საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი კვირიკაშვილი - 2019 წელს ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროებით
2018/03/31 16:34:29

2019 წელს მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, პროექტის გადამუშავებამ გარკვეული დრო დაიკავა.

 

„ცოტა გამაკვირვა აჟიოტაჟმა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით. პარლამენტში გამოსვლისას მე ვახსენე, რომ არის პროექტის ორი ვერსია. წარმოდგენილი ალტერნატიული ვერსია გახლდათ არსებული რკინიგზის მარშრუტზე ახალი, თანამედროვე, ძალიან ლამაზი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა.

 

პირველადი ვერსიით, რკინიგზის ლიანდაგი უნდა მიგვეყვანა აეროპორტის წინ. ჩვენ შევთანხმდით და შევჯერდით ალტერნატიულ ვარიანტზე, რომლის მიხედვით, დღევანდელი აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, ულამაზესი სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა.

 

ამ ესკალატორების მარჯვნივ და მარცხნივ აშენდება ტურისტული ჰაბი, ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, რომელიც გამოყენებული იქნება ქუთაისის აეროპორტში და ასევე, რკინიგზის სადგურში ჩამომსვლელთათვის.

 

იქნება ასევე ტურისტების საორიენტაციო ცენტრი, საიდანაც უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ქუთაისის ცენტრში განაწილდებიან ტურისტები. ეს პროექტი არის გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე პირველადი, დაანონსებული პროექტი. ამიტომ, გარკვეული დრო დაიკავა ამის გადაპროექტებამ.

 

2019 წელს, უკვე მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით, რომელიც იქნება გამანაწილებელი მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქუთაისის აეროპორტში და ასევე, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას შიდა ტურიზმისთვის გამოიყენებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორი - ირმა ჭოლაძე 

(საზოგადოებრივი მაუწყებელი)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია