დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფონენდოსკოპი
“მშიბზია და გამარჯობა გადაგვარჩენს!”- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/02/23 00:24:26

 

 

ჩვენი პოპულარული რუბრიკის, „საზოგადოებივი ფონენდოსკოპის“ ამ კვირის სტუმარია დასავლეთ  საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაყმაძე.გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

-ბატონო ნიკოლოზ, მოდით, ჩვენი საუბრის დასაწყისში მოკლედ გვიამბეთ თქვენი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან მომენტებზე. გაიხსენეთ გზა, როგორ მოხვედით დღემდე...

-  დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, საფიჩხიაზე, მასთან არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობის ულამაზესი წლები. ვსწავლობდი მე-5 და მე- 19-ე საშუალო სკოლებში. შემდეგ იყო თსსუ-ს სტუდენტობა და 90-იანი წლები თბილისში. 2000 წელს წარჩინებით დავასრულე სწავლა სამკურნალო განხრით. ამ დროისთვის საქართველოში კარდიოქირურგიაზე ოცნებაც წარმოუდგენელი იყო. ასე რომ, გეზი გერმანიისაკენ ავიღე. იმავე წელს ჩავირიცხე კოლნის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.  საუნივერსიტეტო განათლება 2003 წლის 26 მაისს სახელმწიფო გამოცდით დავასრულე და კარდიოქირურგიის განხრით კვალიფიკაციის მოპოვებას შევუდექი.  ჯერ იყო ფრაიბურგის, შემდეგ ბოხუმის (ბად `ოეინჰაუზენის) და ბოლოს, -  ოლდენბურგის  საუნივერსიტეტო კლინიკები.სტრუქტურირებულ განათლებას კარდიოქირურგიაში, ჩემს შემთხვევაში, 8 წელიწადი დასჭირდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია გერმანული სტანდარტის მიხედვით. 2014 წელს მივიღე შემოთავაზება ევექსის ხელმძღვანელობისაგან და დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს. სიმართლე გითხრათ ბევრი არ მიფიქრია. ეს იყო გადაწყვეტილება,  გულსა და  გონებას  შორის, სადაც გულმა სძლია.

მყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

- მაინც, რატომ აირჩიეთ კარდიოქირურგია?

 ისევე, როგორც ბევრ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს, ძალიან მხიბლავდა კრიტიკული მედიცინა, რომელიც დროის უმოკლეს მონაკვეთში ექიმისგან სწრაფ და გააზრებულ  ქმედებას  მოითხოვს,  მაშინ, როცა დრო პაციენტის და ექიმის საწინააღმდეგოდ  მუშაობს. ძალიან მაინტერესებდა კარდიოლოგია, გული, როგორც სიცოცხლის საწყისი. იგი ჩასახვიდან 22-ე დღეს იწყებს კუმშვას  და სიცოცხლის  ბოლომდე ძგერს. საოცარია  მისი აგებულება და ფიზიოლოგიური თავისებურებები.   მიტაცებდა  ქირურგიული საგნები.

ამ ყველაფერმა საბოლოოდ კარდიოქირურგიაში ჰპოვა თავმოყრა და მე ბედნიერი ვარ, რომ მედიცინის ამ სფეროს ვემსახურები.

 

 -ვიცით, რომ ქვეყანაში ექიმების მიმართ დაბალი ნდობის ხარისხია. დაგვისახელეთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც თქვენ პაციენტებს ურჩევთ დასავლეთ საქართველოს  სამედიცინო  ცენტრში მკურნალობას?

 

 ექიმებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას ბევრი მიზეზი აქვს. დეტალები შორს წაგვიყვანს. ხსნას მხოლოდ დასავლური სამედიცინო მომსახურების სტანდარტის საქართველოში  შემოტანაში  და დამკვიდრებაში ვხედავ, რაც უფრო დავაჩქარებთ  ამ პროცესს,  მით უფრო  მალე დარეგულირდება ეს საკითხები.

ჩვენი კლინიკა ევროპაში შეძენილი გამოცდილების მიხედვით არის სტრუქტურირებული და გუნდურობის პრინციპზეა აგებული. აქ მოსულ პაციენტზე არამხოლოდ ერთი კომპეტენტური და კვალიფიცირებული ექიმი ზრუნავს, არამედ ექიმების და ექთნების კვალიფიცირებული გუნდი, ისინი უწყვეტ რეჟიმში გადიან სტაჟირებას ევროპულ კლინიკებში,  კარდიოქირურგიაში ასეთი 15-მდე ექიმი და მედდა  მუშაობს უკვე და ეს პროცესი  გრძელდება. ევექსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კადრების  გადამზადებას  და საზღვარგარეთ სტაჟირებას, რისთვისაც ხელმძღვანელობას დამსახურებული მადლობა  ეკუთვნის. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა გერმანულ და ავსტრიულ პარტნიორ კლინიკებს, რომლებიც უნაგაროდ გვეხმარებიან კადრების გადამზადებაში. ასეთებია  ოლდენბურგის,  გოთინგენის, ბონის და გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკები.

 ჩვენი კლინიკა მრავალპროფილურია. მოგეხსენებათ, გულით დაავადებულ პაციენტებს თითქმის ყოველთვის აქვთ თანმხლები დაავადებები, რომლებმაც ქირურგიული მკურნალობის  პერიოდში შეიძლება გამწვავება განიცადონ, ამიტომ მრავალპროფილურ კლინიკაში რისკები გაცილებით ნაკლებია. ექიმების სხვადასხვა გუნდის ერთობლივი და  კოორდინირებული მუშაობა ასევე საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობა არის ჩვენს კლინიკაში ხარისხიანი მკურნალობის გარანტი.

 


გერმანული გამოცდილების შემდეგ რამდენად რთულია საქართველოში მუშაობის გაგრძელება?

 -საწყის ეტაპს თუ გავითვალისწინებთ, სირთულეები ნამდვილად იყო. სტრუქტურირებულ,  დახვეწილი სისტემიდან  და კომფორტული გარემოდან ქართულ  რეალობაში გადმოსვლა  ადვილი იყო-თქო რომ გითხრათდამიჯერებთ? ალბათ არა, და მართალიც  იქნებით.  სამაგიეროდ, არსებულის სამსახურის დახვეწა, ახლის შექმნა, და განვითარება უდიდესი სტიმულიაჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, მადლიერი პაციენტების წრე დღითიდღე ფართოვდება, ევროპულ სტანდარტებს მიახლოვებული კარდიოქირურგიაუდიდესი წარმატებაა, რომელსაც ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს.

 

-როგორც ვიცით,  თსსუ-ს საპატიო დოქტორი ხართ,  ასევე უშუალო შეხება გაქვთ ადგილობრივ რეზიდენტებთანაც. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის საქართველოს განათლების სისტემა დასავლურ სტანდარტებთან ახლოს და შეუძლიათ, თუ არა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს აქ მიღებული განათლებით კონკურენტუნარიანები იყვნენ  დასაქმების  ბაზარზე?

დიახ,2009 წლიდან ქართველი სტუდენტების გერმანიაში გაცვლითი პროგრამის ხელმძღვანელი ვარ. დღემდე 90-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა და ექიმმა შეძლო გერმანულ  კლინიკებში  3 თვიანი სტაჟირების გავლა.  ბინის და კვების ხარჯების დაფარვას ჩემი  გერმანელი მეგობრების დახმარებით ვახერხებთ.პროგრამის და მის ფარგლებში გაწეული პედაგოგიური საქმაინობის წარმატება თსსუ-მ 2015 წელს ჩემი საპატიო  დოქტორად  არჩევით აღნიშნა, რაც საკუთარი ალმა-მატერისგან განსაკუთრებით დასაფასებელია.

 

 2017 წელს საფუძველი ჩაეყარა კარდიოქირურგიის რეზიდენტურას ევექსის ქსელში, ვცდილობთ სტრუქტურირებული განათლების სისტემა ჩამოვაყალიბოთ ამ მიმართულებით.  საქართველოში ცოდნის დაუფლებისაკენ მისწრაფება ყოველთვის მაღალი იყო, რაც იმედიან განწყობას მიქმნის.

 როგორ მიიჩნევთ, რამდენად სწორია ექიმისთვის შესრულებული სამსახურის სანაცვლოდ  “მადლობის” გადახდა?

 ექიმის პროფესია ღვთისგან კურთხეული საქმიანობაა. მადლიერი პაციენტი ჩვენი საქმიანობის საუკეთესო საზღაურია და ვერავითარი ფინანსური კეთილდღეობა ვერ შეედრება მას.  სხვაგვარად მცდარი პროფესია გაქვთ არჩეული.საექიმო საქმიანობა დიდ გონებრივ და ფიზიკურ შრომას მოითხოვს და არცთუ იშვიად  ფიზიკური შესაძლებლობების ზღვრამდე  მიჰყავხართ.  საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებთ,  მაგრამ საკმარისია გაღიმებულ  პაციენტს,რომელსაც სიცოცხლე აჩუქეთ, ხელი ჩამოართვათ-ყველაფერი გავიწყდებათ,  სიცოცხლე გემატებათ.

 

 რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში ლეტალურად დასრულებული შემთხვევები?

 ლეტალობა თან ახლავს საექიმო საქმიანობას. უკიდურესად მძიმე პაციენტებიდან ყველას გადარჩენა, სამწუხაროდ, შეუძლებელია და ეს ბუნებრივიცაა. გულსისხლძარღვთა  დაავადებები  ნომერი პირველი მკვლელია მსოფლიოში,  შესაბამისად კარდიოქირურგებს  ხშირად გვიხდება სიცოცხლისათვის ბრძოლა პირდაპირი გაგებით.  პაციენტის დაკარგვა უმძიმესი ემოციური დატვირთვა და დანაკლისია ყველა ექიმისათვის.  საბედნიეროდ, იშვიათად გვიხდება ამ ბრძოლიდან დამარცხებული გამოსვლა.

 

-ცვლის თუ არა ექიმის პროფესია ადამიანს?

 ჩვენ ყველანი ვიცვლებით და არ შეიძლება, პროფესიამ, რომელსაც ყველაზე დიდ დროს ვუთმობთ ცხოვრებაში, არ შეგვცვალოს.  რაც მთავარია, ამ პროცესს პოზიტიური მიმართულება აქვს.

 

 - თქვენი პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობიდან   გაიხსენეთ ის პაციენტი ან შემთხვევა, რომელმაც  პროფესია "ექიმი" განსხვავებული კუთხით დაგანახათ.

აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, 17-18 წლის ვიყავი. ამ ასაკში  პატრიოტული მოტივებით  ახალგაზრდების გულის ანთება ძალიან ადვილია. ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი  წავიდა  საბრძოლველად, ნაწილი უკან ვეღარ დაბრუნდა.  ახლა რომ ვუფიქრდები, ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი არ გადავდგი. ომს სიძულვილის მეტი არაფერი მოაქვს.

ერთი ისტორია მახსენდება. შემოდგომა იწურებოდა, წვიმიანი დღე იყო, კლინიკაში მიმღებიდან შემოვედი, შოკის დარბაზში საკაცეზე სუსტი, ფერმკრთალი, წვერგაუპარსავი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, ხელებზე დაყრდნობით ცდილობდა ღრმად სუნთქვას. კოლეგები ყველაფერს აკეთებდნენ მისთვის და ჩემი დაყოვნების მიზეზიც არ იდგა. ცოტა ხანში პაციენტი ჩვენს სართულზე ამოიყვანეს.

 შიში იდგა მის თვალებში. ომის შემდეგ პირველად გადმოვიდა ენგურის აქეთ საქართველოში. ოჯახის ახლობლები აფხაზურ და რუსულ ენებზე ცდილობდნენ მის დამშვიდებას.

 

4 თვის განმავლობაში მკურნალობდნენ ახალგაზრდას სოხუმის საავადმყოფოში ამაოდ. ლოგინიდან წამოდგომა აღარ შეეძლო. მძიმე ინფექციამ გულის სარქველი დაუზიანა, მძიმე მანკი  ჩამოუყალიბა, გულმკერდში ორივე მხარეს სითხეები ჩაუდგა და ფილტვებს ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევდა. იმავე დღეს სასიცოცხლო  ჩვენებით ჩატარდა  ოპერაცია,სარქვლის საყრდენი აპარატი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და ახალი სარქვლის ჩაკერებას ართულებდა. ოპერაციამ და ოპერაციის შემდგომმა  პერიოდმა  წარმატებულად  ჩაიარა,  4 თვიანი ლოგინად ყოფნის შემდეგ  ახალგაზრდა აფხაზი ფეხზე დადგა. თვალებში ჩაბუდებული შიში მადლიერებით და სიკეთით შეეცვალა.

 

 აფხაზები და ქართველები ჯერ კიდევ მტრის ენაზე-რუსულად ვესაუბრებით ერთმანეთს,  არადა - “მშიბზია და გამარჯობა გადაგვარჩენს!” მადლიერების ნიშნად გამოგზავნილი აფხაზურის თვითმასწავლებლით ვცდილობ, ვისწავლო მარტივი საკომუნიკაციო აფხაზური.

 

-და ბოლოს , დაგვისახელეთ თქვენი საყვარელი კინოფილმი, მოთხრობა  და მუსიკა

 -ფილმი: “მკვდარი პოეტების საზოგადოება”- რობინ უილიამსის მონაწილეობით

 წიგნი: პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსი"- ცხოვრება ბედნიერების საიდუმლოს ძებნაა.

 მუსიკა: გია ყანჩელის შემოქმედება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია