საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის ინიციატივით შრომითი უფლებების და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კონფერენცია გაიმართა
2017/11/12 20:02:58

 

 საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდამჭერით, თემაზე „შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“  კონფერენცია გაიმართა.


პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კონფერენცია თემატური სესიებით გაგრძელდა. პირველი სესია, რომელიც შრომითი უფლებების სამოქმედო გეგმის პრინციპების განხილვას, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების და ევროპული სოციალური წესდებით გათვალისწინებული მუხლების შესრულებას დაეთმო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შრომის სამართლის დეპარტამენტის უფროსის, კოლინ ფენვიკის ძირითადი მოხსენებით გაიხსნა.  მომხსენებლის შეფასებით, შრომითი უფლებების შესახებ მომზადებული სამოქმედო გეგმა საქართველოში შრომის სტანდარტების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, და იგი სრულად ასახავს იმ ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით იკისრა.

 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია, რომ საქართველომ ნებაყოფლობით გადაწყვიტა იმ მნიშვნელოვანი პრინციპების და ვალდებულებების შესრულება, რასაც საერთაშორისო შეთანხმებები ითვალისწინებს, რაც საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. კოლინ ფენვიკიმ საერთაშორისო შრომის ინსპეციის და ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია სამუშაო ობიექტზე დასაქმებული ფუნდამენტურ უფლებებს უზრუნველყოფს. მომხსენებელმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გზავნილებიც წარმოადგინა და რეკომენდაციის სახით საქართველოს საერთაშორისო შრომითი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით სპეციალური ინსტიტუტების შექმნა შესთავაზა.

 

მოხსენებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა მოსაზრებები გამოთქვეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შრომითი პირობების და უფლებების დაცვა მთავრობის გააზრებულ მიზანს წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნეს ის რეალური გარემო, რაც საქართველოში მოქმედებს, რათა შენარჩუნებული იყოს ბალანსი დამსაქმებელსა და დასაქმებულის უფლებების მიმართ.

 

„2013 წლამდე საქართველოში შრომითი უფლებების კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობდა. მას შემდეგ შეიქმნა იურიდიული ინფრასტრუქტურა, თუმცა არც ის არ არის სრულყოფილი და რა თქმა უნდა, წინ არის კიდევ დიდი გზა გასავლელი, რათა კანონმდებლობის დახვეწა მოხდეს. ამ ეტაპზე შექმნილია სამმხრივი დიალოგის პლატფორმები, რომელიც ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს წარმოადგენს. ჩვენ ეტაპობრივად უნდა განვავითაროდ ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც შრომითი უფლებების მიმართულებით იმუშავებს, იქნება ეს შრომის ინსპექცია თუ სხვა უწყება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

სამმხრივი დიალოგის კომისიის მნიშვნელობასა და შრომის ინსპექციის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

„დიდი მიღწევაა, რომ კომისიის სხდომებზე ჩვენ უკვე შევძელით დიალოგის და კონსესუსის ენაზე გადასვლა, შეხვედრებზე ვმსჯელობთ და ვუსმენთ ერთმანეთს. ქვეყნის პრემიერ მინისტრის და ყოფილი პრემიერების დიდი დამსახურებაა, რომ კომისია გადაიქცა რეალურად იმ ინსტრუმენტად, რაც უნდა იყოს - ის არის მთავარი პოლიტიკის განმსაზღვრელი. რაც შეეხება შრომით ინსპექციას - მისი ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოებაში რადიკალურად განსხვავებული, შეიძლება ითქვას, რომ მარგინალური შეხედულებები არსებობდა. საზოგადოების ერთი ნაწილი მას ბიზნესის პარალიზების ინსტრუმენტად აღიქვამდა, ხოლო მეორე, დასაქმებულთა ნაწილი მისგან „ჯადოსნური ჯოხის“ ფუნქციას ელოდებოდა, რომელიც ერთ დღეში მოაგვარებდა არსებულ პრობლემებს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად გააცნობიეროს უწყების ანატომია და სტრუქტურა იმ იერარქიის, რომლითაც ზოგადად ხორციელდება შრომის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების დაცვა. ეს არის ოთხი ეშელონი, ერთ-ერთია თავად შრომის ინსპექცია, შემდეგ არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი, მესამეა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური და ბოლოს, საკუთრივ იმ კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. სწორედ ეს ოთხი იერარქია ქმნის იმ ანატომიას, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ეს მიმართულება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა კონფერენციის  მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე შეკრებილი ასეთი მაღალი პოლიტიკური შემადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია შრომითი უფლებების მნიშვნელოვანი განვითარებით.

 

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციას და პირადად დეპუტატს დიმიტრი ცქიტიშვილს კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კონფერენციის მეორე სესია შრომითი უფლებების გენდერული თანასწორობის პერსპექტივებს დაეთმო. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ საქართველოს კანონმდებლობაში პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმებზე ისაუბრა და ვრცლად მიმოიხილა ამ კუთხით არსებული ვითარება. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რიგი საკანონმდებლო აქტები უკვე არსებობს, რომლებიც დისკრიმინაციულ მიდგომებს აღმოფხვრავს, შრომით კანონმდებლობაში იგი ასახული არ არის. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ ექსპერტთა კომიტეტმა საქართველოს 2014 წელს რეკომენდაციით მიმართა, რათა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით შრომით კანონმდებლობაში დამატებითი ჩანაწერი გაკეთებულიყო.

 

„მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების ადგილებში მამაკაცებს და ქალებს თანაბარი პირობები ქონდეს, როგორც სამუშაო გარემოს თვალსაზრისით, ასევე ანაზრაურების კუთხითაც“, - აღნიშნა გამომსვლელმა. მანვე სამუშაო ადგილებში სექსუალური შევიწროვების მაგალითებზეც ისაუბრა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ერიკა კვაპილოვას განცხადებით, სექსუალური შევიწროვება ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის, რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდება. მთლიანობაში კი, იმ ორგანიზაციაში, სადაც ადგილი აქვს შევიწროვების მცდელობებს, იგი უწყების საქმიანობაზე ფინანსური კუთხით უარყოფითად აისახება. მომხსენებელი თანაბარ პირობებში სხვადასხვა სქესის დასაქმებულთა დისკრიმინაციულ ანაზღაურების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კვლევების მიხედვით, საქართველოში თანაბარი სამუშაოს შესრულებისას მამაკაცი ქალზე 37%-ით მეტ ანაზღაურებას იღებს. „კანონმდებლობის დახვეწასთან ერთად მნიშვნელოვანია იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესიც და ამ მიმართულებით შრომის ინსპექციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია“, - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

 

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, გენდერული მიმართულებით შრომის ანაზღაურების საკითხებზე სამინისტრომ წინა წლებში საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა, მაგრამ წინა მოწვევის პარლამენტში მისი გაზიარების მზაობა არ გამოითქვა და ცვლილებების ინიცირება არ მომხდარა. რაც შეეხება სექსუალურ შევიწროვებას - შრომის კოდექსის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტში პირდაპირ გაწერილია შევიწროვების დეფინიცია და ამ მიმართულებით გარკვეული სამართლებრივი საფუძველი უკვე არსებობს, თუმცა შესაძლოა იგი კიდევ უფრო დაკონკრეტდეს და მიეთითოს სიტყვა „სექსუალური“.

 

პარლამენტის გენდერული საბჭის წევრის, კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გენდერული საბჭო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი აქტიური ერთეულია, რომელსაც დეტალურად აქვს გაწერილი თავისი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს არა მარტო შრომით უფლებებს, არამედ ზოგადად, ქალის უფლებების თანასწორობის დაცვის სხვადასხვა მექანიზმებს, რაც კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე მომზადდა. დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ქალთა უფლებების პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია თუ არ მოხდება ეკონომიკური გაძლიერებაზე აქცენტის გაკეთება. „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არის ის საფუძველი, რომელზეც შეიძლება აშენდეს ნებისმიერი სხვა პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ, აქედან გამომდინარე ქალი ხდება დამოუკიდებელი და მას სახელმწიფოს მხრიდან მეტი გარანტიები შეიძლება შეექმნას. შესაბამისად, ის აღარ იქნება დამოკიდებული ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და უფრო თავისუფალ დისკრიმინაციულ გარემოში აღმოჩნდება. ასევე მნიშვნელოვანია და ყველაზე აქტუალური ალბათ არის შრომითი უფლებების კუთხით ქალთა უფლებების დაცვა, რადგან თუ სადმე სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია ხდება, ქალთა დისკრიმინაციას ორმაგად აქვს ადგილი. ამიტომ აუცილებელია კონკრეტული მექანიზმის შექმნა, რათა გათანაბრდეს მისი მდგომარეობა კაცებთან დამოკიდებულებაში და ზოგადად შეიქმნას უფრო სამართლიანი გარემო“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

საკითხთან დაკავშირებით პროფესიული კავშირების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტმა, რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო გადახედავს კანონმდებლობას და შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის აკრძალვას კანონის დონეზე უზრუნველყოფს. სესიის მონაწილეების გამოსვლების შემდეგ კონფერენციის დასკვნითი ნაწილი ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა. ღონისძიებაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონფერენციის თემასთან დაკავშირებით მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს. 

 

-

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 52
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია