დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლეჩხუმში "ლადოობა" აღნიშნეს
2017/10/17 23:01:21

15 ოქტომბერს ლადოს მშობლიურმა ლეჩხუმმა  "ლადოობა" აღნიშნა, წლევანდელი "ლადოობა" განსაკუთრებულია, რადგან ლადო იუბილარია, მას დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა,სტუმრებს მასპინძლობდა ლადო ასათიანის ერთადერთი ქალიშვილი, მანანა ასათიანი.


ლადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში, 1917 წლის 14 იანვარს პედაგოგების ოჯახში. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გახდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.პოეტის დედა ლიდა ცქიტიშვილი ქართული ენის პედაგოგი იყო. ვიღაცის დაბეზღებით ის დააპატიმრეს, ციმბირში გადაასახლეს და უცხო მხარეში გარდაიცვალა. ლადო ასათიანის პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა, გაზეთი დედას გაუგზავნა. იმ დროს პოეტის დედა უკვე მომაკვდავი იყო. გაზეთს არ აძლევდნენ, მაგრამ ქართველი პატიმრების თხოვნის შემდეგ წაუკითხეს შვილის ლექსი.
1938 წლიდან ლადო საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში.თბილისში გაიცნო ანიკო ვაჩნაძე და მალე დაქორწინდა.ისინი ერთმანეთს პირადად პოეტის უახლოესმა მეგობარმა ნიკა აგიაშვილმა გააცნო.


პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა ტუბერკულოზით. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. როცა თავს ცუდად გრძნობდა, აბასთუმანში მიდიოდა, ცოტა რომ მოკეთდებდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა. აღმართზე მისი სიარული არ შეიძლებოდა, ამიტომ მეუღლემ ამჟამინდელი პარლამენტის პირდაპირ, სასტუმრო ორიენტში იქირავა ოთახი. მათი ფანჯარა ლადო გუდიაშვილის სახლს უყურებდა. ერთხელ პოეტს უთქვამს, როგორ მინდა, ჩემი წიგნი ლადომ გააფორმოსო. ანიკოს ეს ამბავი ლადო გუდიაშვილის მეუღლისთვის უთქვამს. პოეტის ოცნება ასრულდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის გარდაიცვალა ლადო გუდიაშვილმა ლადო ასათიანის პორტრეტი სურათიდან დახატა და მის წიგნს წაუმძღვარა, მოგვიანებით კი პოეტის ერთტომეულიც გააფორმა.


1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“, რომელიც მისმა მეგობარმა ლადოავალიანმა გააფორმა მხატვრულად. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს, პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.

 

ლადოს და ანიკოს 1941 წელს შეეძინათ ქალიშვილი მანანა. ლადომ შვილს სახელი მანანა ორბელიანის პატივსაცემად დაარქვა. ლადოს ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი, მას ლექსი მიუძღვნა, უნდოდა ის კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანს, ნიკა აგიაშვილს და ლადო გუდიაშვილს მოენათლათ, თუმცა ლადომ თავის სიცოცხლეში ეს ვერ მოახერხა, მისი გარდაცვალების შემდეგ მანანა კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანის და ლადო გუდიაშვილის მეუღლეებმა მონათლეს. სიცოცხლის ბოლო წუთებში ლადო ქალიშვილს ეალერსებოდა, და ლექსის დაწერას ცდილობდა, სიკვდილის წინ მამას უხმობდა, თუმცა მოხუცმა მელქისედეკმა ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა, ისე რომ სიცოცხლეში თავისი წიგნის გამოცემით მონიჭებული სიხარული არ უგრძვნია. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 წლის შემდეგ, 1968 წელს პოეტი გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


  ლადოს პოეზია უკვდავია,მისი ლექსები იარსებებს მანამ,სანამ იარსებებს ქართველი ერი.

ბარდნალა

 რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი,

ჩემი ხორგო და მარანი,

ჩემი ცეცხლი და ღადარი,

სახლის წინ ნაგრიგალარი,

გაფითრებული ჭადარი,

ჩემი კავი და სახნისი,

ჩემი თონე და ბეღელი

და დედა, დიასახლისი,

ჯანღონე გაუტეხელი,

ჩემი პაწია ქოთანი,

დუღილით ნაქოთქოთარი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

ვარდებიანი ბარდნარი

და გუმარეშის ყანები!

თოხი პირგამოპირული,

გაციებული ბინული...

გახსოვს, ტყეები? ირიბად

ხეზე დაკრული თარჯები…

ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,

შეყვარებული დარჩები …

გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,

თევზაობა და აპრილი?

გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,

და ძლივს რომ მივაბიჯებდით,

სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით

მისგან დამთვრალი ბიჭები?

გახსოვს, ღვინიან შემოდეგს

აივანზე რომ შემოვდექ?

გახსოვს, აფთარი ზამთარი,

ან გაზაფხული - პირიქით?

გახსოვს, ამტყდარი ავდარი

და სარეწკელას ბილიკი?

გახსოვს, სოფელი ლარჩვალი

და მეწისქვილე დამხრჩვალი?

გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი

და ვარდიგორას ხანძარი

და დიდი გუჯუ ბატონი

თავისი ქამარ-ხანჯალით?

ხან ისე იყო, ხან ასე,

გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?

ეჰ, რა იქნება ხელახლა

დაიწყებოდეს თავიდან,

რაც დროის დენამ შელახა,

რაც დროსთან ერთად წავიდა!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

შენ, მამაჩემო, რად დარდობ,

რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, დედილო,

რომ ლექსი გამაბედვინო?!

რად არ ჭიხვინებს ვეება

ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?

ჰეი, ბავშვობის დღეებო,

დაბრუნდებოდეთ ნეტავი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი!

 

მოამზადა ნატო ყურაშვილმა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია