის გუნდი.


 30 ივნისს ნიჩბოსნობის სკოლის სპორტსმენები მიემგზავრებიან ქალაქ ფოთში, სადაც ჩატარდება ქალაქ ფოთის საერთაშორისო რეგატა აკადემიურ ნიჩბოსნობაში. ტურნირის ორგანიზატორი ფოთის მუნიციპალიტეტია.

 

- ბატონო, კობა, ნიჩბოსანთა ფედერაციას აქვს ასეთი შეკითხვა: „რატომ არ ესწრებიან ქუთაისელი ნიჩბოსნები შეჯიბრებებს და მაშინ რაში უხდის მათ სახელმწიფო ხელფასს?“ იქნებ თქვენ კონკრეტულად განგვიმარტოთ, რა დაფინანსებას იღებს ნიჩბოსანთა სპორტული სკოლა წლიურად და რას ხმარდება ფინანსები, ხელფასების გარდა?

- ქუთაისის ნიჩბოსნობის სპორტ სკოლას აქვს წარმატებები და არის დაინტერესება ამ სპორტის მიმართ ,ამიტომაც ფინანსდება ჩვენს მიერ. რაც შეეხება ბიუჯეტს, სკოლას ცალკე ბიუჯეტი არ აქვს ხელფასები ირიცხება ააიპის ბიუჯეტიდან და როცა მივლინებაში მიდიან სპორტსმენები და მწვრთნელები უფინანსდებათ მივლინება.

 

- ბატონო კობა, ნიჩბოსანთა ფედერაცია ასევე აცხადებს, რომ თუ კვლავ გაგრძელდება ქუთაისელთა ბოიკოტირება, ისინი იძულებული გახდებიან, რომ ქუთაისი გარიცხონ ფედერაციიდან. როგორ უყურებთ თქვენ ამ საკითხს? რამდენად წაადგება ასეთი ფაქტი ქუთაისში ნიჩბოსანთა სპორტული სკოლის განვითარებას?

 

- ფედერაციას არ აქვს მიზეზი, ჩვენი სკოლის გარიცხვის, რადგან ჩვენს სკოლას წარმატებებიც ბევრი აქვს და ერთ-ერთი მოწინავე სკოლაა. ეს სპორტი ქუთაისში აქტიურია და განვითარებაც აქვს.

 

....

 

ცოტა უცნაურია, რომ ფედერაციაში ყოფნა გინდოდეს და ამავე დროს,  მის ორგანიზებულ შეჯიბრებებს თუ ღონისძიებებს ბოიკოტს უცხადებდე, თან აცხადებდე, ფედერაციას ჩვენი გარიცხვის მიზეზი არ აქვსო...

 

დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებთ, თუმცა  ქუთაისის სპორტული აიპის ხელმძღვანელს ვურჩევთ, კარგი იქნებოდა, გადაემოწმებინა მათი მწვრთნელების მიზეზები და ამ ციფრულ საუკუნეში რომელიმე სპორტული საიტიდან მაინც გაეგო, მართლა არცერთი გუნდი არ მონაწილეობდა საქართველოს თასის მეორე ეტაპზე? თუ სხვა რამეშია საქმე?

 

 აქვე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოვუთვალოთ ბატონ კობას ყველა გუნდი, (ფედერაციის წევრები გვყავს მხედველობაში), რომელიც მონაწილეობდა ამ ასპარეზობაში და ჩვენვე ვუთხრათ, რომ მხოლოდ ქუთაისი იყო გამონაკლისი და რომ მწვრთნელებმა, იგი,  უბრალოდ, გააცურეს, მაგრამ სჯობს, თვითონ გამონახოს დრო და გადახედოს ინტერნეტში ამ ფაქტის დამადასტურებელ ინფორმაციას და იქნებ მაშინ უფრო სერიოზულად შეხედოს იმ ფაქტს, რომ ნიჩბოსნობის სპორტული სკოლა ასეთი მწვრთნელებით და ბოიკოტით, თანაც - ბიუჯეტის ფულით, "შორს ვერ წავა".

 

 ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის ნიჩბოსანთა გულშემატკივრები  ვართ და იმის ფუფუნება არ გვაქვს, კერძო პირების პირად ინტერესებს საერთო საქმე შევწიროთ.

 

ნიჩბოსანთა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ქალაქის მერის ინფორმირების შემდეგ,  ეს საკითხი სახელმწიფოებრივად სასარგებლოდ გადაწყდება. დაველოდოთ მოვლენებს...

 

ნატო გუბელაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია