საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლილი ნუცუბიძე 90 წლის გახდებოდა...
2017/10/24 22:40:51

 

ყველა ქალაქს, რაიონს, სოფელს ჰყავს გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე. ასეთი გამორჩეული ადამიანი გახლავთ ქალბატონი ლილი ნუცუბიძე ქუაისისთვის, რომელსაც რამდენიმე დღის უკან, 21 ოქტომბერს  90 წელი შეუსრულდებოდა...


ქალი-დედა,ბებია,პოეტი.რომელიც დააკლდა ჩვენს ბებერ ქალაქს. პირადად მე მქონდა ბედნიერება, პირადად შევხვედროდი მას წლების უკან. მამიდა ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ერთ-ერთ იუბილეზე მოიწვიეს ქალბატონი ლილი.მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდი, რამდენად დიდი პიროვნების წინაშე ვიდექი და ვკითხულობდი მის ლექსს. ახლა, წლების შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, გამეხსენებინა და შემეხსენებინა საზოგადოებისთვის ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი.


საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ლილი ნუცუბიძე ქუთაისში დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ამ ქალაქში მოღვაწეობდა. ლილი ნუცუბიძე ავტორია რამდენიმე ათეული პოეტური კრებულის. მის ლექსებზე ქართველ კომპოზიტორებს ორმოცდაათზე მეტი სიმღერა აქვთ აჟღერებული...


"ადამიანები მოვდივართ ქვეყნად და ბოლოს მივდივართ უსასრულობაში, მაგრამ არიან ღმერთის რჩეულები, რომლებიც მოდიან და რჩებიან. ისინი მუდმივ ადგილს იმკვიდრებენ ადამიანთა გულებში, ლექსებში, სიმღერებში და მათი სახელები უკვდავებას ეზიარებიან. ასეთ რჩეულთა შორის გახლავთ ცნობილი პოეტი ქალი, ქ-ნი ლილი ნუცუბიძე, - ასე ახასიათებს კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი მრავალი სიმღერის ტექსტის ავტორს.


"საყვარელო მამულო, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, გულმა მხოლოდ შენი მზე, შენი მიწა იწამა" - ეს ის სიტყვებია, რომელიც ქალბატონმა ლილიმ "გულზე ამოიქარგა" და მთელი საქართველო აამღერა.


რეზო სულავა, ჩოხოსანთა საზოგადოების სადროშოს ხელმძღვანელი იხსენებს: ქალაქ ქუთაისში ვიყავით, ბაგრატის ტაძარი მოვინახულეთ, ქალბატონი თინა იყო ჩვენი მასპინძელი. მის სახლში ერთი ლამაზი ფოტო შევამჩნიეთ, კედელზე ეკიდა და მასზე გამოსახულ ქალბატონს ყურადღება მივაქციეთ. მაშინ ვერ მივხვდით, რომ ის ქალბატონი პოეტი ლილი ნუცუბიძე იყო.

იმ დღეს ქუთაისის დრამატულ თეატრსაც ვეწვიეთ, თორნიკე მარჯანიშვილმა მიგვიღო. ოთახში ერთი ძველი, დაშლილი წიგნი იდო. მასში მრავალი ამღერებული ლექსი ამოვიკითხე. მოგვიანებით, ისიც აღმოვაჩინე, რომ პოეტი, რომლის ლექსებითაც ასეთი აღფთოვანებული დავრჩი, ჩვენი მასპინძლის, თინათინ მაჭავარიანის დედამთილი იყო.

თბილისში დაბრუნებულმა ეს ისტორია "საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოებას" ვუამბე და ძველი, დახეული კრებულის საფუძველზე ახლის გამოცემაც შევთავაზე. ასე შეიქმნა ულამაზესი ლექსების კრებული სახელწოდებით, "რაც გულზე ამოვიქარგე"...


 მშობლიურ ქუთაისსა და სამშობლოზე შეყვარებულ ქალბატონს ყველა დიდ პატივს სცემდა..ლილი ნუცუბიძეს სხვადასხვა დროს ეკავა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის, ქუთაისის ბიბლიოთეკების ქსელისა და დასავლეთ საქართველოს ბიბლიოთეკების ქსელის დირექტორის თანამდებობა. იყო მრავალი საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა ქალთა ორგანიზაციებში.ის იყო ადამიანი, რომელიც შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, რძლებს და ა.შ. ქვეყნის ტრფობის მაგალითს აძლევდა ... ადამიანი, რომელსაც ყველას და ყველაფრის სიყვარული შეეძლო...
 კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია: ჩემს წარმოსახვაში ქალბატონი ლილი ახალგაზრდა, ძალზე ქალური, სუსტი აღნაგობის, ქერათმიანი, ცისფერთვალება და ნაზი, ლამაზი ტემბრის ხმით მოსაუბრე უნდა ყოფილიყო... თუმცა..


მრავალი წლის წინ, ჩემმა ქალიშვილმა ლექსების ცისფერყდიანი პატარა კრებული მომიტანა. თითოეული ლექსი, რაც ამ წიგნში ამოვიკითხე, სიმღერა იყო, ვკითხულობდი და თან ვმღეროდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ხშირად ლექსი ძალიან პოეტურია, გამართული, მშვენიერი, მაგრამ სიმღერის შესქმნელად არ გამოდგება. ამ პატარა კრებულში კი ყველა ლექსი სიმღერისთვის იყო განკუთვნილი. ლექსებით აღფრთოვანებულმა იმ დღესვე შევქმენი რამდენიმე სიმღერა. მიხარია, რომ ამ სიმღერებს - "ქვეყანა ჩემი მგონია", "მე შენთან მოვალ", "აბა, მითხარ, სად წავიდე" და მრავალ სხვას დღემდე სიამოვნებით მღერიან.


როდესაც ქალბატონმა ლილიმ მის ლექსზე შექმნილი სიმღერა მოისმინა, წერილი გამომიგზავნა, მადლობას მიხდიდა. ტელეფონის ნომერიც მიაწერა სამომავლო კონტაქტისთვის. მაშინვე გადავრეკე. გაოგნებული დავრჩი, უხეში ხმა რომ მოვისმინე. ქალბატონ ლილის სთხოვეთ- მეთქი, ამოვილუღლუღე. ლილი ვარო, მიპასუხა. ჩემი ვინაობის გარკვევის შემდეგ კი ის უხეში ხმა ლამის ყურმილში გამოძვრა და შემომყვირა, - ნუნუ, ახლა აქ რომ იყო, ერთი ვაჟკაცურად ჩაგკოცნიდიო. - მე კინაღამ ყურმილი გამივარდა ხელიდან... მაგრამ როცა ისიც მითხრა - სამი ვაჟის დედა ვარ და დღესაც სიყვარულით ვიწვიო, აი, მაშინ კი ყურმილი მართლა ხელიდან გამივარდა.


ქალბატონ ლილის ქუთაისში შევხვდი, ქალაქის ცენტრალურ პარკში. ზაქარია ფალიაშვილის ძეგლის გახსნაზე ვიყავი. გვერდით საშუალო ასაკის, ენერგიულმა ქალბატონმა ჩამიარა. მწერალთა მაშინდელ თავმჯდომარეს დაელაპარაკა და უკან მობრუნდა. ინტუიციით მივხვდი, რომ ეს ქალბატონი ლილი უნდა ყოფილიყო. როგორც კი მომიახლოვდა, გავბედე და შევაჩერე, - თქვენ ლილი ნუცუბიძე ბრძანდებით-მეთქი, ვკითხე... მე ნუნუ ვარ გაბუნია, - წარვუდგინე ჩემი თავი მისი დასტურის შემდეგ.


- ნუნუ გაბუნია? ასე ახალგაზრდა? ვერ დავიჯერებ... - მიპასუხა ლილიმ. კარგა ხანს ვუმტკიცებდი, რომ მე მე ვიყავი. ბოლოს კი მითხრა, -  მეც არ გამიკვირდა, ეს მეფისტოლა ქალი ვინ გამაჩერაო?!

აი, ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა და შემდეგ უკვე მეგობრობა.



დააბიჯებდა ქალაქის ქუჩებში, არ უცხოვრია მეფურად, მაგრამ დატოვა პოეზია,რომლის თითოეული სტროფი სიმღერაა და დააქვს ქარს ქუთაისის ქუჩებში მიმობნეული ფოთლებივით. დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან, ისინი სამუდამოდ იკავებენ ადგილს თითოეული ჩვენგანის გულში.



„შენს უბეში მშობლიური მიხმობს სითბო,

მომეძალა წარსულ დღეთა ნოსტალგია,

შენს ქუჩებში დადის ჩემი სიყვარული,

ქუთაისო, გელათო და სათაფლია.

ჩემო სისხლო, ჩემო ძვალთა საალაგო,

შენ მეფეთა სამყოფელი აკი გქვია,

საქართველოს გულთა გულო იმერეთო,

ქუთაისო, გელათო და სათაფლია!“

 

 

მოამზადა ნატო ყურაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია