დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
"ბერძნული სინდრომი"- ზაზა ლომინაძის სამედიცინო აღმოჩენა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/12/31 20:44:20

 

საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის კვირის სტუმარია ქუთაისის "კლინიკა -ლჯ"-ს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე.


პროლოგის მაგიერ

ზაზა ლომინაძე დაიბადა1965 წლის 26 თებერვალს ქუთაისში, სკოლა დაამთავრა ოქროს მედალით, ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო  სტავროპოლის სამედიცინო აკადემიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა  სტავროპოლის კარდიოლოგიურ ცენტრში და  ლენინის სახელობის კლინიკაში, ქალაქ ლენინგრადში.1990 წლიდან კი დაბრუნდა ქუთაისში,სადაც მუშაობა დაიწყო მაშინდელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იყო კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 2002 წელს მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა მრავალპროფილიანი "კლინიკა -ლჯ", 2016 წელს კი კიდევ  ერთი კლინიკა "ლჯ და კომპანია" დაარსა.


დიალოგი:


- ბატონო ზაზა რატომ აირჩიეთ კარდიოლოგიური მიმართულება?

-7 წლის ვიყავი, ბაბუას სოფელში ვენახის შეწამვლაში რომ ვეხმარებოდი. ერთ-ერთი საუბრისას ბაბუმ მითხრა, ისეთი პროფესია აირჩიე,თოხზე და ამინდზე რომ არ იყო დამოკიდებულიო. ბაბუა ინსულტით გარდაიცვალა,ამიტომ პირველ კურსზე ნეიროქირურგობა მინდოდა,ხოლო შემდეგ გადავიფიქრე და კარდიოლოგი გავხდი.


 გაიხსენეთ ერთი პაციენტი ან შემთხვევა,რომელმაც განსხვავებულად დაგანახათ თქვენი პროფესია.

-1992 წელს  რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი,ბაღდათიდან მივიღეთ უმძიმესი პაციენტი მწვავე ინფრაქტით.   დავიწყე პაციენტის მდგომარეობის დასტაბილება, ამ პროცესში პაციენტს გაუჩერდა გული,   ამ დროს პირველი  საშუალება არის დეფიბრილატორი, (ელექტროშოკი)მაგრამ შუქი არ იყო. დავიწყეთ ხელოვნური მასაჟის კეთება და წამლების შეშვება გულში, თითქმის გადაგვეწურა პაციენტის გადარჩენის იმედი,  სწორედ ამ დროს უეცრად მოვიდა შუქი,როგორც 90-იანებში ხდებოდა ხოლმე. ჩავატარე დეფიბრილაცია, პაციენტი გაცოცხლდა და კვლავ ჩაქრა შუქი.  ამ საბედისწერო შემთხვევის წყალობით შევძელი იმ პაციენტის გადარჩენა. მსხვილიძე იყო გვარად, დღემდე მახსოვს...უფალმა არ უნდა გაგწიროს...


-ბევრი რაღაც გააკეთეთ ქუთაისის სამედიცინო სივრცის განვითარებისათვის. როგორ ფიქრობთ, რა ადგილი უჭირავს ქუთაისს რეგიონში სამედიცინო თვალსაზრისით?

-საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. დასავლეთ სქართველოს სამედიცინო ცენტრის აშენებამ მისცა დიდი ბიძგი ქუთაისში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ახალი საავადმყოფოების მშენებლობას  და  თანამედროვე მედიცინის განვითარებას.

საერთაშორისო კონგრესებზე,რომ დავდივარ ჩემ კოლეგებს ვეკითხები თუ როგორ ახერხებენ მილიონად შეფასებული ტექნიკის ასე სწრაფად გამოცვლას. ისინი მპასუხობენ,რომ ტექნიკის შესაძენი ფული კი არა უჭირთ, არამედ ექიმების   ოპერატიული გადამზადება  და თანამედროვე პროგრესის ათვისებაა მათი მთავარი პრობლემა.

დღეს  იმდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები,რომ ადამიანები მათი ათვისებას ვერ ასწრებენ.


 

- ხშირად პაციენტის ოჯახის წევრებს   ავადმყოფი ქუთაისისდან  თბილისში გადაჰყავთ. რა არის ამ უნდობლობის  მიზეზი?

 

-ამის მიზეზია არასათანადო მუშაობა ექიმსა და პაციენტს შორის, არასრულფასოვანი კომუნიკაცია. ასევე,  დიდი როლი აკისრია ადგილობრივ მედიას, ცნობადობის ამაღლების კუთხით. ეს პრობლემა მუდმივად თან სდევდა ქუთაისს. გავიხსენოთ არც თუ ისე შორეული წარსული, ქალაქის საუკეთესო ექიმი, ერთადერთი თერაპევტი  დიმიტრი გელოვანი პურის რიგში გარდაიცვალა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ქალაქში გვიან ფასდებიან დიდი ადამიანები, როდესაც უკვე სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში არიან....


-  ბოლო პერიოდში ქუთაისელი ექიმები პოლიტიკურად გააქტიურდნენ. თქვენც იყავით ქუთაისის  საკრებულოს მეხუთე მოწვევის  მაჟორიტარი. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

-მე ახლაც პოლიტიკაში ვარ, ყოველთვის პოლიტიკაში ვიყავი ,რადგან სულ ვცდილობდი, ქუთაისისთვის სასიკეთო საქმე,მეკეთებინა. მართალია, ადგილობრივ თვითმმართველობაში შევედი ოცნების კოალიციიდან, თუმცა, ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი. არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.  პოლიტიკოსი არის ის, ვინც ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეს აკეთებს და არა ის, ვინც საკუთარ ჯიბეს ისქელებს, ვითომ სამშობლოს სიყვარულით. საკრებულოში გატარებულ 4 წელს არასდროს ვინანებ,რადგან  ბევრი საქმე გავაკეთე. დღემდე ვმეგობრობ ჩემს ამომრჩეველთან და კოლეგებთან საკრებულოსა და მერიაში. დამრჩა გაუკეთებელი საქმეები, რასაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, დღევანდელ საკრებულოსთან ერთად. მე ქუთაისის სამედიცინო, კულტურულ, სპორტულ, თეატრალურ, საგანმანათლებლო ცხოვრებაში საკრებულოში შესვლამდეც აქტიურად ვიყავი ჩართული და ახლაც აქტიური მოქალაქე ვარ. მუდამ ჩემი ქუთაისის  ერთგული დავრჩები.


-რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისელობა, რის გამოსწორებას ისურვებდით ამ ქალაქში?

-მე სულით და გულით ქუთაისელი ვარ, ამ ქალაქის დიდი გულშემატკივარი. ქუთაისელობა  მარტო ბაღისკიდეზე დგომა არ არის, ყველამ ჩვენი წილი საქმე უნდა ვაკეთოთ.

 ჩემთვის  დიდი ტკივილია ამდენი ხანი კინო რომ  არ გაიხსნა; მუზეუმის შენობა, მოედანზე რომ მიტოვებულია;

მე პარლამენტს მივესალმებოდი ქუთაისში,მაგრამ არა იქ, სადაც ახლაა, არამედ -პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტერიტორიაზე,  გაცილებით ნაკლები ფინანსური დანახარჯებით ... თანაც პარლამენტარებიც იქვე იცხოვრებდნენ და აქტიურ კანონშემოქმედებით მოღვაწეობას განახორციელებდნენ !!!

მივესალმები მუხრანის ტყეში ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობას, მაგრამ მალე  შესაძლოა მუხრანის ტყე აღარ იყოს, რადგან ნადგურდება კავკასიური ხოჭოთი. თუ უნივერსიტეტის მშენებლობის პარალელურად, ამ პრობლემას არ მიეხედა,  საბოლოოდ დაგვრჩება ტექნიკური უნივერსიტეტი (იმედია იმ ვადებში ჩაბარდება,როგორც გვპირდებიან), მაგრამ აღარ გვექნება  ქუთაისის სავიზიტო ბარათი - მუხრანის ტყე. წარსულს თუ არ მოვუფრთხილდით, ისე მომავალს ვერ შევქნმით.

ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თეატრი და ოპერა არ "დგას თავის ადგილზე". ვინ იყიდა პრემიერაზე ბილეთები?! ვინ მიაჩვია თავისი შვილი კულტურულ და მუსიკალურ ცხოვრებას?!


-ბატონო ზაზა , თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ ადამიანებთან, როგორ შეაფასებთ ჩვენი ქვეყნის  სოციალურ გარემოს?

- ნახევარი საქართველო ემიგრაციაში იმყოფება, პენსია 180 ლარია, მოსახლეობა  მწვავე ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის, ამ ფონზე ძნელია ექიმობა და მაღალ მატერიებზე საუბარი.

ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში მქონდა ერთი შემთხვეევა,რომელსაც "ბერძნული სინდრომი" დავარქვი. ერთხელ მამამ ჩემთან მოიყვანა პატარა გოგონა, რომელსაც დედა საბერძნეთში ჰყავდა და მითხრა, ღამე შიშები აქვსო. გამოვიკვლიე ამ ბავშვის მდგომარეობა და არანაირი ორგანული პათოლოგია არ აღმოაჩნდა, მას ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც უდედობამ გამოიწვია.

1989 წლის შემდეგ საქართველომ 4 ომი  გადაიტანა, მათ შორის - ერთი სამოქალაქო, ჩვენი ქვეყნის  20% ოკუპირებულია, მცოცავი ანექსია გრძელდება, ქართველმა ხალხმა  ვერა და ვერ დაინახა საშველი. დღეს ყველაფერი მიდის იქით, რომ საზოგადოება ჩამოიშალოს, შეირყეს  ეკლესიის რწმენა, დაკნინდეს  ოჯახის ინსტიტუტი. თუ ერი ერთად არ დადგა და სახელმწიფო დონეზე არ გადაწყდა ეს პრობლემები, ახალგაზრდები კიდე  გაიქცევიან ამ ქვეყნიდან, რაც საქართველოს  მომავლზე ძალინ ცუდად აისახება.


- და ბოლოს, პოზიტიურად რომ დავასრულოთ, დაგვისახელეთ თქვენი საყვარელი წიგნი, ფილმი და  მუსიკა.

-ჩემი სამაგიდო წიგნია "პატარა უფლისწული", ყველა ახლობელს  ამ წიგნს ვჩუქნი, ასევე ძალიან მიყვარს "დათა თუთაშხია".

საყვარელი ფილმები: "არაჩვეულებრივი  გამოფენა", " დათა თუთაშხია" , "ჭირვეულის მორჯულება" და "ბლეფი".

 რაც შეეხება მუსიკას, "ბითლომანად"  ვთვლი  თავს, დღემდე ვინახავ მათ ძველ დისკებს.

 სიმღერასრაც შეეხება, ძალიან მიყვარს გოგი დოლიძის "გავა დარო და მოვუყვებით შვილებს".


ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ქუთაისელებს და მთლიანად საქართველოს .

გისურვებთ ჯანმრთელ გულს და ნათელ სულს !!!

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია