საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონეიდოსკოპი
"ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების" ინიცირებული ბევრი იდეა დღემდე აგრძელებს არსებობას
2017/11/24 14:15:38

ისტორიული წყაროების ცნობით, საქართველოში უძველესი დროიდან ეწეოდნენ სამედიცინო საქმიანობას. ამ მხრივ საყურადღებოა მითი კოლხეთში  არგონავტების შესახებ.„არგონავტიკის“ცნობებით, მეფე აიეტის გრძნეული ასული მედეა ამზადებდა წამლებს. მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელი აშენებდა "ქსენონებს"ანუ სასნეულო სახლებს.


  საქართველოს ქალაქებიდან მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქუთაისს. ქუთაისი ყოველთვის  იყო ქართული კულტურის  ერთ-ერთი ისტორიული  კერა. საგანმანათლებლო ფუნქციებთან ერთად, ის წლების განმავლობაში ღირსეულად ატარებდა სამედიცინო მნიშვნელობის ქალაქის სტატუსსაც.


"საზოგადოებრივი ფონეიდოსკოპი" გთავზობთ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს, რომელიც აღწერს, თუ რა როლი აქვს შეტანილი ქუთაისს სამედიცინო სფეროში.


ქართული მედიცინის შესახებ დაწერილ წყაროებში ხაზგასმით წერია, რომ  მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს საუკეთესო ქიმები, მათ შორის რუსეთის კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები, ქუთაისში ცხოვრობდნენ. მათი უმრავლესობა სხვადასხავა დროს მუშაობდა სამხედრო სტაციონარში,ინფექციურ საავადმყოფოში, თოფურიას კერძო სამკურნალოში, ქალაქის უფასო სამკურნალო ამბულატორიაში და ა.შ.


XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩენილი ქუთისელი ექიმი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ნაზარიშვილი გამოვიდა  „ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების“ დაარსების იდეით. მან შეკრიბა დასავლეთ საქართველოს ექიმები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ იდეას. ამ პერიოდში ექიმები უსიტყვო, უფლებაჩამორთმეულ პირებად ითვლებოდნენ, რომლებსაც მხოლოდ მთავრობის ჩინოვნიკების ბრძანებების შესრულება ევალებოდათ. ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელი იყო, ვინმეს თავისუფალი სიტყვა ეთქვა რომელიმე პროფესიაში. თუმცა, მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა, 1892წლის15 სექტემბერს "ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების" დაარსება ოფიციალურად გაფორმდა.


     „ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება“ აერთიანებდა საუკეთესო ექიმებს,რომლებიც პროფესიული საქმიანობის გარდა, საზოგადოებრივ აქტივობებესაც ახორციელებდნენ. ამ ადამიანებმა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე და მას შემდეგაც შეძლეს ეროვნული მნიშვნელობის საქმეების გაკეთება. მათი მიერ ინიცირებული ბევრი იდეა, მართალია ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით, მაგრამ დღემდე აგრძელებს არსებობას.


 წყალტუბოს სამკურნალო წყლების გამო, საქართველო არაერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. შეიძლება  ცოტა ვინმემ იცის, რომ სწორედ „ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების“ ინიციატივით მოხდა წყალტუბოს მინერალური წყლების ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევა და წყალტუბოს კურორტად აღიარების საკითხის დასმა.  კერძოდ, მედიცინის დოქტორმა, ქუთაისელმა ექიმმა დიმიტრი ნაზარიშვილმა სრულიად რუსეთის ბალნეოლოგთა ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება „ წყალტუბოს სამკურნალო წყლები და მათი სახელმწიფო-საზოგადოებრივი მნიშვნელობა.“ ამის შემდეგ მოხდა წყალტუბოს საფუძვლიანი შესწავლა. ცნობილია,რომ წყალტუბოს კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 775.000 მანეთი.


ქუთაისში დღემდე აღინიშნება "გვირილობის" დღესასწაული. „სამედიცინო საზოგადოებამ“ 1912 წელს ჩამოაყლიბა "კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოება", ქუთაისის ფილიალიც დაარსდა. საზოგადოების ინიციატივით გადაწყდა არეზინდოს მთაზე აბასთუმანში, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სამკურნალო სანატორიუმის აშენება. ეს ყველაფერი დიდ თანხებს უკავშირდებოდა, ამიტომ  საზოგადოების წევრმა ექიმებმა მოიფიქრეს  ე.წ  "გვირილობის“ დღესასწაულის მოწყობა, რომელშიც ქალაქის ფართო მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. პირველად გვირილობის დღესასწაული 1912 წელს მოეწყო, გვირილების გაყიდვით მიღბული თანხა კი მთლიანდ ქველმოქმედებას მოხმარდა.


„ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება" ორგანიზატორობას უწევდა ქვეყნისა და კავკასიის გუბერნიის მასშტაბით ექიმების შეკრებას, სადაც ხდებოდა სამედიცინო ცოდნა-გამოცდილების გაზიარება.


"სამედიცინო  საზოგადოებამ " პირვლივე სხდომაზე დააყენა საექიმო ეთიკის გაუმჯობესების საკითხი.


" სამედიცინო საზოგადოების"ინიციატივთ დაარსდა ქუთაისში სახელმწიფო აფთიაქი, რადგან იმდროინდელი 4 კერძო  აფთიაქი მოსახლეობის მოთთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. სამედიცინო საზოგადოებამ იჯარით აიღო აფთიაქი და შემოსულ თანხას საქველმოქმედო  მიზნებისთვის იყენებდა. ღარიბ ავადმყოფებს კი წამლებს უფასოდ გადასცემდნენ. ცნობილია, რომ ქართული საზოგადოების იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწეები: აკაკი წერეთელი, კოტე მარჯანიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, ვანო სარაჯიშვილი და სხვები "ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების " ექიმებთან მკურნალობდნენ.


 "სამედიცინო საზოგადოების' წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ცნობილი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის დაკრძალვის ცერემონიალში, რაც იმდროინდელ წრეებში დიდ პატივად ითვლებოდა.


„სამედიცინო საზოგადოების“ წევრი ექიმები, გარდა პროფესიული საქმიანობისა, მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადწყვეტაში. ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ იმდროინდელი ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.


ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება კავკასიაში მეორე, ხოლო დასავლეთ საქართველოში პირველი სამედიცინო საზოგადოება იყო, რომელიც აერთიანებდ აექიმების საუკეთესო გუნდს, რომელთა შესახებაც ჩვენი რედაქცია პერიოდულად მოგაწვდით მასალებს.


სამწუხაროდ, ქუთაისის გამოჩენილი ექიმებისა და მათი მოღვაწეობის შესახებ მწირი მასალაა  შემონახული, მაგრამ არსებული ინფორმაციითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა ადგილი ეკავათ მათ  ქუთაისის  სამედიცინო სფეროს განვითარებაში.


 

ჩვენი რედაქცია მაქსიმალურად ეცდება თანამედროვე ქუთაისის მედიცინის მიღწევების კვალდაკვალ, წარსულის  ღირსეული ექიმების ქრონიკებიც შემოგთავზოთ.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

P.S. მასალაზე მუშაობისას გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის არქივის განყოფილებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია